იტვირთება

20 ივლისს „ქართული TV“ ეთერში ანტივაქსერული და დეზინფორმაციული შინაარსის გადაცემა გავიდა. გადაცემის წამყვანმა მაკა ბრეგაძემ და მისმა სტუმარმა გიორგი ლილუაშვილმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაციული გზავნილი გააჟღერეს. ვაქცინებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელების გარდა, ისინი მოსახლეობას პირდაპირ მოუწოდებდნენ, ვაქცინა არ გაეკეთებინათ. პანდემიის პირობებში, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკშია, მსგავსი მოწოდებები და დეზინფორმაციული გზავნილები მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

მტკიცება: 16 წლიდან ბავშვები თუ 2 დოზით არ იქნებიან აცრილი სკოლებში არ დაიშვებიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ფაიზერით“ აცრის შემთხვევაში 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის დასაშვები. სხვა ვაქცინების შემთხვევაში ასაკობრივი ზღვარი 18 წელია.

აღსანიშნავია, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 16 წლის და ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდებული, რადგან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის კვლევის პროცესში მონაწილეობა 16-18 წლის ასაკის პირებმაც მიიღეს, რითაც ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში დასტურდება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, ბავშვებში COVID-19-ის აცრის სავალდებულოობაზე და კონკრეტულ სანქციებზე (სკოლებში არ დაშვებაზე) ინფორმაცია არის ყალბი ამბავი.

მტკიცება: ეს ვაქცინები განკუთვნილი იყო ალფა შტამებზე, ვირუსმა მუტაცია განიცადა, შესაბამისად, ეს ვაქცინები არათუ შედეგს ვერ გამოიღებს, პირიქით, უკუჩვენებები მეტია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

SARS-COV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის და ახალი ვარიანტები წარმოიქმნება. პირველი მუტირებული ვარიანტი ბრიტანული შტამი (ალფა ვარიანტი) იყო. ამ ეტაპზე, მსოფლიოში დელტა ვარიანტია (ე.წ. ინდური შტამი) დომინანტური. ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, თუმცა დაავადების მძიმე გართულების და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება.

სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ფაიზერის [2 დოზა] ეფექტურობა 88%-ია. ასტრაზენეკას ვაქცინა კი [ორი დოზა] „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით ეფექტურია.

ისრაელის კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის ვაქცინის სიმპტომური კოვიდისგან დაცვის მაჩვენებელი 40.5%-მდე შემცირდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 88%-ია, ხოლო დაავადების კრიტიკული მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან დაცვის მაჩვენებელი - 91%-ზე მეტი.

ინგლისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ორი დოზით ვაქცინირებულ პირებში, კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირების რისკი 50-60%-ით არის შემცირებული.

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ფაქტ-მეტრთან“ განაცხადა: „ყველა ავტორიზებული ვაქცინა (მათ შორის სინოფარმი და სინოვაკი) გვიცავს დაავადების მძიმე გართულებისგან და სიკვდილისგან, ყველა შტამის შემთხვევაში. ტრენდს თუ დავაკვირდებით ვაქცინირებულ მოსახლეობაში, სადაც ახალი შტამებით ინფიცირება მზარდია, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდეა“.

მტკიცება: ვაქცინირებულ ადამიანებს აქვს/შეიძლება შეექმნათ უშვილობის პრობლემა... როდესაც ეს ვაქცინები შემოვიდა, პირდაპირ იყო მითითება სპერმის გაყინვაზე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მუდმივად ვრცელდება ყალბი ამბების იმის შესახებ, რომ ვაქცინა უნაყოფობას ან სტერილიზაციას იწვევს. არც ერთი ვაქცინის გვერდით ეფექტს პოტენციური უშვილობის საფრთხე არ წარმოადგენს. ამასთან, დღემდე საერთაშორისო ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ აღიარებული არცერთი ვაქცინის ანოტაციაში, მოწოდება სპერმის გაყინვის შესახებ არ არსებობს.

„ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოების“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაციის“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) ცნობით, აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება და არც თეორიული მიზეზი არსებობს იმისა, რომ რომელიმე კოვიდვაქცინას ქალის ან მამაკაცის ნაყოფიერებზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია.

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინაცია ორსულობასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას იწვევს. ვაქცინები, მათ შორის COVID-19 ვაქცინები, ნაყოფიერების პრობლემებს არ წარმოქმნის (ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

მტკიცება: ვაქცინების შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არ არის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ავტორიზებული კოვიდვაქცინების შემადგენლობის და მათი მოქმედების მექანიზმის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის გამოქვეყნებული.

კოვიდვაქცინების რამდენიმე ტიპი არსებობს. ი-რნმ ვაქცინები (Pfizer/BioNTech და Moderna) ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსის ან მისი ცილის ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი სპაიკცილის წარმოქმნას იწყებს, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება.

ვექტორული ვაქცინები (როგორიცაა ასტრაზენეკა) იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის [1] შესახებ ინსტრუქცია ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად უჯრედი ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, იწყებს, რომელსაც იმუნური სისტემა ამოიცნობს და საპასუხოდ ანტისხეულები წარმოიქმნება.

ი-რნმ და ვექტორული კოვიდვაქცინების დეტალური შემადგენლობა მიმოხილულია „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ინაქტივირებული ვაქცინები (სინოფარმი, სინოვაკი) ტრადიციული მეთოდით შემუშავებული ვაქცინებია. ამ ტიპის ვაქცინები ვირუსის ფრაგმენტს შეიცავს. ვირუსის ინაქტივაცია ქიმიური ნივთიერებით ხდება, რომელსაც მცირე რაოდენობით ალუმინშემცველი ნაერთი - ადიუვანტი ემატება, რომელიც იმუნიტეტის სტიმულირებას იწვევს. აღნიშნული ვაქცინები იმუნურ სისტემას ასწავლის, გამოიმუშაოს ანტისხეულები SARS-CoV-2-ის ვირუსის წინააღმდეგ (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია სინოფარმის ვაქცინის შესახებ).

მტკიცება: ვაქცინაციის წინაპირობა მოსახლეობის შემცირებაა, 7.5 მლრდ-დან 1.5 მლრდ -მდე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების გართულების და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებენ. ამრიგად, ვაქცინების ერთადერთი მიზანი, სიცოცხლის გადარჩენაა და არა პირიქით.

დეზინფორმაცია, თითქოს ვაქცინების მიზანი მოსახლეობის შემცირებაა, პანდემიის პერიოდში არაერთხელ გავრცელდა. აღნიშნული კონსპირაციის მტკიცებულებად კი ბილ გეითსის სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას ავრცელებენ.

2011 წელს TED კონფერენციაზე „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ბილ გეითსმა სიტყვით გამოსვლის დროს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულოვან დონემდე დაყვანის გეგმაზე ისაუბრა. ბილ გეითსი განმარტავს, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონეს სამყაროში რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს, მათ შორისაა, მოსახლეობის რაოდენობა. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მან აღნიშნა: „დღეს მსოფლიო მოსახლეობა შეადგენს 6.8 მილიარდს. ეს რაოდენობა მოიმატებს 9 მილიარდამდე. თუ ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ახალი ვაქცინების შემუშავებისა და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ მოსახლეობის ზრდის ტემპს 10-15 პროცენტით შევამცირებთ“.

მტკიცება, რომ ბილ გეითსის მიზანი ვაქცინაციით მოსახლეობის შემცირებაა, ყალბი ამბავია. ბილ გეითსი მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელებაზე საუბრობს და არა მოსახლეობის შემცირებაზე. ამასთან, ბილ გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობას შეამცირებს, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის ზრდის ტემპს შეანელებს. როგორც ცნობილია, განვითარებად ქვეყნებში მრავალშვილიანობა დიდი რაოდენობის მუშახელის საჭიროებით და განუვითარებელი ჯანდაცვის პირობებით აიხსნება (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

[1] სპაიკცილა COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილაა, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა, როგორც უცხოს და იწყებს მის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი