არსენ კარაპეტიანი პარტია „ევროპული საქართველოს“ ახალქალაქის მერობის კანდიდატია. ის წლების მანძილზე ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, იყო ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსი. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამსახური დატოვა და პოლიტიკური კარიერა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ დაიწყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის შემდეგ, „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ზემოაღნიშნული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. „ფაქტ-მეტრთან“ ინტერვიუში არსენ კარაპეტიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრობლემების შესახებ საუბრობს და ამომრჩეველს მათი მოგვარების გზებს სთავაზობს.

2012 წელს რატომ დატოვეთ თანამდებობა, შემდგომ კი - პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?

როდესაც საჭირო იყო ჩემი სახელმწიფოს დაცვა, მე იარაღით ხელში, ვიბრძოდი და არ ვკითხულობდი, ვინ და როგორ დაიწყო ომი. თუმცა, როდესაც ხალხმა „ქართული ოცნების“ პარტია აირჩია და ეს პარტია აცხადებდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი, მსგავს მოღალატე აზროვნების მქონე ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ცხადია, ვერ გავაგრძელებდი. მე ვიყავი ყველაზე ახალგაზრდა მაიორი საქართველოში, ყველაზე ახალგაზრდა პოლიციის უფროსი. რთული იყო სამხედრო პირისთვის მთელი ცხოვრების საქმის დატოვება. ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ხოლო ევროპულ საქართველოს შევუერთდი იმიტომ, რომ ეს პარტია უფრო ასახავს ჩემს იდეოლოგიას.

რატომ გადაწყვიტეთ იბრძოლოთ მერობისთვის?

ჩვენ ვართ რეფერენდუმის წინაშე და ჩემი უმთავრესი მიზანი არის სახელმწიფოებრიობისა და ევროპის გზის დაბრუნება. პოლიტიკაში თუ შედიხარ, უნდა შეხვიდე ერთი-ბრძოლის გადაწყვეტილებით. სამწუხაროდ, მოქალაქეები არ ირჩევენ რომელიმე კანდიდატს განათლებაზე ან გამოცდილებაზე დაყრდნობით. ირჩევენ ან პოზიციას, ან - ოპოზიციას. რადგან მე ოპოზიციაში ვარ, ჩემთვის გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა ვიბრძოლო უკეთესი მომავლისთვის, თუნდაც მხოლოდ ჩემი რეგიონისთვის. სადაც არის პლატფორმა, სადაც შესაძლებელია მავნებელი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლა, მზად ვარ ვიბრძოლო. ამ ბრძოლაში შევედი მოგების მიზნით. დანარჩენი - აირჩიოს ამომრჩეველმა, იმ ხალხმა, ვისაც მიზანმიმართული ცვლილება უნდა.

თქვენ ხშირად ამბობთ, რომ, როგორც ადგილობრივი, კარგად იცნობთ მუნიციპალიტეტის პრობლემებს. ჩამოთვალეთ, თქვენი აზრით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი პრობლემები. მერად არჩევის შემთხვევაში, როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემებს?

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ყველაზე დიდი პრობლემა არის თვითონ მუნიციპალიტეტი. ის ჩინოვნიკები, ვინც იყვნენ ჩემი სკოლის ასაკის დროს, ახლაც მოღვაწეობენ იგივე პოზიციებზე, ჩამორჩნენ თანამედროვე რიტმს, ანუ - თუ ჩვენ ახლა ზუმში ვსაუბრობთ, მე დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო მოხელეთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის ზუმი რა არის. თუ შენ პროგრესს ჩამორჩები, თვითონ ქმნი პრობლემას და პრობლემად ხდები. მუნიციპალიტეტი პრობლემაა, რადგან მთლიანად ამ საქმიანობაში ჩართული პირები არიან პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მათი ერთადერთი მიზანი არის ამომრჩევლის მობილიზაცია, ვიღაცაზე ზეწოლით, ზეგავლენით, ან, არ შემეშინდება ამ განცხადების, მოსყიდვით.

სოფელი ტურცხის ტბაში ტონობით მკვდარი თევზი იყო და ამასთან დაკავშირებით განცხადება სოფლის წარმომადგენელმა გააკეთა და განაცხადა: „აქ სულ რაღაც 10 კგ თევზია“. ეს ტბა ეკოლოგიურ კატასტროფად აქციეს მხოლოდ იმისთვის, რომ მათი კარტოფილის მოსავალი შარშანდლიდან უფრო კარგი ყოფილიყო. სოფელ ვარევანში, აქამდე არ იყო წყალი და არც ახლა არის. თუნდაც ქალაქი ახალქალაქი. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. წინა 8 წელიწადში აქედან არავინ არ დასაქმებულა. ეკონომიკა და რეგიონი დეგრადაციისკენაა მიდრეკილი.

რა აუთვისებელი რესურსები არსებობს მუნიციპალიტეტში და არჩევის შემთხვევაში, როგორ აპირებთ მათ ათვისებას?

სამცხე- ჯავახეთში კვადრატულ კილომეტრზე უამრავი ტბა არის. არც ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა ტურიზმის განვითარების მიზნით გამოყენებული არ არის. თუ ჩართავთ ტელევიზორს, ნახავთ, რომ ყველა ტურიზმის განვითარებაზე საუბრობს. კითხვა გაგიჩნდებათ - არ იციან ნეტავ სამცხე-ჯავახეთის შესახებ, ინფორმაციას არ ფლობენ? რაბათმა მთელი რეგიონი ტურისტულ ცენტრად აქცია, თქვენ იცით, რომ ახალქალაქში ციხე არის, რომელსაც რაბათზეც კი მეტი შესაძლებლობა აქვს? ეს ტერიტორია უბრალოდ მიტოვებულია.

სოფლის მეურნეობის კულტურა. წინა ხელისუფლების ფარგლებში ვეცადეთ, რომ კარტოფილის კულტურაზე მეტი გაგვეკეთებინა რეგიონში. ვეცადეთ ,სიმინდისა და წიწიბურას კულტურის დანერგვას. სიმინდი არ გამოგვადგა, მაგრამ წიწიბურას პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ეს ხელისუფლება მოვიდა და მხოლოდ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დანერგილი იყო წიწიბურას კულტურა, არ გააგრძელა პროექტი. ის ტერიტორიები ახლა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა თუ გაქვთ?

ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ხვალინდელი გეგმაც კი არ აქვს. ჩემი არჩევის შემთხვევაში, რაღაც გეგმის დაწერის შემთხვევაში, ვიქნები მინიმუმ მეზღაპრე. უნდა ჩავატაროთ ღია შეხვედრები ხალხთან. არ შეიძლება, რომ ერთნაირი გეგმა შემუშავდეს სხვადასხვა საჭიროებების მქონე სხვადასხვა სოფლებისთვის. ჩემი არჩევის შემთხვევაში, უნდა შეიკრიბოს ის ხალხი, ვინც ამდენი წელია იბრძვის რეგიონის განვითარებისთვის. უნდა კონკრეტულად ჩავწეროთ, რა და როგორ გვჭირდება და შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ ვაქციოთ რეალობად ეს გეგმები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ელექტორატი სპეციფიკურია, ყველა არჩევნებზე მმართველ პარტიას აქვს ყველაზე მაღალი შედეგები. როგორც ადგილობრივი ოპოზიციური ძალა, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

მე ჩემ თავს არ ვთვლი უმცირესობად, ვთვლი, რომ საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ და ჩემი კულტურით, ტრადიციებით, ვრჩები სრულყოფილ სომხად, მაგრამ არის ტენდენცია რომ ვართ უმცირესობა და არაფერს ვწყვეტთ. ამ ტენდენციამ მოგვიყვანა რეგიონში პოლიტიკური კულტურის დეგრადაციამდე. „არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ვინ არის, ჩვენ უნდა მხარი დავუჭიროთ, რომ მოიგოსო“. აქ ჩნდება კითხვა, თუ ჩვენ არაფერს ვწყვეტთ, მაშ რატომ გვემუქრებიან, რატომ ხდება ჩვენი მომხრეების მოსყიდვა?

წინასაარჩევნო გარემოს როგორ შეაფასებთ?

მოვედით ისეთ პარადოქსამდე, რომ სრული რეგრესი გვაქვს. არ მახსენდება ისეთი სიტუაცია, რომ ჰენზელ მკოიანის დროს, ჩვენი ბიზნესმენებს არ აიძულებდნენ ინვესტიციას და შემოწირულობას. ახლა კი, სულ რაღაც ორ კვირაში, ადგილობრივი ბიზნესმენები აიძულეს, მმართველ პარტიას შემოწირულობის სახით 600 000 ლარი გადაურიცხონ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი