ნათია თურნავა: „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ფრეზერის ინსტიტუტი ყოველ წლიურად აქვეყნებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, რომელსაც 5 კომპონენტის მიხედვით აფასებს, ყოველწლიურად აქვეყნებს. ამ ხუთი კომპონენტიდან საქართველომ 2021 წელს ფრეზერის ინსტიტუტის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც ემყარება 2019 წლის მონაცემებს, 3 კომპონენტში „მთავრობის ზომა“, „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ მაჩვენებელი გაიუმჯობესა. შესაბამისად, მე-8 ადგილიდან, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ეკავა (რომელიც თავის მხრივ 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით იყო შედგენილი), მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველო რეიტინგში 57-დან მე-5 ადგილზე დაწინაურდა. თუმცა, რიგ შემთხვევებში საქართველოს საშუალო ქულა უარესდებოდა, მაგალითად 2016 წლის რეიტინგში, რომელიც 2014 წლის მდგომარეობას ასახავდა, საქართველოს 8.31 ქულა ჰქონდა მინიჭებული, ხოლო 2018 წლის რეიტინგში ქულა 8.15-მდე გაუარესდა. რეიტინგში დაწინაურების კუთხით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები გარდამტეხი იყო. 2005 წელს საქართველოს უკვე 23-ე ადგილი ეკავა. რეიტინგში დაწინაურება შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და უკვე 2014 წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში მე-5 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო შემდგომი ვარდნის შემდეგ, 2021 წლის ანგარიშისთვის საქართველომ ისევ მე-5 ადგილი დაიკავა, თუმცა 2016 წლის რეიტინგში დაფიქსირებული ქულისთვის არ მიუღწევია.

კვლევაში, რომელსაც მინისტრი ასახელებს, პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისისა და შესაბამისი ეკონომიკური მართვის გავლენა და 2020-2021 წლებში სასამართლოსთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები, არ არის ასახული. ნათია თურნავას განცხადებიდან, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპონენტებს შორის, სადაც ქულა გაუმჯობესდა არის სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის თავისუფლება, აღნიშნული კონტექსტი არ ჩანს. ამავდროულად, უგულებელყოფილია ფაქტი, რომ რეიტინგის კუთხით ქვეყანა 2016 წლის რეიტინგში უკვე მიღწეულ მე-5 ადგილზე, მომდევნო წლებში გაუარესებული მდგომარეობის შემდეგ, დაბრუნდა. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური ქულის თვალსაზრისით უახლესი მონაცემი ისევ უარესია 2014 წლის (2016 წლის ანგარიში) ნიშნულთან შედარებით. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადება მანიპულაციურია.

ანალიზი

ნათია თურნავამ 2021 წლის 14 სექტემბერს ფრეზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს გაუმჯობესებულ შედეგებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„ფრეზერის ინსტიტუტის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2021 წლის რეიტინგში საქართველო მე-5 ადგილზე დაწინაურება და ჩვენი ქულის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში საკმაოდ მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი საქართველოში არის საკმაოდ მაღალი, ძალიან ნიშანდობლივია, რომ იმ კომპონენტებს შორის, სადაც ჩვენ გაგვიუმჯობესდა ქულა, არის ერთ-ერთი რომელსაც ეწოდება სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის თავისუფლება. ეს მართლაც არის ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიტანა, ბიზნესის თავისუფლება, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო საკუთრების პატივისცემა და ძალიან სასიხარულოა, რომ მიუკერძოებელი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები ამას ძალიან ადეკვატურად აფასებენ “.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.

ფრეზერის ინსტიტუტი მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს, სადაც ჯამში 162 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, ყოველწლიურად აქვეყნებს. შეფასება 5 კრიტერიუმის მიხედვით ხდება, ესენია: მონეტარული სტაბილურობა, მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები.

აღსანიშნავია კვლევის სპეციფიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევა 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი, 2020 გამოქვეყნებული კი 2018 წლის მონაცემებზე.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველო რეიტინგში 57-დან მე-5 ადგილზე დაწინაურდა. თუმცა, რიგ შემთხვევებში საქართველოს საშუალო ქულა უარესდებოდა, მაგალითად 2016 წლის რეიტინგში, რომელიც 2014 წლის მდგომარეობას ასახავდა, საქართველოს 8.31 ქულა ჰქონდა მინიჭებული, ხოლო 2018 წლის რეიტინგში ქულა 8.15-მდე გაუარესდა. რეიტინგში დაწინაურების კუთხით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები გარდამტეხი იყო. 2005 წელს საქართველოს უკვე 23-ე ადგილი ეკავა. რეიტინგში დაწინაურება შემდგომ წლებშიც გაგრძელდა და უკვე 2014 წელს საქართველო მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის რეიტინგში მე-5 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო მომდევნო წლებში გაუარესებული შედეგების შემდეგ, 2021 წლის ანგარიშისთვის საქართველომ ისევ მე-5 ადგილი დაიკავა, თუმცა 2016 წლის რეიტინგში დაფიქსირებული ქულისთვის ჯერაც არ მიუღწევია.

გრაფიკი 1: მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, 2000-2019 წლები

წყარო: Fraser Institute

გრაფიკ 1-ის მიხედვით, 2012 წლის შემდგომ პერიოდში საქართველო მუდმივად ათეულშია. უშუალოდ 2019 წელს (2021 წლის ანგარიში) საქართველომ შეფასების 5 კრიტერიუმიდან 3-ში ქულა გაიუმჯობესა, რაც გულისხმობს „მთავრობის ზომა“, „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება“ ამ მიმართულებით დაწინაურებას. შესაბამისად, გაუმჯობესდა საერთოდ ქულა და ის 8.24-დან(2018) 8.26-მდე(2019) გაიზარდა, რაც საერთო რეიტინგში მე-5 ადგილამდე დაწინაურებას განაპირობებს. რეიტინგში საქართველოს დაწინაურება მოხდა არა რომელიმე სხვა ქვეყნის მაჩვენებლების გაუარესებით, არამედ საქართველოს მიერ შეფასების 5 კრიტერიუმიდან 3-ის გაუმჯობესებით.

საინტერესოა ისიც, რომ ფრეზერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს მოწინავე პოზიციაზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ორგანიზაციის შეფასებით, კონკრეტულ პერიოდში, საქართველო წარმატებით აკმაყოფილებდა შესაბამის კრიტერიუმებს. ბუნებრივია, რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ რეალობას ბოლომდე შეიძლება არ ასახავდეს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევა 2 წლით ადრე არსებულ მონაცემებს ეყრდნობა. შესაბამისად, 2021 წელს გამოქვეყნებულ ინდექსში არ არის გათვალისწინებული 2020 წლის პანდემიის შედეგები და რაც მთავარია, 2020-2021 წლებში საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის გამოც საქართველომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში 75 მილიონი ვერ მიიღო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათია თურნავას განცხადება მანიპულირებას წარმოადგენს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი