ირაკლი ღარიბაშვილი: დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი დახმარებით დაკმაყოფილდა 42 976 დევნილი ოჯახი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: დღეის მონაცემით დევნილთა ბაზაში 90 156 ოჯახია რეგისტრირებული, რაც რაოდენობრივად 283 271 პირს შეადგენს. ბოლო მონაცემით, საცხოვრებელი ფართით დევნილთა 43 826 ოჯახია დაკმაყოფილებული, რაც ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 48.6%-ია (დაახლოებით 137 000 პირი).

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, განსახლების პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დევნილთა განსახლების პროგრამაზე სოლიდური თანხები იხარჯება და ბინებით დაკმაყოფილების ტემპიც გაზრდილია, თუმცა ეს მაინც საკმარის არ არის და დღეის მონაცემით, დევნილთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ხელისუფლების მხრიდან, მეტი ძალისხმევაა გასაწევი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას დევნილების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა; „დღეის მდგომარეობით, საცხოვრებელი ფართით ან/და სათანადო ფულადი დახმარებით დაკმაყოფილდა 42 976 დევნილი ოჯახი [დაახლოებით 120 ათასი პირი].

დღეის მონაცემით დევნილთა ბაზაში 90 156 ოჯახია რეგისტრირებული, არც რაოდენობრივად 283 271 პირს შეადგენს.

ბოლო მონაცემით, საცხოვრებელი ფართით დევნილთა 43 826 ოჯახია დაკმაყოფილებული, რაც ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების 48.6%-ია (დაახლოებით 137 000 პირი). შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის გარეშე ჯერ კიდევ დევნილი ოჯახების 51,4%-ია დარჩენილი (69 156 ოჯახი).

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, განსახლების პროგრამების ფარგლებში საცხოვრებელი ფართი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათგან 10 804 დევნილი ოჯახი ახალაშენებულ კორპუსში შესახლდა, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ სახლი 4 117 ოჯახისთვის შეისყიდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობი კი მასში მცხოვრებ 5 334 დევნილ ოჯახს დაუკანონდა. შესაბამისად, 8 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართით წელიწადში საშუალოდ 2 625 დევნილი ოჯახი კმაყოფილდებოდა. არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, დევნილთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას კიდევ 26 წელი მაინც დასჭირდება. 2012 წლამდე საცხოვრებელი ფართი წელიწადში საშუალოდ 1480 ოჯახს გადაეცემოდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერისთვის სახსრები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურისა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების ბიუჯეტებშია გაწერილი: იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა ( ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი - კოდი 25.06), რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნას ითვალისწინებს და ჯანდაცვის ბიუჯეტში გათვალისწინებული (კოდი 27.06) იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის პროგრამა, რაც თავის მხრივ, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელებას, მათთვის სოციალური და საცხოვრებელი პირობების შექმნას, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების შესწავლას და რეაბილიტაციას, ქართველი მენაშენეებისგან ბინების შესყიდვას და ა.შ. გულისხმობს.

ბიუჯეტში, დევნილთა განსახლების ღონისძიებებისთვის, წლების მიხედვით გამოყოფილი თანხები შემდეგნაირია:

ცხრილი 1: 2013-2021 წლებში ბიუჯეტში დევნილთა განსახლების ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები (მლნ ლარი)

წყარო: ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტი

როგორც ცხრილიდან ჩანს, დევნილთა განსახლების პროგრამაზე 2013 წლიდან სოლიდური თანხები იხარჯება, თუმცა მიუხედავად ამისა, 2013-2020 წლებში, საცხოვრებელი ფართი დაახლოებით 21 000 დევნილ ოჯახს გადაეცა, რაც წლიურად საშუალოდ 2 625 ოჯახს მოიცავს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მართალია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების ტემპი გაზრდილია, მაგრამ ეს მაინც საკმარის არ არის და დღეის მონაცემით, დევნილთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ხელისუფლების მხრიდან, მეტი ძალისხმევაა გასაწევი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი