„საარჩევნო კოდექსში“ მიმდინარე წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კრწანისის საარჩევნო ოლქში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები ხმის მიცემის საპილოტე პროგრამით ჩატარდება. პროგრამის ფარგლებში, ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კერძოდ, ამომრჩევლები არჩევანს კვლავ საარჩევნო ბიულეტენზე დააფიქსირებენ, თუმცა ხმების დათვლა ელექტრონული აპარატის მეშვეობით მოხდება.

საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. ამომრჩეველთა რაოდენობა კრწანისის საარჩევნო ოლქში, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ, 41 314-ს შეადგენს.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველზე გაიცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელიც დაყოფილია სამ სვეტად. პირველ სვეტში შეტანილია პარტიების სახელწოდებები დადგენილი რიგითობის შესაბამისად; მეორე სვეტში შეტანილია არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატების რიგითი ნომერი, სახელი, გვარი და წარმდგენი სუბიექტი; მესამე სვეტში შეტანილია მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომერი, სახელი, გვარი და წარმდგენი სუბიექტი.

აღსანიშნავია, რომ ფურცელს ექნება თავისი შტრიხ და QR კოდები, რაც კიდევ უფრო მეტ დაცულობას უჩენს თითოეულ ამომრჩეველს და ხმის დათვლის პროცესს.

ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში სპეციალური მარკერით საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის სვეტში მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი საარჩევნო სუბიექტის წინ არსებული წრე უნდა გააფერადოს. ხმის მიცემის ფარულობის მიზნით, ამომრჩეველმა კენჭისყრის კაბინაში შევსებული საარჩევნო ბიულეტენი სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში უნდა მოათავსოს, რასაც შემდგომ ხმის დათვლის სპეციალურ აპარატში მოათავსებს. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი, ხმის დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით, საარჩევნო ყუთში აღმოჩნდება, ამომრჩეველი სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე დებს და საარჩევნო უბანს ტოვებს.

დღის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ხმის მიცემა შეწყდება, აპარატი ღილაკის დაჭერის მეშვეობით მონიტორზე იმ შედეგებს აჩვენებს, რაც მთელი დღის მანძილზე იმ საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა დააფიქსირა. ელექტრონული აპარატის მეშვეობით დათვლის შემდეგ, ხმების დათვლის პროცესი ჩვეულებრივ, ხელით წარიმართება.

იმ შემთხვევაში, თუ ხმის დამთვლელ აპარატს ტექნიკური პრობლემა აღმოაჩნდა, მაგალითისთვის, ბიულეტენი არ მიიღო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უნდა შეაჩეროს ხმის მიცემის პროცესი და აცნობოს საოლქო კომისიას. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ხმის დათვლის სპეციალური აპარატით კენჭისყრის გაგრძელება, კომისია ადგენს აქტს აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.

ვინაიდან ხმის მიცემის პროგრამა საპილოტეა, მისი ადმინისტრირების გამართულობის მიზნებიდან გამომდინარე, 22 სექტემბერს კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები უკვე გაიმართა.

„იმისთვის, რომ ორ ოქტომბერს დაგეგმილი პილოტი იყოს ადმინისტრირების თვალსაზრისით გამართული და ყველა რისკი იყოს დაზღვეული, დღეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები/კენჭისყრა იმართება. ძირითადი პოზიტიური ნოვაცია ამ ნაწილში რაც გვაქვს, არის ის, რომ 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, სულ რაღაც 1 ღილაკზე ხელის დაჭერით, რამდენიმე წუთში გვექნება ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე პროექტის განსახორციელებლად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური სწავლება გაიარეს. პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით, საპილოტე პროექტისთვის გათვალისწინებული პროცედურული სიახლეების ჭრილში, კომისიების წევრები საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ტექნიკას გაეცნენ, ასევე - კენჭისყრის დღის განცხადებების/საჩივრების წარდგენის წესსა და რეაგირების მექანიზმებს.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების პროცესში ელექტრონული საშუალებების გამოყენების დანერგვას პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვან ცვლილებად მიიჩნევენ. მათი აზრით, ამით თავიდან აიცილებენ ე.წ. კარუსელებს, ბიულეტენების უბნის გარეთ გატანას თუ ხმების დათვლისას არასწორი მონაცემების შეყვანას ოქმში.

საარჩევნო პროცესი არაერთ ქვეყანაშია პრაქტიკულად სრულად ავტომატიზებული, მაგალითად: კანადაში, ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ესტონეთში, თუმცა, განსხვავებულია ტექნოლოგიები, რომლებსაც ეს ქვეყნები იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ საპილოტე ელექტრონული არჩევნები საქართველოში აქამდეც ჩატარებულა: ცაიშის საარჩევნო ოლქში - 2018 და წყალტუბოსა და ტყიბულში - 2019 წელს. ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ხმის დათვლის აპარატით მიღებული შედეგები ექსპერიმენტული იყო და იურიდიული ძალა მხოლოდ კომისიის წევრების მიერ ტრადიციული მეთოდით დათვლილ შედეგებს ჰქონდა. 2019 წელს, ცაიშში გაკეთებულ დასკვნებზე დაყრდნობით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ტყიბულისა და წყალტუბოს 4-4 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი მეორედ განხორციელდა.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი