დეზინფორმაცია: ვაქცინაციის შედეგად ევროპის მასშტაბით 21 776 ადამიანი გარდაიცვალა, 2 052 734-ს კი გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 22 აგვისტოს, Facebook-მომხმარებელმა Mano Beridze-მ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 14 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, ევროპის მასშტაბით ვაქცინაციის შედეგად 21 776 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 052 734-ს გვერდითი ეფექტი გამოუვლინდა. პოსტში ბერიძე ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოზიციასაც აფიქსირებს და იმუნიზაციის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს. რეალურად, პოსტში გავრცელებული მონაცემები მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ Facebook-მომხმარებელი პოსტში არ აფიქსირებს, თუ რომელ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობს. რეალურად, ევროკავშირში ვაქცინების ავტორიზაციაზე ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) არის პასუხისმგებელი. EMA-ს კი თავის მხრივ, ავტორიზაცია - ევროკავშირის მასშტაბით, ოთხ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე აქვს გაცემული. ესენია: Pfizer/BioNTech, Vaxzevria - (AstraZeneca), Moderna, Janssen (Johnson & Johnson). 2021 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით, EMA-მ ამ ოთხი ვაქცინის უსაფრთხოების განახლებები (safety updates) და მათთან დაკავშირებული გარდაცვალების/გვერდითი მოვლენების მონაცემები გამოაქვეყნა.

უსაფრთხოების განახლებაში ადმინისტრირებული ვაქცინების რაოდენობა, მასთან შესაძლო კავშირში დაფიქსირებული გარდაცვალება და გვერდითი მოვლენებია მითითებული. აღსანიშნავია, რომ შესაძლო გარდაცვალებებისა და შემჩნეული გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების განახლებაში ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ბაზაზე არსებულ EudraVigilance-ის (European database of suspected adverse drug reaction reports) მონაცემებზე დაყრდნობით ხვდება. ცნობისთვის, EudraVigilance ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) ადრეული გაფრთხილების სისტემაა, რომელიც ევროპის მასშტაბით, მედიკამენტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულ გვერდით მოვლენებს ასახავს. EMA-ს გამოქვეყნებული უსაფრთხოების განახლების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

ვაქცინის დასახელება ადმინისტრირებული ვაქცინების რაოდენობა დროის მონაკვეთი EudraVigilance–ში დაფიქსირებული საეჭვო გვერდითი მოვლენები EudraVigilance–ში დაფიქსირებული საეჭვო გვერდითი მოვლენებიდან ფატალური შედეგით დასრულებული შემთხვევები
Pfizer/BioNTech 330 მილიონზე მეტი დოზა დეკემბერი.2020- 29.07.2021 244 807 4 198
Moderna 43.5 მილიონზე მეტი დოზა 06.01.2021-29.07.2021 48 788 392
Vaxzevria - (AstraZeneca) 66 მილიონზე მეტი დოზა 29.01.2020- 29.07.2021 170 316 1 053
Janssen დაახლოებით 10.3 მილიონი დოზა 11.03.2021-29.07.2021 15 371 95
სულ- 479 282 სულ- 5 738

თითოეული ვაქცინის უსაფრთხოების განახლებებში ხაზგასმულია, რომ თუ რომელიმე ადამიანს რაიმე სახის სამედიცინო პრობლემა შეექმნა ან ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინის გამო მოხდა. აღნიშნული შესაძლებელია სხვა ჯანმრთელობის პრობლემით იყოს განპირობებული, რომელსაც ვაქცინაციასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

ცნობისთვის, EudraVigilance-ის სისტემაში სხვადასხვა მედიკამენტისა თუ Covid-19-ის ვაქცინების გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების განთავსება სამედიცინო პერსონალს და პაციენტებს თანაბრად შეუძლიათ. ამასთან, როგორც უსაფრთხოების განახლებაშია განმარტებული, ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი გამაფრთხილებელი შეტყობინების თანახმად, ბაზაში დაფიქსირებული საეჭვო გვერდითი მოვლენები - ამა თუ იმ მედიკამენტის თუ აქტიური ნივთიერების მიმართ, არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ეს გვერდითი მოვლენები აუცილებლად ამ ნივთიერებებისა თუ მედიკამენტების მიღების შედეგად არის გამოწვეულია. მსგავსი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და დასკვნების გამოტანა (სამედიცინო პრეპარატის სარგებლიანობასა და რისკებზე) მხოლოდ შემდგომი დეტალური სამეცნიერო კვლევა-გამოძიებით არის შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინდივიდუალური შემთხვევების რაოდენობა დაფიქსირებულ გვერდით მოვლენების რაოდენობას ყოველთვის არ ემთხვევა, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ სისტემაში ერთ პირს თავის შეტყობინებაში ერთზე მეტი გვერდითი მოვლენა შეუძლია დააფიქსიროს.

ამრიგად, EMA-ს და EudraVigilance-ის მიერ წინასწარი, თითოეული შემთხვევის მოკვლევის გარეშე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში (EEA) ადმინისტრირებულ ვაქცინებთან დაკავშირებით საერთო ჯამში 479 282 საეჭვო გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა, რომელთაგანაც 5 738 გარდაცვალების შემთხვევაა. ამასთან, ეს მონაცემები დამატებით სამედიცინო-სამეცნიერო მოკვლევას საჭიროებს. იმ პირობებში, როდესაც Facebook-პოსტის ავტორი მის მიერ მოყვანილი მონაცემების წყაროს არ აფიქსირებს, ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განახლებების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Mano Beridze ან ამ კონკრეტულ მონაცემებს ავტორიზებული ვაქცინების დისკრედიტაციის მიზნით მანიპულაციურად იყენებს, ან საერთოდ არარსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ყალბ ამბავს ავრცელებს.

----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი