ნათია თურნავა: 15 და მეტი პროცენტით არის გაზრდილი საშუალო შრომის ანაზღაურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში - გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის მანიპულირება

რეზიუმე:

ეკონომიკის მინისტრი ხელფასის დინამიკას ნომინალური ხელფასების ზრდით განიხილავს. თუმცა ნომინალური ხელფასის განხილვით ტენდენციის შეფასება მანიპულაციურია.

სინამდვილეში, ხელფასის ზრდის ტენდენციაზე მსჯელობა რეალურ ხელფასზე [1] დაყრდნობით არის მიზანშეწონილი, რომელიც ფასების დონის ცვლილებით გამოწვეულ მსყიდველუნარიანობის შემცირების გავლენას უკვე მოიცავს.

2021 წლის II კვარტალში ნომინალური ხელფასი 1,328 ლარს შეადგენს, რაც შესაბამისად 178 (15.4%) და 148 (12.5%) ლარით მეტია 2020 და 2019 წლების მაჩვენებელზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპიც საკმაოდ მაღალია. კერძოდ, 2019 წლის აპრილ-ივნისში (II კვარტალი) ინფლაციამ საშუალოდ 6.5%, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალოდ 8.3% შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო ყოველთვიური რეალური ხელფასი პრაქტიკულად 2018 წლის ნიშნულზეა და 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.4%-ით ჩამოუვარდება. რეალური ხელფასი 2021 წლის II კვარტალში ბოლო წლებიდან მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით არის გაზრდილი (6.7%-ით).

ანალიზი:

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, საშუალო ხელფასის სტატისტიკას გამოეხმაურა და განაცხადა: „15 და მეტი პროცენტით არის გაზრდილი საშუალო შრომის ანაზღაურება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში - გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება“.

საქსტატმა 15 სექტემბერს საშუალო ხელფასის შესახებ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის II კვარტალში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1,328 ლარი [2] შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 15.5%-ით მეტია. მინისტრმა ნომინალური საშუალო ხელფასის ზრდაზე „ეკონომიკური გაჯანსაღების“ კონტექსტში, როგორც ბუნებრივ მოვლენაზე ისაუბრა, თუმცა არ უხსენებია ფულის მსყიდველუნარიანობის ეფექტი, რომლის მხედველობაში მიღების გარეშე ანაზღაურების ზრდაზე მსჯელობა არ იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, ანაზღაურება დასაქმებულთათვის ნამდვილად გაიზარდა, თუ - არა.

ხელფასის ან ნებისმიერი სხვა სახის შემოსავლის ცვლილებისას, მოქალაქის ინტერესია არა ის, თუ ფიზიკურად რამდენ ლარს მიიღებს, არამედ ამ ანაზღაურებით რის შეძენას შეძლებს. შესაბამისად როდესაც საუბარია შემოსავლის ცვლილებაზე, არსებობს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც ერთდროულად უნდა იქნას მხედველობაში მიღებული:

1. როგორ შეიცვალა პირის ნომინალური შემოსავალი?

2. როგორ შეიცვალა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონე (ინფლაცია)?

მხოლოდ ერთი ფაქტორის, ნომინალური ხელფასის, განხილვით ტენდენციის შეფასება მანიპულაციურია და მიზანშეწონილია რეალურ ხელფასზე [3] დაყრდნობით მსჯელობა, რომელიც ფასების დონის ცვლილებით გამოწვეულ მსყიდველუნარიანობის შემცირების გავლენას უკვე მოიცავს.

მთლიანად ეკონომიკის მასშტაბით სახელფასო შემოსავლის ცვლილების ტენდენციის შეფასებისათვის, შემოსავლის ცვლილების ინდიკატორად დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება გამოიყენება, ფასების დონის ცვლილებისათვის კი - სამომხმარებლო ფასების ინდექსი. ორივე აღნიშნულ მონაცემს საქსტატი ამუშავებს და აქვეყნებს. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს.

გრაფიკი 1. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის ცვლილება

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2021 წლის II კვარტალში ნომინალური ხელფასი 1,328 ლარს შეადგენს, რაც შესაბამისად 178 (15.4%) და 148 (12.5%) ლარით მეტია 2020 და 2019 წლების მაჩვენებელზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპიც საკმაოდ მაღალია. კერძოდ, 2019 წლის აპრილ-ივნისში (II კვარტალი) ინფლაციამ საშუალოდ 6.5%, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალოდ 8.3% შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალოთვიური რეალური ხელფასი პრაქტიკულად 2018 წლის ნიშნულზეა და 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.4%-ით ჩამოუვარდება. რეალური ხელფასი 2021 წლის II კვარტალში ბოლო წლებიდან მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით არის გაზრდილი (6.7%-ით).

[1] ხელფასი რეალურ გამოსახულებას, სამომხმარებლო ფასების (ინფლაციის) ცვლილების გათვალისწინებით.

[2] დარიცხული ხელფასი - მოიცავს საშემოსავლო გადასახადს.

[3] ხელფასი რეალურ გამოსახულებას, სამომხმარებლო ფასების (ინფლაციის) ცვლილების გათვალისწინებით.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი