სოსო მანჯავიძის დეზინფორმაცია „ალტ-ინფოს“ ეთერში

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 26 აგვისტოს გადაცემა „ალტ-ინტერვიუს“ სტუმარმა, სოსო მანჯავიძემ, კორონავირუსსა და ვაქცინებთან დაკავშირებით მრავალი მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცება გაავრცელა (ბმული 1, ბმული 2).

მტკიცება 1: ელიტებმა ხალხს შთააგონეს, რომ აუცრელები აცრილებისთვის საშიშები არიან, რაც ტყუილია

სინამდვილეში, აუცრელი ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ თავს უქმნიან საფრთხეს, არამედ საზოგადოებასაც. ისინი ახალი შტამების გამავრცელებელი პირველი წყაროები არიან. ვირუსი არავაქცინირებულ ადამიანებში უფრო მეტად ცირკულირებს, რაც ვირუსის მუტაციის რისკს საგრძნობლად ზრდის. მუტაციაგანცდილი ვირუსი ახალ თვისებებს იძენს. მაგალითად, შესაძლოა ის უფრო გადამდები გახდეს. ინფექციონისტი ალექსანდრა გოგინავა განმარტავს, რომ აუცრელებს დაინფიცირებისა და დაავადების გავრცელების მეტი შანსი აქვთ. შესაბამისად, ახალი შტამების წყაროები აუცრელი ადამიანები არიან. გარდა ახალი შტამებით გამოწვეული სირთულეებისა, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გოგინავა არავაქცინირებულ კოვიდპაცინტებში დაავადების უფრო რთულ მიმდინარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მთლიანად ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას იწვევს. გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა კი თითოეული ინდივიდის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

მტკიცება 2: ვაქცინაცია უფრო მეტ საფრთხეს აჩენს, ვიდრე თავად კორონა. ვაქცინას სხვადასხვა დაავადებებზე გამოცდა არ გაუვლია, პანდემიის დროს აცრა დაუშვებელია

აღნიშნული დეზინფორმაცია ვაქცინაციის დაწყების პროცესიდანვე საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2). დეზინფორმატორების გარკვეული ნაწილი ამტკიცებდა, რომ ვაქცინა გამოუცდელია და გრძელვადიან პერიოდში სხვადასხვა დაავადების განვითარებას გამოიწვევს. Covid-19-ის ვაქცინები ნამდვილად შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

ვაქცინების ტესტირება, მასობრივ წარმოებაში გაშვებამდე, რამდენიმე საფეხურს გადის, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. თავდაპირველად, პრეკლინიკურ ეტაპზე ვაქცინა ცხოველებზე იტესტება და აკვირდებიან, ისინი იმუნურ რეაქციას გამოიმუშავებენ, თუ - არა. კლინიკური ტესტირების პირველ ფაზაში ვაქცინას ადამიანთა მცირე ჯგუფს აძლევენ, რათა მისი უსაფრთხოება დაადგინონ და მის მიერ გამოწვეული იმუნური რეაქცია უკეთ შეისწავლონ. მეორე ფაზის განმავლობაში ვაქცინა გაცილებით მეტ ადამიანს (რამდენიმე ასეულს) უკეთდება და მეცნიერები მის უსაფრთხოებასა და დოზირებაზე დამატებით ინფორმაციას იღებენ. მესამე ფაზაში ვაქცინაცია ათასობით ადამიანზე, განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე იტესტება, რათა მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურდეს. გარდა ამისა, ამ ფაზაში იშვიათი გვერდითი მოვლენების გამოვლენა ხდება. მესამე ფაზის გამოცდები საკონტროლო ჯგუფსაც მოიცავს, რომელსაც პლაცებოს (ნივთიერება სამკურნალო თვისებების გარეშე, რომელსაც წამლის საშუალების სახით იყენებენ) უკეთებენ. ყველა ავტორიზებულ ვაქცინას სამივე საფეხური გავლილი აქვს. პანდემიის პირობებში, Covid-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამაც შეუწყო ხელი.

დეზინფორმატორების გარკვეული ნაწილი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში მასობრივი ვაქცინაციის შედეგად, ვირუსმა შეიძლება მდგრადობა მოიპოვოს, განიცადოს ისეთი მუტაციები, რაც შემდეგ კაცობრიობას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე SARS-CoV-2-ის ვირუსმა ნამდვილად განიცადა მუტაცია (ბრიტანეთში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში) და მისი რამდენიმე ვარიანტი განვითარდა - ე.წ. ბრიტანული ვარიანტი (B.1.1.7), სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (B.1.351), „ინდური შტამი“ (B.1.617).

მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნას არ შეაჩერებს. ამის საპირისპიროდ, ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვირუსი უფრო მეტად ცირკულირებს არავაქცინირებულ ადამიანებში, შესაბამისად, ვაქცინაციის შეწყვეტა ხელს შეუწყობს ვირუსის საზოგადოებრივ და პლანეტარულ გავრცელებას, რაც ვირუსის მუტაციის რისკს ზრდის. სწორედ, იმავე მოსაზრებას აჟღერებს ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი დევი შრიდჰარი: „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“. შესაბამისად, ამ სიტუაციიდან გამოსავალს მეცნიერები საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრაში ხედავენ.

მტკიცება 3: Pfizer-ით ვაქცინაციის დაწყებიდან 1 წლის მანძილზე აცრილთა ნახევარს ვაქცინის ნაცვლად პლაცებო გაუკეთდათ

სოსო მანჯავიძის მტკიცება, თითქოს უკვე ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ, რომ 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე, Pfizer-ით „აცრილ“ ადამიანთა 50%-ს ვაქცინის ნაცვლად პლაცებო გაუკეთდათ, ტყუილია. აღნიშნული დეზინფორმაცია სათავეს ამერიკელი ანტივაქსერი ექიმის, ჯეინ რუბის, ინტერვიუდან იღებს. 23 აგვისტოს, სტივენ პეტერსის შოუში პირდაპირი ჩართვისას რუბიმ განაცხადა, რომ პლაცებოს შესახებ ინფორმაციის მოძიება მისთვის ფაიზერის შესახებ ახალი დოკუმენტების გამოქვეყნების შედეგად გახდა შესაძლებელი. ჯეინ რუბი 23 აგვისტოს, ფაიზერისთვის FDA-ის ავტორიზაციის მიღების შემდეგ განახლებული დოკუმენტაციის შესახებ საუბრობს. აღნიშნულ დოკუმენტებში, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ვაქცინირებულთა 50%-ის პლაცებოთი აცრის შესახებ, არაფერია ნათქვამი.

პლაცებოს გამოყენება მხოლოდ ვაქცინის კლინიკური კვლევების დროს მოხდა, რომელშიც ჯამში 44 047 ადამიანი მონაწილეობდა. მათ 50%-ს Pfizer-ის ვაქცინის მაგივრად პლაცებო გაუკეთდათ. მას შემდეგ, რაც მესამე ფაზის კლინიკური კვლევები დასრულდა და ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭა, პლაცებო ვაქცინის ნაცვლად არ გამოუყენებიათ. Pfizer-ის კლინიკური კვლევის ბოლო - მესამე ეტაპი, 18 ნოემბერს დასრულდა.

შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „50% პროცენტი Pfizer-ით აცრილებიდან 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე, დადასტურებულად პლაცებოთი აცრეს“, ყალბი და უსაფუძვლოა.

მტკიცება 4: ი-რნმ ვაქცინა არ არის ვაქცინა, ეს არის გენური თერაპია, მისმა შემმუშავებელმა მელოუნმა თქვა, რომ მასობრივი ვაქცინაცია არ შეიძლება

დეზინფორმაცია, თითქოს ი-რნმ-ზე დაფუძნებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, სინამდვილეში, საშიში გენური თერაპიაა, რომელიც ადამიანში იმუნიტეტის გამომუშავებას კი არ უწყობს ხელს, არამედ ქრონიკულ აუტოიმუნურ დაავადებას იწვევს, აქამდეც არაერთხელ გავრცელდა. ყალბი ინფორმაციის ერთ-ერთი ავტორი რობერტ მელოუნია, რომელსაც დეზინფორმატორები ი-რნმ ტექნოლოგიის შემქმნელად მოიხსენიებენ.

ის კოლეგებთან ერთად რნმ ტექნოლოგიის განვითარებაზე მართლაც მუშაობდა, თუმცა კორონავირუსის ვაქცინებში გამოყენებული რნმ ტექნოლოგიის ფუძემდებლად უნგრელი ბიოქიმიკოსი კატალინ კალიკო და მისი კოლეგა, დრიუ ვაისმენი, ითვლებიან. რობერტ მელოუნი ვექტორული ვაქცინის გამომგონებლად მხოლოდ საკუთარ ვებგვერდზე, Twitter-ისა და LinkedIn-ის ანგარიშზეა მოხსენიებული. 1989 წელს მან გამოაქვეყნა ნაშრომი, სათაურით, Cationic liposome-mediated RNA transfection, რომელმაც რნმ ტექნოლოგიის შემდგომ განვითარებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა აღნიშნული მელოუნს რნმ ვაქცინების შემქმნელად არ აქცევს. აღსანიშნავია, რომ მელოუნი ფაქტების გადამოწმების პლატფორმას - Logiaclly - დაუკავშირდა და აღიარა, რომ რნმ ვაქცინები მას არ გამოუგონებია, თუმცა „ვაქცინის ტექნოლოგიის პლატფორმა“ ნამდვილად მან გამოიგონა.

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წინააღმდეგ მელოუნის მწვავე კრიტიკას, ის მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ემყარება. მელოუნი ვაქცინების გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგიის (antibody-dependent enhancement (ADE)) კავშირზე საუბრობს. ანტისხეულებზე გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგია არის მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანის სხეულში არსებული ანტისხეულები ვირუსით გამოწვეულ ინფექციას არ ბლოკავს, არამედ უჯრედების დაინფიცირების უნარს ზრდის, რაც უფრო მძიმე დაავადებებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ვაქცინებზე მუშაობისას გაძლიერებული იმუნური სისტემის პათოლოგიაზე (ADE) ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ. თუმცა კორონავირუსის კლინიკური კვლევებისა და მისი გამოყენებაში ჩაშვების შემდეგ, ვაქცინების მიერ ამ პათოლოგიის გამოწვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მტკიცება 5: ვირუსის უსიმპტომო გადამტანი არ არსებობს

მტკიცება, თითქოს ვირუსის უსიმპტომო გადამტანი არ არსებობს, ყალბია. დღემდე გავრცელებული ინფორმაციის და კვლევების თანახმად, კორონავირუსის გამავრცელებელი შეიძლება იყოს, როგორც სიმპტომური, ისე უსიმპტომო პაციენტი. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მოდელის მიხედვით, ვირუსის გავრცელება-გადაცემის 59% სწორედ უსიმპტომო გადაცემაზე მოდის, მათგან 35% პრესიმპტომურ პირებზე (პირები, რომლებსაც სიმპტომები მოგვიანებით უვითარდებათ) და 25% მათზე, ვისაც საერთოდ არ უვითარდებათ სიმპტომები (ასიმპტომური პაციენტები). შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულები არიან, მაგრამ სიმპტომებს არ ავლენენ, ვირუსის გავრცელება ჩვეულებრივ შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ ისინი ნაკლებად იზოლირებულები არიან.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი