ბადრი ჯაფარიძე: 2018 წელს დაიწყო მასირებული დევნა სხვადასხვა ინსტიტუტის გამოყენებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმართულ საქმეში საეჭვო და ბუნდოვანი გარემოებების ქრონოლოგია 2018 წლიდან იღებს სათავეს. მას შემდეგ განვითარებული მოვლენების ერთობლიობა, მათ შორის, მედიაში წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია დევნის დაწყებასთან დაკავშირებით; გამოძიების დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ მსხვილი ბანკების („თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“) უარყოფით კონტექსტში მოხსენიება და ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების მხარდამჭერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ერთგვარი კრიტიკა; გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა; „თიბისი ბანკის“ უპრეცედენტოდ ძველი ტრანზაქციის შესწავლის დაწყება გაურკვეველი მიზეზებით და, ზოგადად, გამოძიების დაწყების მიზანი და საფუძველი; სოციალურ ქსელებში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიის დაწყება და, საბოლოოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩავარდნა, საქმის პოლიტიკურ მოტივებზე მიუთითებს და მასში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ამასთან, დღესდღეობით, თითქმის ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეში ცალსახა პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსაც.

შესაბამისად, საქმის გარშემო არსებული ყველა გარემოების გათვალისწინებით, ბადრი ჯაფარიძის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც სიმართლე.

ანალიზი

მიმდინარე წლის 9 ივნისს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წელს ხელისუფლების მხრიდან დაიწყო მასირებული დევნა სხვადასხვა ინსტიტუტის გამოყენებით. „იყო ეროვნული ბანკი ჩართული, სამწუხაროდ, პროკურატურა; იყო ყოვლად მავნებლური ქმედებები მათი მხრიდან იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით პოლიტიკურად არასასურველები და რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს ქვეყანას, ერთ-ერთი ამის შემოქმედი კი ჩემთვის იყო გახარიაც, რადგან მაგ დროს ის იყო ხელისუფლებაში და იყო დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან“, - განმარტა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ ჯაფარიძის აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და შეაფასა, როგორც სიმართლე.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძეს, და მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინა. ბრალის წარდგენას წინ რიგი გარემოებები უძღოდა, რომელთაც ხელისუფლების მხრიდან საქმის მიმართ პოლიტიკურ ინტერესებზე, საფუძვლიანი ვარაუდები გააჩინა, მათ შორის, მედიაში წინასწარ გავრცელებული ინფორმაცია დევნის დაწყებასთან დაკავშირებით; გამოძიების დაწყებამდე ბიძინა ივანიშვილის მიერ მსხვილი ბანკების („თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“) უარყოფით კონტექსტში მოხსენიება და ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების მხარდამჭერი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ერთგვარი კრიტიკა; გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა; „თიბისი ბანკის“ უპრეცედენტოდ ძველი ტრანზაქციის შესწავლა და, ზოგადად, გამოძიების დაწყების მიზანი და საფუძველი; სოციალურ ქსელებში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიის დაწყება და ა.შ.

საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ვარაუდები საბოლოოდ დევნის დაწყების შემდეგ განვითარებული გარემოებების ერთობლიობამაც გაამყარა, კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩავარდნამ, რამაც ქვეყნის იმიჯი და ინტერესები დააზიანა.

დღესდღეობით, თითქმის ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ საქმეში ცალსახა პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. კითხვები აქვთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებსაც. აღსანიშნავია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

ეროვნული ბანკის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თიბისი ბანკის შემთხვევა არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ხუთ წელზე უფრო ხანდაზმული ტრანზაქციის შესწავლა მოითხოვა და მანამდე მსგავსი ფაქტი არ ყოფილა.

საკითხის ერთი მხარეა, ჩაიდინეს, თუ - არა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა სისხლისსამართლებრივი დანაშაული, როგორც მათ გამოძიება ედავება და რაც ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას. თუმცა, მეორე მხრივ, მოვლენების ქრონოლოგია, არაერთი საეჭვო და ბუნდოვანი გარემოება, „თიბისი ბანკის“ საქმის პოლიტიკურ სარჩულზე მიანიშნებს და მასში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეტი თვალსაჩინოებისთვის „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, ქრონოლოგიურად მიმოეხილა 2018 წლიდან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების გარშემო განვითარებული ის ძირითადი მოვლენები, რომლებიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ, პოლიტიკურ დევნადაა აღქმული და რამაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება არაერთხელ მიიქცია.

ქრონოლოგია ეყრდნობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ მომზადებულ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ გამოძიების ისტორიასა და სხვადასხვა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქმის გარემოებებზე.

2018 წლის 13 ივნისს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა და განმარტა, რომ მას და ბიძინა ივანიშვილს რიგ ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ პრემიერის გადადგომის წინა დღით, 12 ივნისს, გამართულ „ქართული ოცნების“ დახურულ სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ანაკლიის მშენებარე პორტი იყო. [1]

ჯერ კიდევ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებამდე, 2018 წლის 12 ივლისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავდა.

2018 წლის 24 ივლისს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კვირიკაშვილის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა. „ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა… ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას [გიორგი] კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით… მას აღარ შეეძლო მართვა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა კვირიკაშვილზე საუბრისას. პარალელურად, „იმედინიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკური გუნდის მიმართ არსებულ პრეტენზიებში „თიბისი ბანკის" ხელმძღვანელის მამუკა ხაზარაძის სახელი და ანაკლიის პორტის პროექტი ფიგურირებდა.

საერთო ჯამში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა არაერთი საფუძვლიანი კითხვა და ეჭვი გააჩინა, რომ მისი გადადგომა სწორედ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმეს უკავშირდებოდა. (აღსანიშნავია, რომ კვირიკაშვილისა და მამუკა ხაზარაძეს შორის მჭიდრო კავშირის შესახებ მოგვიანებით ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, კერძოდ, 2019 წლის სექტემბერში კვირიკაშვილმა მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი უწოდა).

2018 წლის 2 აგვისტოს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სავარაუდო ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების დაწყების ფაქტი უწყებამ პირველად მხოლოდ 2019 წლის 9 იანვარს დაადასტურა.

პროკურატურის განცხადებაში ეწერა: „გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, ,,თიბისი ბანკი“-საგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას“.

გამოძიებას საფუძვლად ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაედო. კერძოდ, სამსახურმა „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა 2018 წლის მაისში დაიწყო და დაასკვნა, რომ ამ აქტივობებში ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები იკვეთებოდა. მიზეზი, თავად ფინანსური მონიტორინგის სამსახური რატომ დაინტერესდა 10 წლის წინანდელი საქმით, დღემდე ბუნდოვანია, რაც აღნიშნული ძველი აქტივობების მიზანმიმართულად მოძიებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.

მოგვიანებით „სადავო“ ტრანზაქციასთან დაკავშირებით“ „თიბისი ბანკმა“ განმარტა, რომ აღნიშნული ტრანზაქცია არაერთხელ შეამოწმეს შესაბამისმა სტრუქტურებმა, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს. ამავდროულად, 2014 და 2016 წლებში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების განთავსებასთან დაკავშირებით, ტრანზაქციები დეტალურად იქნა შემოწმებული და დადებითად შეფასებული, მათ შორის, ინგლისის რეგულატორის მიერ.

2018 წლის 9 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ეროვნული ბანკმა „თიბის ბანკის“ მიზნობრივი შემოწმება ჩაატარა „სამგორი M-ის“ და „სამგორი თრეიდის“ ტრანზაქციებთან დაკავშირებით. დაახლოებით 1 თვეში, „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის ტრანზაქციებთან დაკავშირებით, მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის ხელშეკრულების წარუდგენლობის გამო ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება თიბისი ბანკის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, რაც თიბისი ბანკმა გაასაჩივრა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულება შეაჩერა.

2018 წლის 14 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი თემატური შემოწმება ჩაატარა.

2018 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, „თიბისი ბანკს“ 400-ლარიანი ჯარიმა ინფორმაციის მიუწოდებლობაზე შემოსავლების სამსახურმაც დააკისრა. ბანკის პოზიციით, საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჰქონდა. საგადასახადო ორგანომ 2018 წლის 11 ოქტომბერს სასამართლოში თიბისის მონაცემთა ბაზაში არსებული კლიენტების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე იშუამდგომლა, თუმცა 2018 წლის 24 დეკემბერს, შემოსავლების სამსახურმა სარჩელი გამოიხმო.

2018 წლის 19 ნოემბერს, ეროვნული ბანკის განკარგულებით, „თიბისი ბანკს“ ფულადი ჯარიმა 1,1 მლნ ლარის ოდენობით დაეკისრა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკს“ აეკრძალა ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე, ხოლო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინათ თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მისივე განმარტებით, საფუძვლად დაედო 2018 წლის სექტემბრის შემოწმების (რომელიც 2007-2008 წლის ტრანზაქციებს ეხებოდა) შედეგად აღმოჩენილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. როგორც ცნობილია, ტრანზაქციების შესასწავლად ეროვნულ ბანკსაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმართა. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს რეფორმების ასოციაციისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თიბისი ბანკის შემთხვევა, ხუთ წელზე უფრო ხანდაზმული ტრანზაქციის შესწავლის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მხრიდან მოთხოვნის ერთადერთი პრეცედენტია და სხვა ასეთი ფაქტი არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა უპრეცედენტო ფაქტმა საქმის მიმართ არსებულ პოლიტიკურ მოტივებზე ვარაუდები გაამყარა და ნათელი გახადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიზანმიმართულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ არა ბანკის მხრიდან დარღვევების გამოსავლენად, არამედ - კონკრეტულად „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ.

2019 წლის 9 იანვარს პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის გასაჯაროების პარალელურად, სოციალურ ქსელებში მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია დაიწყო. გამოაშკარავდა, რომ კამპანიაში ჩართული ფეისბუქ-გვერდების უმეტესობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იყო მიმართული.

2019 წლის 14 თებერვალს „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მომდევნო ორი თვის განმავლობაში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა (მამუკა ხაზარაძის) და თავმჯდომარის მოადგილის (ბადრი ჯაფარიძის) მიერ საბჭოს წევრობის დატოვება იყო მოთხოვნილი. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის ფაქტი, რომ, ეროვნული ბანკის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარმოდგენილმა პასუხმა (პოზიციამ ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით) ეროვნული ბანკის მოლოდინი ვერ დააკმაყოფილა. ეროვნული ბანკის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, როდესაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ბრალეულობა დამტკიცებული არ იყო, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების მყისიერად, 6.6%-ით გაუფასურება გამოიწვია.

უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როცა ეროვნული ბანკი მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ საუბრობდა, პროკურატურაში გამოძიება გაცილებით მძიმე, ფულის გათეთრების ფაქტზე წარიმართა. ამ გარემოებამ ვარაუდები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ეროვნული ბანკი კონკრეტულ ტრანზაქციაში ფულის გათეთრების ნიშნებს დაინახავდა, მას შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონოდა და მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტზე რეაგირებით არ უნდა შემოფარგლულიყო.

მაშინ, როცა შექმნილი ვითარების გამო, მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების ხელშეშლაზე ალაპარაკდა, ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ „თიბისი ბანკის“ საქმეში პოლიტიკურ ქვეტექსტებსა და კითხვის ნიშნებს ვერ ხედავდნენ.

2019 წლის თებერვალში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „თიბისი ბანკიდან“ წასვლის შესახებ გახდა ცნობილი. ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის და ჯარიმის თანხის - 1.1 მილიონი ლარის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მან ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა „თიბისი“-ს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ შექმნოდა - პროკურატურაში დაწყებული გამოძიების გასაჯაროებისა და საქმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟს გამო.

2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ „რაღაცის შეუსრულებლობის“ შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. წერილში, ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარია მას „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია იმედის ტრენდზე გადაყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა.

ასევე, ეწერა, რომ მამუკა ხაზარაძეს უნდა გაეკეთებინა განცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია.

აღნიშნულ წერილს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა 2019 წლის აგვისტოში პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მუქარის წერილის“ დედანზე, რაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, არჩევნების წინ გიორგი გახარიასგან მიიღო, გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

2019 წლის მაისში მოულოდნელად გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-მა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ 2018 წლის 11 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. აღნიშნული სიახლე მალევე იქნა დაკავშირებული ანაკლიის პორტის პროექტთან და ვარაუდები, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის ფოთის პორტის პროექტით „ჩანაცვლებას“ გეგმავდა. ამბავს გამოეხმაურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა ანაკლიის პორტის მშენებლობას და ანაკლიის პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ნდობის დაკარგვას გამოიწვევდა.

თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირობების დოკუმენტი გააუქმა იმ მიზეზით, რომ საკითხი მთავრობის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ბრალის წარდგენამდე, 2019 წლის 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წასვლა დააანონსა.

2019 წლის 24 ივლისს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. უფრო მოგვიანებით, პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშს ყადაღა დაედო.

2019 წლის 22 აგვისტოს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს წარედგინა ბრალი. პროკურატურა მას, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, „რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“. ავთანდილ წერეთელი ტვ პირველის ხელმძღვანელის, ვახტანგ (ვატო) წერეთლის მამაა.

2019 წლის 27 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ წერეთელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტამდე მიმავალი გზისა და რკინიგზის მშენებლობა შეწყდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით: „2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება“.

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმართული საქმე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. არაერთი საყურადღებო განცხადება გაკეთდა.

ჯერ კიდევ 2019 წლის 22 იანვარს აშშ-ის ელჩის მოვალეობის იმჟამინდელმა შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, რადგან მას ანაკლიის პროექტზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს.

მალევე, საქმეს საქართველოში საფრანგეთის იმჟამინდელი ელჩი პასკალ მენიეც გამოეხმაურა და თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენებს უცნაური უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენიდან მეორე დღეს, 25 ივლისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის წაყენებული ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

2020 წლის 21 იანვარს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოთხი ამერიკელი კონგრესმენისგან წერილი მიიღო, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოხატავდნენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო. გარდა ამისა, ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილში ეწერა რომ 2019 წელს ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრობლემებს წააწყდა, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია და, რომ ეს შეფერხებები და გართულებები პირდაპირ არის დაკავშირებული გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, ანაკლიის პორტი კი საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებდა.

მიუხედავად საერთაშორისო მხარდაჭერისა, საბოლოოდ, ანაკლიის პროექტი ჩავარდა, რისი მიზეზიც ხელისუფლების არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა გახდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი