2021 წლის 13 აგვისტოს, Facebook-გვერდმა Politicano • პოლიტიკანო-მ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც იოსებ სტალინი და სერგო ორჯონიკიძე არიან გამოსახულნი. ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ- „ თინეიჯერი ლიბერალი: რუსები ქართველებს დევნიდნენ საბჭოთა კავშირის დროს. ქართველები საბჭოთა კავშირის დროს“. ფოტოსა და პოსტის აღწერის მიხედვით, „პოლიტიკანო“ ცდილობს აუდიტორია დაარწმუნოს, თითქოს საბჭოთა კავშირში რუსები ქართველებს არ დევნიდნენ და პირიქით, ისინი საბჭოთა კავშირის მოწინავე თანამდებობებს იკავებდნენ.

„Politicano • პოლიტიკანოს“ მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართველების დევნა და რეპრესიები არ ხდებოდა, მცდარია.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პირველი 10-15 წლის განმავლობაში - ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იყო დაკავშირებული დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან, რეპრესიული მანქანის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო. მათ შორის, უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავისი არსით დემოკრატიული პოლიტიკური პროექტი იყო, რომელსაც მრავალი ეთნიკურად არაქართველი წარმოშობის მოქალაქე უჭერდა მხარს და ქართველებთან ერთად, ისინიც კომუნისტურ სისტემის სისასტიკის სამიზნეს წარმოადგენდნენ.

„პოლიტიკანოს“ მასალის თანახმად, მოცემულ ფოტოში ეთნიკურად ქართველი „პატრიოტების“ - სტალინისა და ორჯონიკიძის სხვებზე წინ დგომა, საბჭოთა პერიოდში ქართველების პრივილეგირებულ მდგომარეობაზე მიუთითებს. პროპაგანდის აღნიშნული გზავნილი გულისხმობს იმასაც, რომ როგორც საკუთრივ სტალინის წარმომავლობა, ისე ქართველების საბჭოთა კავშირის დროს პრესტიჟული მდგომარეობა, დღეს ქართველებისთვის სიამაყის საგანი უნდა იყოს. სტალინის ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტი იმ რეალობისა და კონტექსტის გამრუდებაა, რის გამოც საბჭოთა რუსეთმა საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოჭრის გადაწყვეტილება მიიღო. საკითხის ამგვარად დასმა, ასევე იმას უგულებელყოფს, თუ როგორ და რატომ მოხდა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და გამოხატავდა, თუ - არა ეს მოვლენა საქართველოს ხალხის ნებას.

1921 წლის 11 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე დაწყებული შეიარაღებული თავდასხმით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი დაიწყო, რომელიც ერთ თვეს გაგრძელდა. 17 მარტს რუსეთის მიერვე 1920 წლის 7 მაისს დე იურედ აღიარებული საქართველოს ოკუპაცია მოხდა. ოკუპაციის შედეგად, საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტები დაამხო და მოქალაქეთა აზრის გაუთვალისწინებლად საქართველო 1922 წელს შექმნილ ტოტალიტარულ სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირს, შეუერთა.

საბჭოთა რეპრესიების პირველი ტალღის პოლიტიკურ ფოკუსზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის შემდეგი სტატისტიკა: 1919 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დამფუძნებელი კრების 139 დემოკრატიულად არჩეული წევრიდან, 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ქვეყანაში 108 დეპუტატი დარჩა, საიდანაც, საბოლოო ჯამში, 51 სიკვდილით დასაჯეს. რეპრესიების, მათ შორის - დეპორტაციების მსხვერპლად, 37-ზე მეტი პარლამენტარი იქცა. მათ შორის იყო ეთნიკურად აფხაზი დეპუტატი და აფხაზეთში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ვასილ გურჯუა, რომელიც 10 დეპუტატთან ერთად 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ დახვრიტეს.

„პოლიტიკანოს“ მასალა გვარწმუნებს, რომ საბჭოთა კავშირში ქართველების ჩაგვრა უსაფუძვლო მტკიცებაა. ვასილ გურჯუას და სხვა მრავალი მსგავსი ისტორია კი გვაჩვენებს, რომ საბჭოთა კავშირის ფოკუსს საქართველოში საქართველოს, როგორც პოლიტიკური იდეის და მასთან დაკავშირებული როგორც ეთნიკურად ქართველი, ასევე არაქართველი საქართველოს მოქალაქეების განადგურება წარმოადგენდა.

პოლიტიკური რეპრესიების პირველი ტალღის კულმინაციად 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდგომი პერიოდი იქცა. 1924 წლის აგვისტო-ოქტომბერში სიკვდილით 3000 ადამიანზე მეტი დასაჯეს, მათ შორის, თბილისის პირველი დემოკრატიულად არჩეული მერი ბენიამინ ჩხიკვიშვილი. 1930-იანი წლების არანაკლებ მასშტაბური რეპრესიები პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის ფიზიკური განადგურების შემდეგ განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინის სახელთან არის დაკავშირებული ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი პოლიტიკური რეპრესიების კამპანია - დიდი წმენდა, იგივე „დიდი ტერორი“ მთელს საბჭოთა კავშირში განხორციელდა, საქართველოში ის საზოგადოების ძალიან ფართო ფენებს შეეხო. დიდი ტერორის დასაწყისად, 1937 წლის 30 ივლისი მიიჩნევა, დღე, როდესაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (Народный комиссариат внутренних дел –НКВД) № 00447 საიდუმლო ბრძანებას - „ყოფილი კულაკების, კრიმინალებისა და სხვა სახის ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესიის შესახებ“- მოეწერა ხელი. ამ დღიდან საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკების კავშირში (სსრკ) ფართო მასშტაბის პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო. „დიდი ტერორის“ პერიოდში ექსპერტების ვარაუდით, დაახლოებით 750 000 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მილიონზე მეტი ადამიანი კი შრომით ბანაკებში ე.წ. გულაგებში იძულებით გაგზავნეს.

საქართველოს შემთხვევაში რეპრესიების მასშტაბზე მიახლოებულ წარმოდგენას ქმნის თავად საბჭოთა უშიშროების მონაცემი, რომლის თანახმადაც, 1991 წლამდე სულ დაახლოებით დაპატიმრებული იყო 80,000 პირი. მკვლევართა კონსერვატიული შეფასებით, 1921-1953 წლებში სიკვდილით დასაჯეს 20,000 ადამიანამდე. 1937-1938 წლებში უშუალოდ სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით დახვრიტეს 11,000 ადამიანი. განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და სოხუმში.

პოლიტიკური კლასის განადგურების შემდეგ საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კომუნისტური სისტემისთვის ყველა მიუღებელი ელემენტი - მაგალითად, საბჭოთა სისტემის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი არტისტები, მწერლები, შეძლებული გლეხები და ცოცხლად დარჩენილი სასულიერო პირები ხდებოდნენ. 1930-იანი წლების რეპრესიებს ასევე ემსხვერპლა ვეტერანი კომუნისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა. დღემდე შემონახულია დასახვრეტი ადამიანების სიები, რომლებსაც პირადად სტალინი აწერდა ხელს.

სტალინის მიერ ხელმოწერილი ერთ-ერთი სია

გარდა ზემოთ ხსენებული პოლიტიკური ელიტისა, ამ წლებში ინტელიგენციის დიდი ნაწილი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, სანდრო ახმეტელის, ევგენი მიქელაძისა და სხვათა სახით.

საბჭოთა რეპრესიების წყალობით, 1941-1951 წლებში მასობრივი, ეთნიკური დეპორტაციის მსხვერპლი დაახლოებით 114 000 ადამიანი გახდა. ამასთან, უცნობია შიდა ციხეებში (სამძებრო იზოლატორებში), ბანაკებსა და კოლონიებში დაღუპულთა რაოდენობა, ხოლო პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ადამიანების რიცხვი 10-15 ათასამდე მერყეობს.

საქართველოს კომპარტიის ლიდერის, ლავრენტი ბერიას დეპეშა იოსებ სტალინისადმი გაგზავნილი - თხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გაეზარდოს პირველი კატეგორიის სასჯელის (პირველი კატეგორია -დახვრეტა, მეორე კატეგორია -გადასახლება) ლიმიტი 1000 კაცით და მეორე კატეგორიის ლიმიტი 500 კაცით. დეპეშაზე ჩანს სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების თანხმობა.

საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი დადგენილი არ არის, თუმცა 90-იან წლებში გახსნილი სტალინური არქივების მიხედვით, ფაქტია, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და მათ შორის საქართველოშიც, რეპრესიებს ათასობით და ათი ათასობით მსხვერპლი ჰყავს.

შესაბამისად, „პოლიტიკანოს“ მტკიცება, თითქოს საბჭოთა კავშირში რუსები ქართველებს არ სდევნიდნენ, სიცრუეა და პრორუსული პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენს.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი