Facebook-მომხმარებელი ვამეხ ფუსდანი ისრაელში არსებული კოვიდსტატისტიკისა და ვაქცინაციის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი აღწერით „ხედავთ ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა რა დღეშია ვერ აწია იმუნიზაცია და თავის მოსახლეობას სულ ცრის და ცრის, არადა ამ აცრებმა ერთი ორად გაზარდა სიკვდილიანობა, ასე გინდათ ხომ თქვენც ამირან-პაატელებო, ატაროთ ექსპერიმენტები სანამ არ გაწყვიტავთ მთელ მოსახლეობას?“. ვიდეოში გამოცემა The Jerusalem Post-ის მასალის სქრინშოტის ქართულად ნათარგმნი ვერსია ჩანს, რომლის თანახმადაც, ისრაელში „ოთხშაბათს (25 აგვისტოს) კორონავირუსის 8800 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 680 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია“. შემდგომ კი, ვიდეოში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ერთ-ერთი გამოსვლიდან მოკლე მონაკვეთია ჩასმული, რომელშიც ის მოსახლეობას ვაქცინის მესამე დოზის მიღებისა და სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ვიდეოს ბოლოს, გამოცემა THE EPOCH TIMES-ის სტატიის ფოტოა მოცემული, რომელზეც წერია „Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი პროგნოზირებს, რომ სავარაუდოდ გაჩნდება ვაქცინისადმი გამძლე COVID-19 ვარიანტი“. პოსტის ავტორი ისრაელის კოვიდსტატისტიკას, ბუსტერული დოზების გამოყენებასა და ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზს ვაქცინების ეფექტურობის დისკრედიტაციის მიზნით მანიპულაციურად იყენებს. გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს ვაქცინაციის პროცესმა ისრაელში სიკვდილიანობა გაზარდა, ყალბია.

The Jerusalem Post-ში მოცემული კოვიდსტატისტიკის თანახმად, ისრაელში, ოთხშაბათს, 25 აგვისტოს, კორონავირუსის 8800 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 680 შემთხვევა მძიმეა. რეალურად, The Jerusalem Post-ის სტატიაში, რომელიც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 26 აგვისტოს განახლებული მონაცემების საფუძველზე არის გამოქვეყნებული, 680 მძიმე შემთხვევა არა 25 აგვისტოს დაფიქსირებულ ახალ შემთხვევებს შორისაა, არამედ ის 25 აგვისტოსთვის ისრაელში მძიმე შემთხვევების ჯამურ მაჩვენებელს წარმოადგენს.

ისრაელის ყოველდღიური გამოცემა Haaretz-ის 26 აგვისტოს მასალაში ვკითხულობთ, რომ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 25 აგვისტოს მონაცემებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 680-ს შეადგენს. აქვე აღნიშნავს, რომ სრულად ვაქცინირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა 22 აგვისტოს 364 შემთხვევიდან 25 აგვისტოსთვის 314-მდე შემცირდა. სტატიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მძიმე შემთხვევებიდან 349, ანუ ნახევარზე მეტი არავაქცინირებულ ადამიანებზე მოდის. ცნობისთვის, ისრაელში ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომი ჯგუფის მხოლოდ 20 პროცენტი არ არის ვაქცინირებული და ეს ადამიანები, კორონავირუსით ინფიცირების მძიმე შემთხვევების ნახევარზე მეტს წარმოადგენენ.

ვაქცინაციის მიხედვით მძიმე COVID-19-ის შემთხვევები აგვისტოს მდგომარეობით

წყარო: haaretz.com

ამასთან, პოსტის აღწერაში გაჟღერებული მტკიცება, რომ ისრაელში მოსახლეობის ორჯერადად აცრის შემდეგ სიკვდილიანობამ იმატა, სიმართლეს არ შეესაბამება. მაშინ, როდესაც ისრაელში დელტა ვარიანტმა იფეთქა, ინფიცირების შემთხვევები ნამდვილად გაიზარდა, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ვაქცინაციის მაღალი დონის გამო პრაქტიკულად არ იცვლებოდა. უშუალოდ 25 აგვისტოს კვირის მონაცემებით, ისრაელში 72 687 აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა, მათგან მხოლოდ 0.9% (664 შემთხვევა) იყო კრიტიკული. ამასთან, აღნიშნულ კვირაში სიკვდილიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 24-ს შეადგენდა. ზოგადად, აგვისტოს თვეში ისრაელში ვირუსით 550-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და სიკვდილიანობის საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა 18-ს მიაღწია. თუმცა, აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებლების ზრდის მიუხედავად, სიკვდილიანობა ზამთრის პიკთან შედარებით მკვეთრად შემცირებული იყო, რაც თავისთავად მასობრივი ვაქცინაციის დამსახურებაა.

რაც შეეხება ვიდეოში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის გამოსვლას, ეს სიტყვები რეალურია. 22 აგვისტოს კაბინეტთან შეხვედრის დროს ბენეტი ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას და ვაქცინაციის პროცესს გამოეხმაურა. პრემიერმა განაცხადა: „პარადოქსია, მაგრამ ახლა ყველაზე დაუცველ ჯგუფს ორჯერადად აცრილი ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც ჯერ მესამე დოზა არ აქვთ მიღებული. ამ ადამიანებს დაცულობის შეგრძნება აქვთ და არ ესმით, რომ ვაქცინის ორი დოზა დროთა განმავლობაში დელტა ვარიანტის წინააღმდეგ სუსტდება.“ აღსანიშნავია, რომ დელტა ვარიანტის გამოჩენისა და კორონავირუსით ინფიცირების გაზრდის შემდეგ, ისრაელმა მოსახლეობისთვის მესამე ე.წ. ბუსტერ დოზების შეთავაზება დაიწყო. კერძოდ, მესამე დოზით ვაქცინაცია 60 წელზე უფროს ადამიანებში ივლისის ბოლოდან მიმდინარეობს, ხოლო ამ დროისთვის ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდა და 12 წელზე ზემოთ ადამიანებს მოიცავს.

ისრაელის კოვიდსტატისტიკისა და მესამე დოზით ვაქცინაციის შესახებ საუბრის შემდეგ, ვიდეოს ბოლოს ჩასმული „ფაიზერის“ დირექტორის, ალბერტ ბურლას პროგნოზი, რომ მომავალში - სავარაუდოდ, ვაქცინისადმი გამძლე COVID-19 ვარიანტი გაჩნდება, საერთო ჯამში იმგვარ კონტექსტს ქმნის, რომ ვაქცინის არც ორი, არც სამი დოზით აცრას აზრი არ აქვს. ბურლას კონკრეტული პროგნოზი ვაქცინების ეფექტურობის დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარე თვის განმავლობაში არაერთხელ იქნა გამოყენებული. რეალურად, „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი ვირუსი ისეთ მუტაციას განიცდის, რომ ის არსებული ვაქცინების მიმართ რეზისტენტული იქნება, მის გუნდს ამ შეშფოთების ვარიანტის (variant of concern) საწინააღმდეგოდ ახალი ვაქცინის შექმნა, დაახლოებით 95 დღეში, თავისუფლად შეეძლება.

------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი