ირაკლი ღარიბაშვილი: ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზით, ეპიდსიტუაცია დამშვიდდება

ვერდიქტი: ტყუილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ბოლოს გვარწმუნებდა - „ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზით, ეპიდსიტუაცია დამშვიდდება“. მისივე განცხადებით, „ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე ორი მილიონი მოქალაქე უნდა იყოს აცრილი... რამდენიმე კვირა დაგვრჩა, რომ ყველამ ერთად გადავიტანოთ ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია, თუმცა იქამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს“.

ზაფხულიდან ქვეყანაში პრაქტიკულად უკონტროლო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. კოვიდით ყოველდღიურად ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია, რასაც ორი ძირითადი მიზეზი აქვს - პირველი, საყოველთაო ვაქცინაციის დაგვიანება და შემდგომ, უკვე შემოდგომაზე ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღია. და მეორე, ზაფხულის დასაწყისში შეზღუდვების ერთბაშად გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ მიშვება, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის მინიმალური ნაწილიც კი არ იყო ვაქცინირებული. ყოველივე აღნიშნულზე პასუხისმგებლობა - პირველ რიგში მთავრობას და მის მეთაურს, ამ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილის, ეკისრება.

23 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ გვქონდა ძალიან „აგრესიული“, შეიძლება ასეც ითქვას, აქტიური ვაქცინაციის კამპანია“. ფაქტები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. პრემიერ-მინისტრი იმასაც გვპირდებოდა, რომ ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს 2 მლნ აცრილი გვეყოლებოდა. 25 ოქტომბრის მონაცემებით, სულ 1,950,693 აცრაა ჩატარებული, აქედან - სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1,024,769 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.1 %-ია. სრულად ვაქცინირებულია 925,169 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.4% ს შეადგენს. აგვისტოს ბოლოს ქვეყანაში 1,184,306 აცრა იყო ჩატარებული და სულ მცირე 1 დოზით აცრილი 790,542 ადამიანი იყო, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.7%-ია. 25 ოქტომბრის მონაცემებით, სექტემბერ-ოქტომბერში ჯამში (მინიმუმ ერთი დოზით) მხოლოდ 234,227 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის პროცესი ამ ტემპით თუ გაგრძელდა, 7 თვეზე მეტი დასჭირდება, რომ მინიმუმ ერთი დოზით აცრილთა რაოდენობამ 2 მლნ-ს მიაღწიოს.

სექტემბერ-ოქტომბერში ეპიდაფეთქების გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, ვაქცინაციის ტემპი კი დაეცა. ამის მიუხედავად, პრემიერი ჯიუტად გვიმტკიცებს, თუ ეპიდსიტუაცია რაოდენ წარმატებულად მართეს და ასევე, როგორი აქტიური ვაქცინაციის კამპანია ჰქონდათ, ფაქტია, რომ დაპირებული „დამშვიდებული ეპიდსიტუაციის“ ნაცვლად ოქტომბერში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. აგვისტოს ბოლოს, 7 დღის (25-31 აგვისტო) საშუალო მაჩვენებლით COVID-19-ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3,827 იყო, გასული 7 დღის (19-25 ოქტომბერი) მონაცემებით ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი საშუალოდ 4,195-ია. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 14 დღის და ბოლო 7 დღის მაჩვენებელი 9%-ს აღემატება, ეს მაჩვენებელი აგვისტოს ბოლოსთვის დაახლოებით 10% იყო. ანუ დადებითობის მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და ვაქცინაციის ტემპი კრიტიკულად დაბალია, პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე მიიჩნევს, რომ „კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები, გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც, სავალდებულო უნდა გახდეს“. მაშინ, როდესაც ვაქცინა მრავალი სიცოცხლის გადარჩენის გზაა და მათი უსაფრთხოებაც მეცნიერულად დამტკიცებულია, პრემიერის აღნიშნული განცხადების მოტივი ბუნდოვანია და მსგავსი ნარატივი მხოლოდ ანტივაქსერულ განწყობებს კვებავს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი