გიორგი გახარია:სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში 20-21 ივნისის მოვლენები შეფასებულია პროპორციულად და ლეგიტიმურად

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი გახარიას განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები შეფასებული საერთოდ არ არის. ანგარიში 20-21 ივნისის მოვლენებს მხოლოდ ფრაგმენტულად ეხება და ამ მოვლენებთან დაკავშირებით ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებს ციტირებს.

ანალიზი:

2021 წლის 16 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში 20-21 ივნისის მოვლენების დროს ძალის გამოყენება პროპორციულად და ლეგიტიმურად არის შეფასებული.

2021 წლის 30 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, ანგარიში 2019 წლის 20-21 წლის მოვლენებს მხოლოდ ფრაგმენტულად ეხება. მეტიც, ანგარიშში ფაქტობრივად არსად არ არის შეფასება იმისა, თუ რამდენად კანონიერი ან პროპორციული იყო 20-21 ივნისის მოვლენების დროს სამართალდამცავების მხრიდან გამოყენებული ძალა. შესაბამისად, გიორგი გახარიას განცხადება არის ტყუილი.

რა წერია ანგარიშში?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში 20-21 ივნისის მოვლენებს, მხოლოდ ფრაგმენტულად ეხება. ამასთან, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ანგარიში ძირითადად სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს ეყრდნობა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობები პოლიციის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის შესახებ იმ დარღვევებისთვის, რაც მათ 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციისას ჩაიდინეს. იქვე მოყვანილია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, რომ პოლიციამ სპეციალური საშუალებები დემონსტრანტების წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა და გამოყენებული ძალა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული პროპორციულად. ანგარიშში „დაუსაბუთებელი დაკავებების“ ნაწილში ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დაკავება, რის შესახებაც სახალხო დამცველის ანგარიში მიუთითებდა და აღწერდა, რომ დარღვევების შინაარსი და დაკავების ოქმები იყო „ძირითადად იდენტური და ფორმალური“. ასევე, მოყვანილია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ ივნისის პროტესტის მონაწილეთა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება პროკურორების ბანალური, აბსტრაქტული და, ხშირ შემთხვევაში, იდენტური შუამდგომლობების საფუძველზე მიიღო. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის შეფასებით ზოგიერთი დემონსტრანტი გასცდა მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

20-21 ივნისის მოვლენების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების გამოხმაურებაზე უფრო ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი