დეზინფორმაცია: ვაქცინის გამოცდის კლინიკური ფაზები, არც ჩინურ ვაქცინას აქვს გავლილი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი ხათუნა საღინაშვილი სოციალურ ქსელში ყალბ ინფორმაციას ავრცელებს - „ფაუჩის სკანდალმა, მისი ფარული მიმოწერის გამოქვეყნების თაობაზე, აჩვენა, რომ ფაუჩის და ბილ გეითს ჩინურ ლაბორატორიასთან ჰქონდათ ალიანსი და არაა გამორიცხული, რომ ვაქცინის შექმნისასაც ასევე ჰქონდათ ალიანსი; ასე რომ ჩინურსაც სიფრთხილით მოვეკიდებოდი, მით უფრო ვაქცინის გამოცდის კლინიკური ფაზები არც მას აქვს გავლილი“.

მტკიცება, რომ ჩინურ ვაქცინას (და არც სხვა კოვიდვაქცინებს) ვაქცინის გამოცდის კლინიკური ფაზები არ გაუვლია, არის ყალბი ამბავი. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

პანდემიის პერიოდში კოვიდვაქცინების შესაქმნელად, გლობალურად, ტექნოლოგიური, ფინანსური და ადამიანური რესურსების უპრეცედენტო მობილიზება მოხდა. შედეგად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, სტანდარტულ ვადებთან შედარებით, ძალიან მოკლე დროში შეიქმნა. კოვიდვაქცინების ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის კონტროლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის უზრუნველყოფილი.

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საგანგებო ვითარებაში გამოყენებისთვის რამდენიმე კოვიდვაქცინაა დაშვებული, მათ შორისაა ჩინური წარმოების ვაქცინები სინოფარმი და სინოვაკი. საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის მინიჭებამდე ვაქცინები ფართომასშტაბიან და დეტალურ შემოწმებას გადიან, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი ექსპერტებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჯგუფების მიერ, კლინიკური კვლევების II და III ფაზების, უსაფრთხოების, ეფექტურობის, ხარისხის მონაცემების, რისკების მკაცრ შეფასებას.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის. პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული, თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

კოვიდვაქცინებმა, მათ შორის ჩინური წარმოების ვაქცინებმა - სინოფარმმა და სინოვაკმა, ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

ჩინური წარმოების სინოფარმიც და სინოვაკიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ არის დამტკიცებული და მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის - საქართველოშიც. სინოფარმი და სინოვაკი ტრადიციული მეთოდით დამზადებული, ინაქტივირებული ვაქცინებია, რომელიც ორგანიზმში SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ ანტისხეულების წარმოქმნას იწვევს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან.

ჯანმოს მონაცემებით, III ფაზის კვლევის შედეგებმა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, აჩვენა, რომ სინოფარმის ვაქცინის ეფექტიანობა 78.1%-ია. რაც შეეხება სინოვაკის ვაქცინას, ბრაზილიაში ჩატარებულმა III ფაზის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მისი ეფექტიანობა ინფექციის წინააღმდეგ 51%-ია. New England Journal of Medicine- ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, სადაც ჩილედან მიღებულ მონაცემებია გაანალიზებული, სინოვაკის ეფექტურობა COVID-19-ის პროფილაქტიკაში 65,9%-ია, ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 87,5%, ხოლო სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი 86,3%-ია.

აღსანიშნავია, რომ სინოფარმს და სინოვაკს აცრის შემდგომ ძლიერი გვერდითი მოვლენები არ ახასიათეებს, მაგალითად კლინიკური კვლევისას, ძლიერი ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსია) არ დაფიქსირებულა. აცრის შემდგომ დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო, ყველაზე ხშირად - ტკივილი ინექციის ადგილას, თავის ტკივილი, დაღლილობა, ტეპერატურის მატება.

COVID-19-ის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ჩინური ვაქცინების ეფექტიანობა არ არის გამოკვლეული. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, სხვა ვაქცინების მსგავსად, ახალ შტამებზე მისი ეფექტიანობის მაჩვენებლი შემცირებული იქნება.

რაც შეეხება Facebook-პოსტში გაჟღერებულ სხვა მტკიცებას, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის ელექტრონული ფოსტის გასაჯაროების შემდეგ, სოციალურ ქსელში არაერთი მანიპულაციური მტკიცებები და ყალბი ამბები გავრცელდა, მათ შორის, დეზინფორმაცია, რომ „ფაუჩის მეილები ვირუსის ხელოვნურად შექმნას ადასტურებს“. რეალურად, ენტონი ფაუჩის იმეილებში კორონავირუსის ხელოვნურად შექმნის მტკიცებულება არ გვხვდება (იხილეთ ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატიები ბმული 1; ბმული 2).

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი