ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილმა პოზიცია შეიცვალა.

ანალიზი

24 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თელავში წინასაარჩევნო შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ის, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს. მისი განმარტებით, სწორი არა მოქალაქეების იძულება, არამედ დარწმუნებაა, რომ ვაქცინაცია ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალია. „უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში. ეს მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური შედეგია“, - განაცხადა მან.

დაახლოებით 2 თვის წინ პრემიერ-მინისტრს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. 13 აგვისტოს ლაგოდეხში, მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას, ღარიბაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისი მოქალაქეებისთვის აცრას სავალდებულოს ხდის, ამის გაკეთება კი საქართველოსაც მოუწევს. „ამერიკა საკუთარი მოქალაქეებისთვის სავალდებულოს გახდის ვაქცინების მიღებას, შესაბამისად, ჩვენ გვინდა, თუ - არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ ამის თავის დაზღვევის მიზნით, საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე თვლის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები, გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც, სავალდებულო უნდა გახდეს.

რედაქტორის შენიშვნა: 13 აგვისტოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ პრემიერი, აგვისტოში სიტყვით გამოსვლისას, ფრაზაში, "ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ამის გაკეთება მოგვიწევს" არ გულისხმობდა ვაქცინაციის პროცესის სავალდებულოობას.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი