ეკონომიკური ზრდა

2021 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა რიცხობრივად ბოლო ოცწლეულის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. კერძოდ, ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შორეულ 2007 წელს დაფიქსირდა, პრეპანდემიურ წლებში კი საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ მხოლოდ 4.9%-ით იზრდებოდა, რაც განვითარებადი ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელია.

შესაბამისად, ერთი შეხედვით 12%-იანი ზრდა მართლაც კარგ შედეგად ჩანს და ცალკე აღებული ერთი პერიოდისათვის თითქოს საკმარისად მაღალიცაა, თუმცა შინაარსობრივი მხარე განსხვავებულია. კერძოდ, ამ მასშტაბის ზრდის განმაპირობებელი რეალური მიზეზი, რაც მომდევნო წლებისთვისაც ოპტიმიზმის საფუძველს შექმნის, სახეზე არ არის და ის დიდწილად 2020 წელს დაფიქსირებული 6.2%-იანი შემცირების გამოძახილია.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6.2%-ით შემცირდა (აღნიშნული რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია). 1995 წლიდან დღემდე ეს არის ეკონომიკის ყველაზე დიდი კლება, რაც საქართველოში დაფიქსირებულა. მკაცრი შეზღუდვების უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით მაღალი სწორედ 2020 წლის პირველ ნახევარში იყო. შესაბამისად, ამ პერიოდთან შედარებით ორნიშნა ზრდის მიღწევას, არსებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნის პირობებში, უფრო არითმეტიკული/ტექნიკური მიზეზი აქვს, ვიდრე შინაარსობრივი. ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის ეკონომიკური მდგენელებიცაა, როგორიცაა ეკონომიკური აქტივობის ზრდა პარტნიორ ქვეყნებში, რაც ქართულ ეკონომიკაზეც დადებითად აისახება, ისევე როგორც ადგილობრივად გარკვეული გამოცოცხლება. თუმცა ორნიშნა ზრდა რეგულაციების შედეგად დროებით შეჩერებული აქტივობის აღდგენის ეფექტით არის განპირობებული. რეალურად, პრეპანდემიურ 2019 წელთან შედარებით, ზრდა მხოლოდ 5%-ს შეადგენს, რაც იმავე ფარგლებშია, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო პრეპანდემიურ წლებში ფიქსირდებოდა.

შედარებით მაღალ ზრდას ნაწილობრივ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც ახალისებს, რაც შეიძლება ერთი მხრივ დადებით გავლენად ჩანდეს, თუმცა მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის არ გაწირვის ფასი გაზრდილი ფასების დონეა. იმ პირობებში, როცა ეკონომიკური ზრდის დადებითი გავლენა მოქალაქეების ყოველდღიურობაზე დროში დაყოვნებით აისახება, გაზრდილი ფასების უარყოფითი ეფექტი კი მყისიერად, საჭიროზე რბილი მონეტარული პოლიტიკის გატარება - საუკეთესო არჩევანი, სავარაუდოდ, არ არის.


ინფლაცია

2021 წლის პირველი 9 თვის მდგომარეობით, საქართველოში ინფლაციის დონე 12.3%-ია. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდას მსგავსი ნიშნულისთვის 2011 წლის მაისის შემდგომ არ მიუღწევია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა რამდენიმე ეტაპად გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა, აღნიშნული სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის შესაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. პოლიტიკის გამკაცრების გავლენა ამ დროისათვის სრულად ასახული არ არის და სავარაუდოა, რომ მისი ეფექტი სრულად მეოთხე კვარტალში და 2022 წლის პირველ კვარტალში აისახება, თუმცა იმის თქმა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები არ იყო საკმარისად მკაცრი, შესაძლებელია. ფასების დონის ზრდისკენ მიმართული წნეხის არსებობის პირობებში, უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება გამართლებული იქნებოდა, რაც ერთი მხრივ, ეკონომიკურ ზრდას შეანელებდა, თუმცა მეორე მხრივ, ფასების დონის ზრდის მასშტაბს შეამცირებდა.

მართალია, მიზეზისგან აბსტრაგირებით, ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდება, თუმცა ეკონომიკური ზრდით გამოწვეული სიკეთეების გადაცემა მოსახლეობის ფართო, განსაკუთრებით ნაკლებად შეძლებულ, ფენებზე, მყისიერად არ ხდება. კოვიდპანდემიური კრიზისის ფონზე ორნიშნა ინფლაცია კი - მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მყისიერად და კრიტიკულად მძიმედ აისახება. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა განსაკუთრებით მაღალი ისეთ ჯგუფებშია, როგორიცაა სურსათი (15.9%), რაც განსაკუთრებულად მძიმედ ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებს ეხება, რადგან მათი შემოსავლების უფრო მაღალი წილი იხარჯება კვებაზე, ვიდრე დანარჩენი მოქალაქეების შემთხვევაში. საკვებთან ერთად ფასების დონე ტრანსპორტის (20%) ჯგუფშიც არსებითად არის გაზრდილი.


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, თუ 2020 წელს ეს მაჩვენებელი ისედაც რადიკალურად იყო შემცირებული, მიმდინარე წელს კიდევ უფრო შემცირდა და პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, მხოლოდ 366.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თავის მხრივ - 2020 წლის პირველი 6 თვის მონაცემებზე 10.9%-ით ნაკლებია [1]. აღნიშნული მაჩვენებელი 2018-19 წლის მონაცემებს 1.5-2-ჯერ ჩამოუვარდება, ხოლო თავის მხრივ, 2018-19 წლის მონაცემები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2015-2017 წლებში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ 2021 წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 366 მილიონი აშშ დოლარიდან 263 მილიონი რეინვესტირებაზე [2] მოდიოდა, 42.3 კი - ინესტიციებად კლასიფიცირებას მიკუთვნებული ვალი და კრედიტები. ეს იმას ნიშნავს, რომ 6 თვის მანძილზე ახალი ინვესტიცია ქვეყანაში მხოლოდ 61.3 მლნ აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ პანდემიური კრიზისის ფონზე ინვესტირება არა მხოლოდ საქართველოშია შემცირებული, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ამ მიმართულებით ვითარება პრეპანდემიურ პერიოდშიც მძიმე იყო და ინვესტირების მაჩვენებელი არსებითად მცირდებოდა. ამ ფონზე აუცილებელია, აღინიშნოს მსხვილი საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელთაგან ერთი ხელისუფლების მიზანმიმართულმა ქმედებებმა მიიყვანა ჩავარდნამდე, მეორე კი - ხელისუფლებისვე უმოქმედობამ.


სახელმწიფო ვალი

სახელმწიფო ვალი [3] - 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, 31.05 მლრდ ლარს შეადგენს [4], რაც 2021 წლის მოსალოდნელი მშპ-ს 54%-ია. გეგმური მაჩვენებლების თანახმად, 2021 წლის ბოლოსათვის მთავრობის ვალიც 60%-იან ნიშნულზე დაბლა შენარჩუნდება, რაც ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად არის განსაზღვრული. თუმცა აღნიშნული გეგმის რეალიზება დიდწილად არის ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასა და ეკონომიკური ზრდის ტემპზეა დამოკიდებული. მიმდინარე ზრდის ტემპი და ვალუტის კურსის ტენდენცია იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მოცემული მიმართულებით გადახრა მოსალოდნელი წლის ბოლომდე არ არის და მთავრობის ვალის ფარდობა გეგმური ზღვრების ფარგლებში შენარჩუნდება.

სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი, მათ შორის დოლარის გლობალური გამყარების გავლენის შედეგად, არც პანდემიამდე იყო დაბალი (42% - 2019 წელს), თუმცა საგანგაშო ნიშნულს არ წარმოადგენდა. პოსტპანდემიურ პერიოდში კი, დაგროვილი ვალდებულებების მომსახურების უნარის შესანარჩუნებლად, სტაბილური ეკონომიკური განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. მით უმეტეს, ვალუტის კურსის შესაძლო მერყეობის პირობებში, როგორც ფარდობითი მაჩვენებლის, ასევე ვალის მომსახურების ტვირთის (საბიუჯეტო წნეხი) არსებითი ზრდის რისკი რეალურია და ახალი ვალდებულებების აღების რესურსიც შეზღუდული დარჩება.


დასაქმება

2021 წლის II კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე საქართველოში ოფიციალურად 22.1%-მდე გაიზარდა. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის, უკვე გაზრდილ, II კვარტლის 18.3%-იანი ნიშნული კიდევ უფრო გაუარესდა. დასახელებული მაჩვენებელი საქართველოსთვისაც კი, სადაც უმუშევრობის დონე ისტორიულ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან მაღალია.

პრეპანდემიურ პერიოდშიც კი, „ქაღალდზე“ უმუშევრობის დონის შემცირება არა დასაქმების ზრდის (სასურველი ფაქტორი), არამედ ე.წ „იმედდაკარგული მუშახელის“ ოდენობის ზრდით (არასასურველი ფაქტორი) იყო გამოწვეული. ანუ უმუშევრობის დონე „ქაღალდზე“ იმ ადამიანების ხარჯზე მცირდებოდა, ვინც დიდხნიანი უშედეგო ძებნის შედეგად, სამუშაოს ძებნა შეწყვიტა და ამ მიზეზით უმუშევრად აღარ ითვლება. უშუალოდ მონაცემების თვალსაზრისით, სამუშაო ძალისა და დასაქმებულთა ოდენობა 2016-2019 წლებში - შესაბამისად 102.8 ათასით და 12.6 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე კი უმუშევრობის დონე 21.9%-დან 17.6%-მდე შემცირდა.

უშუალოდ 2021 წლის II კვარტალში, 2020 წლის II კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 23 ათასი ადამიანით არის შემცირებული. უმუშევრობის დონემ კი როგორც აღინიშნა, 22.1% შეადგინა, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 3.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილება გარკვეულწილად ალოგიკურია, რადგან 2021 წლის II კვარტალში ეკონომიკური აქტივობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცილებით მაღალია. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა სტატისტიკას გარკვეული გაუმჯობესება და არა გაუარესება აესახა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მეთოდოლოგიური მიზეზით, 2020 წლის ეკონომიკურად მძიმე მეორე კვარტალში, უმუშევართა რაოდენობა ოფიციალურ მაჩვენებელში სრულად ვერ აისახა და 18.3%-იანი ნიშნული - რეალურად, არსებულ უმუშევრობის მასშტაბს შემცირებულად ასახავდა. აღნიშნული მიზეზის არსებობას დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც.

შესაბამისად, ზუსტად თქმა 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მდგომარეობა მართლაც გაუარესდა, თუ - არა, შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ ამ ეტაპზე შრომის ბაზარს პანდემიამდე, 2019 წელს არსებული მდგომარეობისათვის ჯერაც არ მიუღწევია. 2019 წლის II კვარტალთან შედარებით, 2021 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა ჯერაც 101 ათასი ადამიანით ნაკლებია. ამავდროულად, უმუშევართა ოდენობა 70 ათასი ადამიანით, უმუშევრობის დონე კი 4.8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. სწორედ შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, რომელიც გაცილებით უარესია პრეპანდემიურ პერიოდთან მიმართებაში, უსვამს ხაზს ხელისუფლების წარმომადგენელთა თვითკმაყოფილებისა და ეკონომიკური გაჯანსაღების ტემპებზე გაკეთებული განცხადებების აბსურდულობას.


საგარეო ვაჭრობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში პირველი 9 თვის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაიზარდა, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კუთხითაც. კერძოდ, ექსპორტი გაიზარდა 24%-ით და მან 2.931 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 21.6%-ით, თავის მხრივ იმპორტი აბსოლუტურ რიცხვებში 7 მლრდ აშშ დოლარის ტოლია.

2020 წელს იმპორტის მკვეთრი შემცირება იმით იყო განპირობებული, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, ხოლო 2021 წელს იმპორტის მკვეთრი ზრდა იმის ნიშანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ადგილობრივი მოხმარება გაზარდა. ამავდროულად, ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში პანდემიური ვითარების შედარებით სტაბილიზაცია და ეკონომიკური გამოცოცხლება, დადებითად მოქმედებს.

[1] გასათვალისწინებელია, რომ 2020 წლის დასაწყისში პანდემიის შედეგების ასახვა ეკონომიკურ აქტივობაზე არ ყოფილა ისეთივე სიღრმისეული როგორც მომდევნო პერიოდში

[2] საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების მიერ მიღებული მოგების საქართველოშივე „ჩაბრუნება“ ბიზნესში.

[3] სიდიდე განსხვავდება ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის მიზნებისათვის გაანგარიშებადი სიდიდის - მთავრობის ვალისაგან - რომლის ზედა ზღვრად კანონითვე განსაზღვრულია 60%-იანი ნიშნული.

[4] მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ვალის შესახებ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ე.წ „ისტორიულ ვალს“ რომლის ოდენობა დაუზუსტებელია, თუმცა საორიენტაციოდ შეადგენს 672 მლნ ლარს.

ავტორები:

ვალერი კვარაცხელია

ზურაბ მაისაშვილი


მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი