კობა კუპრაშვილისა და ზვიად ტომარაძის მორიგი ყალბი და მანიპულაციური მტკიცებები

ვერდიქტი: მანიპულაცია

2021 წლის 1 სექტემბერს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელის ზვიად ტომარაძისა და კობა კუპრაშვილის ერთობლივი Facebook-live გავიდა ეთერში. საათსა და 22 წუთში კუპრაშვილმა და ტომარაძემ კორონავირუსთან და კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი მანიპულაციური და ყალბი მტკიცება გააჟღერეს.

მტკიცება: გერმანიაში, ბერლინიდან გამოვიდა კვლევა და აღმოაჩინეს, რო გერმანიაში ოფიციალურად სტატისტიკაში შესული კოვიდგარდაცვალებების 80%-ის სიკვდილის მიზეზი სულაც არ ყოფილა კორონავირუსი, დარჩა მხოლოდ 20% ვისაც დაუდასტურდა

ვერდიქტი: მანიპულირება

კუპრაშვილი ვიდეოში გერმანულ გამოცემა Die Welt-ზე დაყრდნობით ამბობს, რომ „გერმანიაში, ბერლინიდან გამოვიდა კვლევა და აღმოაჩინეს, რომ გერმანიაში ოფიციალურად სტატისტიკაში შესული კოვიდგარდაცვლილების 80%-ის სიკვდილის მიზეზი სულაც არ ყოფილა კორონავირუსი, დარჩა მხოლოდ 20% ვისაც დაუდასტურდა“. რეალურად, Die Welt-მა ნამდვილად გამოაქვეყნა ინტერვიუ ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტის (IGES) ხელმძღვანელთან, ბერთრამ ჰოისლერთან, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ დავადგინეთ, რომ ივლისის დასაწყისიდან დაფიქსირებული ოფიციალური კოვიდგარდაცვალების 80%-ში, მათ ძირითადი ინფექცია [COVID-19] ხუთი კვირაზე მეტი ხნის წინ ჰქონდათ და ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ კორონავირუსი ამ გარდაცვალებების რეალური მიზეზი არ იყო“. ინტერვიუს კონკრეტული მონაკვეთი Die Welt-მა გააზვიადა და სათაურად შემდეგი სახით გადმოიტანა: „ოფიციალურად კოვიდგარდაცვლილთა 80 პროცენტში, კორონავირუსი ალბათ არ არის სიკვდილის მიზეზი“. კონკრეტული სათაური სოციალურ მედიაში ვირუსულად, ასევე დამახინჯებული სახით გავრცელდა. რეალურად, ჰოისლერმა განცხადება კონკრეტულ დროის მონაკვეთზე, ივლისის თვის შემდგომ გარდაცვალებებზე გააკეთა და 2021 წლის ზაფხულის იმ სტატისტიკაზე ისაუბრა, რომელიც ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტმა (IGES) შეისწავლა. შესაბამისად, მას არ უთქვამს, რომ მთელი პანდემიის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა 80 %-ის გარდაცვალების მიზეზი ვირუსი არ ყოფილა, როგორც მანიპულაციურად ამის წარმოჩენას ცდილობენ.

მტკიცება: ვაქცინაციის შემდეგ გაჩნდება რეზისტენტული შტამი, რომელიც გამოიწვევს მეტ გარდაცვალებას

ვერდიქტი: მანიპულირება

რეალურად, SARS-CoV-2 ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და დღეისთვის არსებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მათ წინააღმდეგ ნაკლებ ეფექტურობასა აჩვენებს, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში აღმოჩნდა. ბუნებრივია, შესაძლებელია, გარკვეული დროის შემდგომ ვირუსის რომელიმე მუტაცია ვაქცინების წინააღმდეგ რეზისტენტული მართლაც აღმოჩნდეს, თუმცა, გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ დღეს კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა არსებობს, რაც ახალი ვაქცინების შექმნის პროცესს გაამარტივებს. მაგალითად, „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი ვირუსი ისეთ მუტაციას განიცდის, რომ ის არსებული ვაქცინების მიმართ რეზისტენტული იქნება, მის გუნდს ამ შეშფოთების ვარიანტის (variant of concern) საწინააღმდეგოდ ახალი ვაქცინის შექმნა, დაახლოებით 95 დღეში, თავისუფლად შეეძლება. შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შესაჩერებლად გამართლებული არ არის. პირიქით, ვაქცინაციის შეწყვეტამ ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება და ახალი, შესაძლოა უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნასაც შეუწყოს ხელს. სწორედ ამიტომ, მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

მტკიცება: კოვიდგადატანილ ადამიანს კოვიდის წინააღმდეგ უკეთესი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე ორჯერ აცრილს, რის გამოც ვაქცინაციას მათ შემთხვევაში აზრი არ აქვს

ვერდიქტი: მანიპულირება

აღნიშნული მანიპულაცია აგვისტოს თვეში ისრაელში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების ირგვლივ გაჩნდა. კერძოდ, 25 აგვისტოს MedRxiv.com-ზე ისრაელში Maccabi Healthcare Services-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ბუნებრივი და ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი ერთმანეთს შეადარა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ხანგრძლივად და ძლიერად იცავს ადამიანს დელტა ვარიანტისგან გამოწვეული ინფექციის, სიმპტომური დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან, ვიდრე Pfizer-ის ორი დოზის მიღების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი. ასევე, წარსულში ინფიცირებულმა და ვაქცინის ერთი დოზით აცრილმა ადამიანებმა, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ დამატებითი დაცვა მიიღეს.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ადამიანებმა ისრაელის კვლევის დასკვნები ისე არ უნდა გაიგონ, რომ თითქოს დაინფიცირება უკეთესია, რადგან ამგვარად ბუნებრივი იმუნიტეტის მოპოვებაა შესაძლებელი. მსგავსი ქმედება უკიდურესად სარისკოა, რადგან დაინფიცირებას შეიძლება ლეტალური შედეგი მოჰყვეს, ან გამოჯანმრთელების შემთხვევაში, ადამიანს ე.წ. „გრძელვადიანი COVID“ განუვითარდეს, რაც დაავადების სიმპტომების კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელებას ნიშნავს.

ამდენად, დღეს დადგენილია, რომ COVID-19-ით ინფიცირებამ ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს. ინფექციის წინააღმდეგ ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ეფექტურია, თუ ვაქცინით გამომუშავებული, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. შესაბამისად, მტკიცება, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი ორჯერადად აცრილი ადამიანის იმუნიტეტზე უფრო ძლიერია, მანიპულაციურია.

მტკიცება: ევროპაში EMA-ს არ მიუცია არც „ფაიზერისთვის“ და არც სხვებისთვის ჩვეულებრივი რეგულარული დაშვება, აქვთ მხოლოდ დროებითი და ფორსმაჟორული

ვერდიქტი: მანიპულირება

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ევროპაში არ დაუშვიათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მასშტაბით, ბავშვების ვაქცინაციის საკითხი ნამდვილად არ ყოფილა თავიდანვე კონსენსუსის საგანი, ყველა ჯანდაცვის უწყება თუ მეცნიერი თანხმდება, რომ ბავშვები და მოზარდები, რომელთაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ (ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები), COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან.

დღეს ევროპის ქვეყნებში ბავშვების ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. კერძოდ, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის, ხოლო მომდევნო თვეში „მოდერნას“ 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებში გამოყენების ნებართვა გასცა. შესაბამისად, ვაქცინაცია მიმდინარეობს:

საფრანგეთი - ერთ -ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 15 ივნისს, 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. Santé Publique France-ის მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12-17 წლის მოზარდების 68%-მა მინიმუმ ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო 56 % ორივე დოზა მიიღო.

ირლანდია - ქვეყანაში ახალგაზრდა მოსახლეობის ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვების ვაქცინაციაზე ამახვილებს. ირლანდიის ჯანდაცვის სამსახურის 13 სექტემბრის მონაცემებით, 12 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებულია - 90,2%, ხოლო ორჯერადად 85,1 %.

გერმანია - თავდაპირველად ვაქცინაცია მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის იყო რეკომენდებული, თუმცა დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში, 16 აგვისტოს გადაწყდა, რომ ვაქცინა 12 წლის ზემოთ ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. გერმანიის მთავრობის 12 სექტემბრის მონაცემებით, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში ერთჯერადად ვაქცინირებული 36.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებული 25,8 %-ია.

შვეიცარია - ვაქცინაცია 12 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში 12 ივნისს დაიწყო. შვეიცარიის ჯანდაცვის 12 სექტემბრის მონაცემების თანახმად, 10-19 წლის ჯგუფში 181531 ადამიანიდან 21,5% სრულად, ხოლო 32,35% ერთი დოზით არის ვაქცინირებული.

იტალია - ქვეყნის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვი აცრას სკოლაში დაბრუნების პერიოდისთვის, ამის ხელშესაწყობად კი ვაქცინაცია, ჩვეულებრივ, ვიზიტის დაჯავშნის გარეშე არის შესაძლებელი.

მტკიცება: ბავშვები კორონავირუსისგან არ გარდაცვლილან, ამიტომ მათი აცრა საჭირო არ არის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კობა კუპრაშვილის მტკიცებით, კორონავირუსით ბავშვები არ გარდაცვლილან და შესაბამისად, მათი აცრა საჭირო არ არის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, აშშ-ში ჯერ კიდევ თებერვალში კორონავირუსისგან 12 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 2 სექტემბრის The American Academy of Pediatric-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის ბავშვების წილმა 0.00%-0.27% შეადგინა, ხოლო შვიდ შტატში ბავშვთა სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ბავშვებს შორის COVID-19-ის შემთხვევების 0.00%-0.03% ლეტალურად დასრულდა. ასევე, კორონავირუსით ინდონეზიაში პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით 1245 ბავშვი გარდაიცვალა, რომელთა უმრავლესობა 5 წელზე უმცროსები იყვნენ. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოშიც არის დაფიქსირებული კორონავირუსით ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები, რომელთაც სხვა თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდათ. ამრიგად, მტკიცება, რომ კორონავირუსით ბავშვები არ გარდაცვლილან და ამიტომ მათი აცრა საჭირო არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინა ბავშვებისთვის უფრო მეტად სახიფათოა, ვიდრე თავად COVID-19. პირიქით, არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვებსა და მოზარდებში (12 წლის და ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში) ვაქცინის სარგებელი პოტენციურ რისკს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით 12 წლის ასაკის ქვემოთ ბავშვებში ვაქცინაცია არ არის დასაშვები, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

მტკიცება: ინდოეთში პანდემია დამარცხდა „ივერმექტინის“ საშუალებით, რომელსაც აქაური ექიმები უარყოფენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის მაისში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთში COVID-19-ის შემთხვევების კლება პრეპარატების - ჰიდროქსიქლორინი და ივერმექტინის მკურნალობის შედეგად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში მაისის თვეში ნამდვილად შემცირდა ინფიცირების შემთხვევები, რაიმე კონკრეტული სამეცნიერო და სამედიცინო მტკიცებულება, რომ ინფიცირების კლება ამ პრეპარატებთან იყო დაკავშირებული. არ არსებობს. კონკრეტულად მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება, უცნობია, თუმცა ექსპერტები ამ ფაქტს სოციალური დისტანციის, პირბადის ტარების წესების დაცვასა და ვაქცინაციას უკავშირებდნენ.

„ივერმექტინი“ ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც ძირითადად ვეტერინარიაში ცხოველების (მსხვილი რქოსანი, ცხვარი, თხა, ღორი, კურდღელი) სამკურნალოდ, სხვადასხვა სახის შინაგანი და გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. რიგ ქვეყნებში, ზოგიერთი პარაზიტული დაავადებების დროს, მისი გამოყენება ადამიანებზეც ნებადართულია. თუმცა ცხოველებსა და ადამიანებში გამოყენებული პრეპარატი ერთმანეთისგან განსხვავდება და გათვალისწინებულია პრეპარატის შესაბამისი დოზა, რადგან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა, რომ ადამიანისთვის ტოქსიკური აღმოჩნდეს. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ოფიციალურ ვებგვერდზე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამჟამად არსებული კვლევების მიხედვით, პრეპარატი COVID-19-ის პრევენციისთვის ან მის სამკურნალოდ არ გამოიყენება, ხოლო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურ ვებგვერდზე კი ვკითხულობთ რომ „ივერმექტინის გამოყენება კორონავირუსის სამკურნალოდ მხოლოდ კლინიკური ცდების დროს არის დასაშვები“. შესაბამისად, კონკრეტული პრეპარატი ჯერჯერობით კლინიკური კვლევების ეტაპზეა და მტკიცება, რომ მისი საშუალებით ინდოეთში კოვიდპანდემია დამარცხდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ამის სამეცნიერო დასაბუთება ჯერ არ არსებობს. დღეისთვის პანდემიასთან ბრძოლის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაა. უფრო ვრცლად, „ივერმექტინის“ და ამ პრეპარატით კორონავირუსის მკურნალობის შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი