Facebook-მომხმარებელი Nino Asatiani Facebook-ზე ვიდეოს შეცდომაში შემყვანი სათაურით ავრცელებს. 25 ივლისს გაზიარებულ ვიდეოში, რომელსაც 9.3 ათასი გაზიარება და 1.3 ათასი რეაქცია აქვს, პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ ფლორენციაში „კოვიდ-ფაშიზმის გასაპროტესტებელ აქციაზე პოლიციელთა ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა“.

სინამდვილეში, კორონავირუსთან დაკავშირებული დემონსტრაციები იტალიის 80 ქალაქში 24 ივლისს მართლაც გაიმართა, თუმცა არ არსებობს არანაირი დასტური ან ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ რომელიმე ქალაქში, პოლიციელთა ნაწილმა გამოსვლის მონაწილეებს მხარი დაუჭირა ან მათ შეუერთდა. აღნიშნულ ვიდეოშიც კარგად ჩანს, რომ პოლიციელები პროტესტანტებისგან განსხვავებით, უბრალოდ მიყვებიან ხალხის ნაკადს და რაიმე სახის საპროტესტო მესიჯებს არ სკანდირებენ. აღნიშნული დეზინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელებული დეზინფორმაციის მსგავსია, სადაც ავსტრიაში 2020 წლის 26 დეკემბრის შემდგომ ჩატარებული გამოსვლების შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ვენაში გამართულ Covid-19-ის აკრძალვების საწინააღმდეგო დემონსტრაციას პოლიციაც შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ იდენტური შინაარსის პოსტები გავრცელდა 17 ივლისს საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების შესახებაც. არც ერთ ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში, პოლიცია დემონსტრანტებს არ შეერთებია.

რა არის იტალიაში პროტესტის მიზეზი?

იტალიის მთავრობამ, ინფექციის რიცხვის ზრდასთან ბრძოლის მიზნით, ზომები გაამკაცრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აგვისტოდან მოსახლეობას სასადილოში ან მუზეუმებში, სპორტული დარბაზებისა და აუზების ან სხვა დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად ვაქცინაციის მტკიცებულება, ტესტის უარყოფითი შედეგი ან Covid-19-ის გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი დასჭირდება.

აღნიშნული „მწვანე პასპორტების“ შემოღების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში, ვირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენის გამო, საგრძნობლად მოიმატა. 22 ივლისს, 21 მაისის შემდგომ პირველად, ქვეყანაში ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 5000-ს გადასცდა. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი იტალიის მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, რადგან მისი განცხადებით, დელტა ვარიანტი, მისი სწრაფი გავრცელების გამო, ბევრად დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

24 ივლისს, აღნიშნული რეგულაციის გასაპროტესტებლად ფლორენციაში ასობით ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, როგორც აღინიშნა, მტკიცება, რომ აქციებს პოლიციაც შეუერთდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი