2021 წლის 28 სექტემბერს, Facebook-მომხმარებელმა ვახტანგ სუხიაშვილმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„სამი ძალიან კარგი ახალი ამბავი, რომელიც სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი:

1. ივანაშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელებთან თავისი უსაფრთხოების გარანტიის პირობებზე!

2. ამერიკელები გვაცილებენ კიევი-თბილისის რეისზე!

3. ამერიკული 5 სამხედრო გემი უკვე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფება!“

Facebook-მომხმარებელი აღნიშნულს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის კონტექსტში წერს, რომელმაც 2021 წლის 27 სექტემბერს საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოსვლა დააანონსა. Facebook-მომხმარებლის პირველ და მეორე მტკიცებას ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. ასევე, შეცდომაში შემყვანია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 5 ამერიკული სამხედრო გემის შემოსვლისა და სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხის დაკავშირება. ანალოგიური ინფორმაცია სოციალურ ქსელში სხვა Facebook-მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს. 29 სექტემბრის მონაცემებით, პოსტებს საერთო ჯამში 1 084 რეაქცია, 602 გაზიარება და 435 კომენტარი აქვს.

სინამდვილეში, 28 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კერძოდ, ბათუმის პორტში, არა 5 ამერიკული სამხედრო გემი, არამედ NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები შემოვიდნენ. შენაერთის შემადგენლობაში ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებია. საქართველოს პორტებში NATO-ს საზღვაო შენაერთების ვიზიტები რეგულარული ხასიათისაა. 2021 წელს NATO-ს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ. შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგი სწორედ აღნიშნული ხომალდების ვიზიტებია.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და NATO-ს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება, რასაც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სწავლება მიზნად საქართველოს და NATO-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს. ამასთან, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების ოთხწლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.

ამრიგად, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არა 5 ამერიკული სამხედრო გემი, არამედ NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები (ესპანეთის, იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის) შემოვიდნენ. საქართველოს პორტებში NATO-ს საზღვაო შენაერთების ვიზიტები რეგულარული ხასიათისაა და მას სააკაშვილის ჩამოსვლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამასთანავე, დაუსაბუთებელია Facebook- მომხმარებლების მიერ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისას ამერიკელების გამოცილებისა და ბიძინა ივანიშვილის ამერიკელებთან მოლაპარაკების შესახებ მტკიცებები. აღნიშნული პოსტი, საერთო ჯამში, კონსპირაციული ხასიათისაა, რომელიც, ერთი მხრივ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის შესახებ კონსპირაციას ავრცელებს და მეორე მხრივ, Facebook-მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

---------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი