2021 წლის 1 სექტემბერს ალტ-ინფოს ერთ-ერთ გადაცემაში, ალტ-ინტერვიუ, გიორგი ახვლედიანმა 5-6 ივლისის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე - მმართველი პარტიის მიერ ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებიდან“ გასვლაზე და ევროკავშირის დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ისაუბრა. მან ამ თემებთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური განცხადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახვლედიანის მიერ გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები, რიგ შემთხვევაში, ანალოგიურ თემებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ზუსტად ემთხვევა.

მტკიცება 1: სასამართლოს თავისუფლების ხარისხისთვის რომ სჯიდეს ევროკავშირი იქნება ეს თუ აშშ, თუ რომელიმე სხვა პარტნიორი ორგანიზაცია, თუ დონორი ორგანიზაცია თავის პარტნიორ პატარა სახელმწიფოებს. მერწმუნეთ, რომ 2003-12 წლებში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში ჩვენ 1 თეთრსაც ვერ მივიღებდით საერთოდ, სასამართლოს თავისუფლების ხარისხი რომ იყოს დაფინანსების მიცემა-არმიცემისათვის ამა თუ იმ ქვეყნისათვის

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირიდან მისაღები 150- მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს - 75 მლნ ევროს ოდენობით, აღარ მიიღებს. პრემიერ-მინისტრმა, ამ გადაწყვეტილების მიზეზად, საგარეო ვალის შემცირება და 2021 წლის პირველ კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაასახელა.

ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, 31 აგვისტოს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სპეციალური ბრიფინგი გამართა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“.

სწორედ, ზემოხსენებულ სესხზე და ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე საუბრისას, გიორგი ახვლედიანმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, მისი თქმით, „ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საეტაპო საქციელია ჩვენი ხელისუფლების, რომლის მსგავსიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში არავის უნახავს, როდესაც ასე პრინციპულად და ხისტადაც კი იგრძნობა, რომ ჩვენ სერიოზულად მივდივართ და დიდ ნაბიჯებს ვდგამთ ისეთ ქვეყანაში საცხოვრებლად, რომელსაც დამოუკიდებელი ქვეყანა ჰქვია და რომელსაც შეუძლია რაღაცა კრიტიკულ მომენტში, მნიშვნელოვან მომენტში უარი უთხრას თავის სტრატეგიულ პარტნიორებსაც კი, რომელთათვისაც უარის თქმა არავის გაუბედავს“.

მოგვიანებით, იგი წინა ხელისუფლების პერიოდის სასამართლო სისტემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „სასამართლოს თავისუფლების ხარისხისთვის რომ სჯიდეს ევროკავშირი იქნება ეს, თუ აშშ, თუ რომელიმე სხვა პარტნიორი ორგანიზაცია, თუ დონორი ორგანიზაცია თავის პარტნიორ პატარა სახელმწიფოებს, მერწმუნეთ, რომ 2003-12 წლებში, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში ჩვენ 1 თეთრსაც ვერ მივიღებდით საერთოდ, სასამართლოს თავისუფლების ხარისხი რომ იყოს დაფინანსების მიცემა-არმიცემისათვის ამა თუ იმ ქვეყნისათვის“.

საყურადღებოა, რომ განსახილველი განცხადების მსგავსი განცხადება 2021 წლის 17 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა. 12 ივლისს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნას, დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. სწორედ, ამ კრიტიკის საპასუხოდ, 17 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „2012 წლამდე სასამართლო პროკურატურის დანაყოფი იყო. მე, სამწუხაროდ, არც ამერიკის და არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს შესახებ არ მომისმენია“.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის გამოც, როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლება, დასავლელი პარტნიორების მხრიდან მუდმივად იმსახურებდნენ კრიტიკას.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ ზეწოლასა და სასამართლოს პროფესიონალიზმის ნაკლებობის შესახებ, ცნობები ასახულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშებში (მაგ: 2006, 2007, 2009 და ა.შ. წლების ანგარიშები). ამასთან, წინა ხელისუფლების ბოლო პერიოდში, დასავლელი პარტნიორების მხრიდან, სასამართლოსთან დაკავშირებული კრიტიკა გაიზარდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში სასამართლო ხელისუფლებაზე მთავრობის მხრიდან ზეწოლასა და პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულ პირებზეა საუბარი. დოკუმენტში განხილულია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებდნენ: დამოუკიდებლობის ხარისხზე, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებაზე, არასათანადო გამოძიებებზე, გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობაზე და ა.შ. ასევე, საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების წუხილზე სასამართლოში დანიშნული პირების არასათანადო გამოცდილებასა და გავლილ სწავლებასთან დაკავშირებით. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე კორუფციულ სახელმწიფო ინსტიტუტად არის მიჩნეული.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში გამოკვეთილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ხარვეზები კანონის უზენაესობაში, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის არარსებობა, სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს რეაგირების გარეშე ტოვებდა. ამავე ანგარიშში, კვლავაა საუბარი, რომ სასამართლო, იმ საქმეებში, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთებოდა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა.

ასევე, აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კონსტიტუციური გარანტიების არსებობის მიუხედავად, სასამართლო ხელისუფლებაში არსებული გარე გავლენების კვლავ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მსგავსად წინა წლისა, 2011 წლის ანგარიშშიცაა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებები მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესზე.

რაც შეეხება კრიტიკას ევროპიდან, მაგალითად გთავაზობთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ტომას ჰამარბერგის 2011 ანგარიშის მოკლე მიმოხილვას. დოკუმენტში კომისარი მიესალმება მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებს, თუმცა, ამასთან ერთად, მთელ რიგ გამოწვევებზეც საუბრობს.

ანგარიშში სასამართლოს საქმიანობაში არასათანადო ჩარევის გარანტიების შესაქმნელად, ხელისუფლების მხრიდან, შემდგომი ნაბიჯების განხორციელების საჭიროებაზეა ხაზი გასმული. დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოში არსებულ პოლიტიკურ გავლენებსა და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ.

საუბარია პროკურორების მხრიდან დარღვევებზეც. „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორები აღძრავენ ან აგრძელებენ სისხლისსამართლებრივი დევნას მიუხედავად პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული პროცედურული დარღვევებისა, სერიოზულ განხილვას მოითხოვს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებითაც. „კომისრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს სერიოზულ ხარვეზებზე, რომლებიც ჩრდილს აყენებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და სამართალწარმოებას ოპოზიციური აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ამ პირთა მიმართ წაყენებული ბრალი და საბოლოო გადაწყვეტილება“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ხსენებული ანგარიშები მოწმობს, რომ ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაში ჩარევის გამო, საქართველო, მისი დასავლელი პარტნიორების ყოველთვის აკრიტიკებდნენ. ამასთან, საყურადღებოა, რომ აქამდე, სასამართლოს რეფორმირების საკითხი, კონკრეტული ფინანსური დახმარების (სესხის) მიღების წინაპირობა არასდროს არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში, 2020 წლის 25 მაისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, 150 მლნ ევროს მეორე ნაწილის მიღების წინაპირობად საქართველოს მხრიდან სასამართლო სისტემაში გასატარებელი კონკრეტული ნაბიჯები განისაზღვრა, რომელიც ქართულმა მხარემ ვერ შეასრულა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი ახვლედიანის მტკიცება არის მეტწილად მცდარი. მისი მტკიცებით, აშშ და ევროკავშირი სასამართლო ხელისუფლების გამო წინა ხელისუფლებას არ აკრიტიკებდნენ. სტატიაში განხილული ანგარიშები მოწმობს, რომ სასამართლო სისტემაში ჩარევებისა და მასზე ზეწოლის გამო, საქართველო ყოველთვის იმსახურებდა კრიტიკას.

რაც შეეხება დაფინანსების მიცემა-არმიცემის საკითხს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ, 2020 წელს ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების მიღების წინაპირობად, სასამართლო სისტემის რეფორმირების კონკრეტული ნაბიჯები განისაზღვრა. შესაბამისად, მოცემული შემთხვევის განზოგადება არასწორია, რადგან სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხი, ყოველთვის იყო ქართული დემოკრატიის ყველაზე პრობლემური ნაწილი, თუმცა აქამდე, იგი კონკრეტული დახმარების მიღების წინაპირობად არ ყოფილა განსაზღვრული.

მტკიცება 2 - მიზეზი იმისა, თუ რატომ ვისჯებით ახლა ჩვენ [იგულისხმება, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის არ მოცემა], არის ის, რაც ხდებოდა თითქმის მთელი გაზაფხულის განმავლობაში, როდესაც ღიად, ყოველგვარი ენის მოჩლექვის და შეფარვის გარეშე ჩვენი ევროკავშირის პარტნიორები, აშშ-დან კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტარები ღიად უკვე მოგვიწოდებდნენ.. კი არ მოგვიწოდებდნენ, უკვე ითხოვდნენ კატეგორიულად ჩვენგან, რომ საქართველოში ჩატარებულიყო გეი-პრაიდი

ვერდიქტი: ტყუილი

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება გამოეყო მაკროფინანსური დახმარება გაფართოების და სამეზობლოს ქვეყნებისათვის COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დასახმარებლად. აღნიშნული გადაწყვეტილებით უშუალოდ საქართველოსათვის გამოყოფილმა რესურსმა 150 მლნ ევრო შეადგინა. აღნიშნული რესურსიდან პირველი ტრანში 75 მლნ ევროს ოდენობით თითქმის უპირობოდ [1] იქნა გამოყოფილი შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისთანავე და ის საქართველომ უკვე აითვისა.

ასათვისებელი რესურსის მეორე ნაწილის ასევე 75 მლნ ევროს გამოყოფის წინაპირობად კი გაცილებით მკაცრი კრიტერიუმები იქნა დადგენილი ჯერ კიდევ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. კერძოდ სხვა ნაკლებად პრობლემურ და შედარებით მარტივად დაკმაყოფილებად პირობებთან ერთად, მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობად მემორანდუმში მითითებულ იქნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული მახასიათებლები.

2020 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება, სასამართლო სისტემის რეფორმების შესახებ 2017 და 2019 წლებში მიღებული ორი პაკეტის შესაბამისად, იღებდა შემდეგ ვალდებულებებს:

ა) გააძლიერებს გამჭვირვალობას და დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევის კრიტერიუმებს პირველადი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას, კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასაბუთების გამოქვეყნებით, ერთიანობისა და კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით;

ბ) წარუდგენს პარლამენტს კანონპროექტს უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის N949/2019 დასკვნის შესაბამისად, რომელიც ეხება დანიშვნისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენის დასაბუთების საჭიროებას;

გ) თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში ამჟამად არსებული წესების ფარგლებში დანიშვნების განხორციელებისაგან;

დ) მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც განახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას 2019 წლის ივნისიდან, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესის შემუშავებით.

საყურადღებოა, რომ მემორანდუმით განსაზღვრული სასამართლო სისტემის ნაწილში არსებული მოთხოვნები, მოგვიანებით ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტშიც“ უცვლელად აისახა.

„ბ“ პუნქტის შინაარსთან მიმართებით, კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მისაღები კანონპროექტის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ის ჯერ კიდევ „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერამდე შესრულდა და ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო. კანონპროექტი („საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე), რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას ეხება და რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიუთითებენ, პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, დაჩქარებული წესით და ერთხმად (86 ხმით) მიიღო. ხაზგასასმელია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერამდე და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა კრიტიკული პოზიციები დააფიქსირეს. 7 აპრილს ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებებისკენ მიმართულ ინიციატივას, თუმცა კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე, კანონმდებლობის ნაჩქარევად შეცვლის გამო, იმედგაცრუებულია. ევროპის კავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება, თუ - არა მიღებული შესწორებები, მის წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა კანდიდატის მიმართ. საყურადღებოა, რომ სწორედ ზემოხსენებული კრიტიკის შემდეგ, 8 აპრილს პარლამენტმა უკვე მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიას საბოლოო რევიზიისთვის გადაუგზავნა.

28 აპრილს ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებს, რადგან ამ ცვლილებებში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციაა ასახული. ამის მიუხედავად, კომისიას მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ, არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის მიღებაზეც საქართველომ დამატებით უნდა იმსჯელოს. ამის გათვალისწინებით, ვენეციის კომისიამ 3 საკვანძო რეკომენდაცია გასცა. მათი შეფასებით, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება. ამასთან, მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ შემთხვევებზე. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ 1 აპრილს მიღებულმა კანონპროექტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ძველი კანონმდებლობის პირობებში დაწყებულ კონკურსში, ახალი კონკურსანტების მხრიდან დამატებით განცხადებების მიღების შესაძლებლობა გააჩინა, ვენეციის კომისიამ კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობის თავიდან ასარიდებლად, პროცედურის ჩატარების თავიდან დაწყებაზე მიუთითა.

5 აპრილს, მიღებული ცვლილებების ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად - პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, დამატებითი განცხადებების მიღება გამოაცხადა. დამატებით ვადაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა, მხოლოდ სამმა კანდიდატმა მიმართა. საყურადღებოა, რომ ვენეციის კომისიის ზემოხსენებული რეკომენდაციების მიუხედავად, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი თავიდან არ დაწყებულა.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად, 12 ივლისს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა (აღნიშნულ თემაზე უფრო დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

პარლამენტის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 14 ივლისს ევროკომისიის პრეს-სპიკერმა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს ეწინააღმდეგება. პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ვალდებულებების შესრულება საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობაა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი ახვლედიანის განცხადება არის ტყუილი. განსახილველი მტკიცებით გიორგი ახვლედიანი ცდილობს ფაქტების დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იგი ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის ვერ მიღებას 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. მისი თქმით, დასავლეთმა საქართველო იმის გამო „დასაჯა“, რომ საქართველოში გეი-პრაიდი არ ჩატარდა.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღების წინაპირობად, სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ჯერ კიდევ 2020 წლის 25 მაისს მემორანდუმზე ხელმოწერისას განისაზღვრა, თუმცა მმართველ გუნდს ეს ნაბიჯები არ გადაუდგამს და ამიტომაც, საქართველომ დახმარების მეორე ნაწილის მიღებისთვის საჭირო წინაპირობები ვერ დააკმაყოფილა. აღნიშნული მოწმობს, რომ დახმარების მეორე ნაწილის ვერ მიღებას კავშირი არ აქვს 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან.

მტკიცება 3 - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში სწორედ გამოხატვის უფლებაზეა საუბარი, სადაც წერია, რომ, რა თქმა უნდა, გამოხატვის უფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ადამიანის უფლება, მაგრამ თუ გამოხატვის უფლება სახელმწიფოში ქმნის დესტაბილიზაციის, სახელმწიფოს უსაფრთხოების პრობლემის კონტექსტში წარმოჩნდება, თუ ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობა დაზარალდეს, მორალს თუ ეწინააღმდეგება, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული, მაშინ ეს ადამიანის უფლება, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის გამოხატვის უფლება, უნდა შეიზღუდოს - ეს გარკვევით წერია შავით თეთრზე... ყველა ამ მიმართულებას ეს გამოხატვის უფლება, რომელსაც გამოხატვის უფლებაზე მეტად გარყვნილების პროპაგანდირება ჰქვია, [არღვევს].

ვერდიქტი: მანიპულირება

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლებას იცავს. მე-11 მუხლით კი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაა განმტკიცებული. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. იმავე მიდგომას იზიარებს მე-11 მუხლის მე-2 ნაწილიც.

მე-14 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციით გაცხადებული უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად. ხოლო მე-18 მუხლით დაუშვებელია ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინი არის გათვალისწინებული.

როგორც, კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლებიდან ჩანს, გამოხატვისა და შეკრების უფლებათა შეზღუდვის საფუძველი მორალის, სხვათა უფლებების ან ღირსების დაცვა შეიძლება იყოს. სწორედ, აღნიშნულ ჩანაწერს ემყარება გიორგი ახვლედიანის მანიპულაცია.

სექსუალური უმცირესობათა შეკრების უფლების შეზღუდვის, ფართოდ გავრცელებულ ერთ-ერთ საფუძველს მორალის დაცვა წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლგბტ თემისთვის შეკრების უფლების მუდმივი შეზღუდვის კონტექსტში, უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ზნეობის დაცვის“ არგუმენტი არ გაიზიარა და დისკრიმინაციულად მიიჩნია. საქმეში „ბაიევი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, სახელმწიფოს არგუმენტაციის თანახმად, „ჰომოსექსუალობის ღია გამოვლინება იყო შეურაცხყოფა იმ ჩვეულებების მიმართ, რომლებიც გავრცელებულია რუსების რელიგიურ და თუნდაც არარელიგიურ უმრავლესობაში და ზოგადად განიხილებოდა, როგორც დაბრკოლება, ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დანერგვისათვის“. სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როცა წევრ სახელმწიფოთა შორის, მორალური და ეთიკური საკითხებთან დაკავშირებით, შეთანხმებული და ერთიანი გაგება არ არსებობს, ევროპული სასამართლო ამ ტერმინების ფართო გაგებას აღიარებს. თუმცა, მოცემულ საქმეში, სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს მკაფიო ევროპული კონსენსუსი იმ პირთა უფლებების აღიარებასთან დაკავშირებით, რომლებიც ღიად აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს როგორც გეი, ლესბოსელი ან სხვა სექსუალური უმცირესობა და ხელს უწყობენ საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებს. შესაბამისად, მათთვის შეკრების და გამოხატვის უფლებების შეზღუდვა მორალის დაცვის არგუმენტით არ შეიძლება გამართლდეს, რადგან უფლებათა კონვენციის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ადამიანთა თვითგამოხატვა და საკუთარი იდენტობის რეალიზება არ შეიძლება ამორალურ ქმედებად ჩაითვალოს. დამატებით, სასამართლო განმარტავს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ოჯახთან მიმართებით ხშირად იზიარებენ იმ მორალს, რომელიც მათ საზოგადოებაშია დამკვიდრებული.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შეკრების და გამოხატვის უფლების შეზღუდვა, მხოლოდ მაშინ არის ლეგიტიმური, როცა სახელმწიფოს მხრიდან ყველა სხვა მოქმედება განხორციელდა და ამის მიუხედავად, დაპირისპირების საფრთხე რეალური და მყისიერია. ამასთან, უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონტრდემონსტრაციისგან მომდინარე ძალადობის საფრთხემ არ შეიძლება მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა გადაფაროს და სახელმწიფო ვალდებულია, მის ხელთ არსებული ყველანაირი საშუალების გამოყენებით დემონსტრანტთა შეკრება დაიცვას. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოების მორალის დაცვის მოტივით, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების მიზნებთან შესაბამისობაში არაა (აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, გიორგი ახვლედიანის მტკიცება, რომ უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების საფუძველზე, საზოგადოებრივი წესრიგის და მორალის დაცვის მოტივით, შესაძლებელია სექსუალური უმცირესობათა შეკრების უფლების შეზღუდვა, არის მანიპულირება.

მტკიცება 4: რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, მე პირდაპირ ასე ვერ მივაბამდი ამ 75 მილიონს [საუბარია, ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე] და რატომ - რაიმე ბმა რომ ყოფილიყო შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით ამ 75 მილიონის პრობლემა, მაშინ რაღაცა ფორმით მოვისმენდით და გავიგებდით შარლ მიშელისაგან, მისი წარმომადგენლებისაგან, ევროკავშირის ხელმძღვანელობისაგან . . . თუ ძალიან არ მინდა და პოლიტიკური ინტერესი არა მაქვს, რომ გინდა თუ არა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას დავაბრალო 75 მილიონის არმოცემა, მოცემულობა და შარლ მიშელის განცხადება ამის მოცემულობას არ მაძლევს

ვერდიქტი: მცდარი

2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა. პარტიებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან გეგმას, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის დასრულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა.

შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი თავი კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას ეთმობა. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დოკუმენტის სასამართლოსთან დაკავშირებული პუნქტები, 2020 წლის 25 მაისს ევროკავშირთან გაფორმებული მემორანდუმის იმ პუნქტების იდენტურია, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის (75 მლნ ევრო) მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. შესაბამისად, დახმარების მიღების საკითხი ავტომატურად გახდა ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ შესრულებაზე დამოკიდებული.

2021 წლის 28 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა. ამის მიზეზად, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეთანხმებაზე ენმ-ს მიერ ხელის არ მოწერა დაასახელეს.

29 ივლისს ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმის დღის წესრიგის წინსვლისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევას - ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხალხის სასარგებლოდ. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და გამოიჩინონ ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის მიმართ. ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში რიგ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება.

2021 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის, არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შესახებ, განცხადება შარლ მიშელმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ხაზი გაუსვა რეფორმების საჭიროებას. მისივე თქმით, საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და „დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება [19 აპრილის] შეთანხმებისა და რეფორმების დღის წესრიგის მიმართ“.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გიორგი ახვლედიანის მტკიცება, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებას ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტთან“ კავშირი არ აქვს, არის მცდარი.

მტკიცება 5: შარლ მიშელმა თქვა ასეთი რამე - კი, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დოკუმენტი ანულირდა, რომ სამწუხაროდ აქამდე მივიდა საქმე, მაგრამ მან იქვე საკმაოდ მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ რომ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, ეს დოკუმენტი იყო ფაქტობრივად უფუნქციო იმის გამო, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა, ყველაზე დიდი მხარდაჭერით - სამწუხაროდ ეს რეალობაა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამან ბუნებრივია, ამ დოკუმენტი ფარატინა ქაღალდად ქცევას სერიოზულად შეუწყო ხელი

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 28 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა. ამის მიზეზად, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეთანხმებაზე ენმ-ს მიერ ხელის არ მოწერა დაასახელეს.

29 ივლისს ქართული ოცნების 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს შეთანხმება განაგრძობს ევროპული გზის შეთავაზებას საქართველოში უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობისკენ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე, შარლ მიშელის თქმით, მან შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერა თანაბარმნიშვნელოვან ფაქტორად განიხილავს. მან ყველა მხარეს მოუწოდა, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და გამოიჩინონ ერთგულება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლის მიმართ. ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში.

როგორც განცხადებიდან ჩანს, შარლ მიშელი პარტიებს კვლავ მოუწოდებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ. ამასთან, იგი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს „ქართული ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლასა და ენმ-ს მხრიდან შეთანხმებაზე ხელის არ მოწერას. აღნიშნულის მიუხედავად, გიორგი ახვლედიანის მტკიცება, რომ თითქოს შარლ მიშელმა შეთანხმების შეუსრულებლობის მთავარი ბრალეულობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადაიტანა, არის მანიპულაცია. გიორგი ახვლედიანი, ცდილობს, ენმ-ს მხრიდან შეთანხმებაზე ხელის არ მოწერით, ქართული ოცნების ქმედება გააუბრალოოს და სურათი ისე დახატოს, თითქოს თავად შარლ მიშელიც 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლაში მთავარ დამნაშავედ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიიჩნევს.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი