დეზინფორმაცია: აშშ-ევროკავშირის ორგანიზებით დაწყებულია სახელმწიფო გადატრიალება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 11 ივლისს საინფორმაციო სააგენტო „თვალსაზრისმა“ ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის, კომენტარი გამოაქვეყნა, სათაურით: „აშშ-ევროკავშირის ორგანიზებით დაწყებულია სახელმწიფო გადატრიალება! - ირაკლი ზაქარეიშვილი“. გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ 5 ივლისის მოვლენები დასავლეთის მიერ ინსპირირებული პროვოკაცია იყო, ხელისუფლებამ კი აშშ-ევროპის საამებლად მართალი ხალხი „ბნელების ბრბოდ“ შერაცხა და მათზე ნადირობა გამოაცხადა. ზაქარეიშვილი აღნიშნულ მოვლენებს დასავლეთის მიერ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობად მოიხსენიებს, რომელიც, რეალურად, ხელისუფლების მიერ „ბნელ ბრბოდ“ წოდებულმა ხალხმა უნდა დაიცვას:

მტკიცება #1: 5 ივლისის მოვლენები [ღირსების მარში] დასავლეთის მიერ ინსპირირებული პროვოკაცია იყო

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთი საქართველოს თავის პოლიტიკას თავზე არ ახვევს და მისი ნების გარეშე, შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ერევა. საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ გზა დამოუკიდებლად, თავად აირჩია. კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერით, ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფის შესახებ, საქართველომ, პირველ რიგში, ვალდებულება საკუთარი ხალხის წინაშე აიღო. საქართველოს გაცხადებული სურვილიდან გამომდინარე, გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება Tbilisi Prides-ის მიერ ორგანიზებულ მარშს - ღირსების მარში - #სოლიდარობისთვის! - მისი ჩატარება არა ევროკავშირის მიერ ინსპირირებული პროვოკაცია, არამედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების განხორციელებაა. კერძოდ, ღირსების მარშის მიზანი ლგბტქ+ თემის წინაშე არსებული პრობლემების გაჟღერება და მასზე ხმამაღლა საუბარია. მათ მოთხოვნებს შორისაა ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოების უზრუნველყოფა; პოზიტიური ვალდებულების შესრულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა; თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

ჩამოთვლილი მიზნები საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან სრულ თანხვედრაშია, როგორიცაა: აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, შეკრების თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნული უფლებების „შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“, ასევე, „ხელისუფლებას შეუძლია შეკრების შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო“. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციით იკრძალება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნის განურჩევლად.

ამ გარემოებებიდან გამომდინარე, Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებული „ღირსების მარში“ ლგბტქ+ თემის წინაშე არსებული პრობლემების გაჟღერების მშვიდობიან საშუალებას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებთან თანხვედრაშია და არ არის თავსმოხვეული რომელიმე ევროპული ინსტიტუტისგან. მხარდაჭერა, რომელიც დასავლელმა პარტნიორებმა „ღირსების მარშს“ გამოუცხადეს, ნიშანია იმისა, რომ ისინი ლგბტქ+ თემის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათ მოსაგვარებლად სამართლის ნორმის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებს სრულად იზიარებენ.

მტკიცება #2: ხელისუფლებამ მართალ ხალხს „ბნელების ბრბოდ“ რაცხავს და მათზე ნადირობს

ზაქარეიშვილის მტკიცება, თითქოს 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების მონაწილეები „მართალი ხალხი“ იყო და მათი სამართლებრივი დევნა უკანონო ან უსამართლოა, რეალობას არ შეესაბამება და დეზინფორმაციას წარმოადგენს. აღნიშნულ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებები დაარღვიეს და სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინეს. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო მათი სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.

5 ივლისს დედაქალაქში „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, რასაც ხელი ძალადობრივი ჯგუფების დანაშაულებრივმა ქმედებებმა შეუშალა. უნდა აღინიშნოს, რომ 5 ივლისს ხელისუფლებამ ლგბტქ+ თემის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა და დანაშაულებრივი ქმედებების შეჩერება ვერ შეძლო, რამაც ძალადობრივი ჯგუფები კიდევ უფრო წაახალისა.

აღნიშნულმა ჯგუფებმა ძალადობა დილიდანვე დაიწყეს: პარლამენტის წინ ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ გაშლილი კარვები აყარეს, რა დროსაც 10-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მათ მალევე გადაინაცვლეს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან. ოფისში შეჭრის მცდელობისას, სადარბაზოში ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შუადღისკენ ძალადობრივი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ, აივნიდან ლგბტ დროშა ჩამოხსნეს და ინვენტარი დააზიანეს. მრგვალ ბაღთან ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს „რადიო თავისუფლების“ ორ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ფორმულას“ ჟურნალისტსაც ქაშუეთის ეკლესიასთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამავე დღეს ხეთაგუროვის ქუჩაზე უცხოელი ტურისტი დაჭრეს, რომელსაც საყურე ეკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 5 ივლისს ძალადობის ფაქტი 55 პირის მიმართ გამოვლინდა, მათ შორის, 53 სხვადასხვა მედიის წარმომადგენელია.

19 ივლისის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას შემდეგ ფაქტებზე აწარმოებს:

• მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

• თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტები - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება.

• ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენები - გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

• ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ - გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.

• ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარა, უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტები - გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გარდა ამისა, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებით საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებები შეილახა. მაგალითისთვის, ვერ განხორციელდა მე-17 მუხლი, რომელიც აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს და 21-ე მუხლი, რომლითაც შეკრების თავისუფლებაა განმტკიცებული. კონსტიტუციასთან ერთად, შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველო კანონები არეგულირებს. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, გამოხატვის უფლების შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწესდეს, თუ ეს ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით არის გათვალისწინებული და შეზღუდვით დაცული სიკეთე, შეზღუდვით მიყენებულ ზიანს აღემატება. ამასთან, შემზღუდავი კანონი აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის და მიემართებოდეს ლეგიტიმური მიზნის განხორციელებას. შემზღუდველი ნორმა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის პირდაპირპროპორციული უნდა იყოს. იმავე მიდგომას იზიარებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონიც. ამასთან, კანონის მე-2 მუხლში დაკონკრეტებულია, რომ შეკრების უფლების შეზღუდვა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ უნდა იყოს მიმართული.

მოცემულ შემთხვევაში, ღირსების მარშის გაცხადებულ მიზნებს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა წარმოადგენს. დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი, სწორედ სხვადასხვა ნიშნით უმცირესობების უფლებათა დაცვაა. ეს გულისხმობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უმცირესობათა წარმომადგენლების მიერ მათი კონსტიტუციური უფლებების რეალიზება უზრუნველყოს. უმცირესობების მიმართ საზოგადოების ფართო მასებში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება, არ შეიძლება გახდეს თავად ამ უმცირესობათა უფლებების შეზღუდვის საფუძველი. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

ამრიგად, მტკიცება, თითქოს 5 ივლისის ძალადობრივი ქმედებების მონაწილეები „მართალი ხალხი“ იყო და მათი სამართლებრივი დევნა უკანონო ან უსამართლოა, რეალობას არ შეესაბამება და დეზინფორმაციას წარმოადგენს. აღნიშნულ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებები დაარღვიეს და სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინეს, რის გამოც მათი სისხლისსამართლებრივი დევნაა დაწყებული.

მტკიცება #3: აშშ-ევროკავშირის ორგანიზებით დაწყებულია სახელმწიფო გადატრიალება

ზაქარეიშვილის განცხადების მიზანი დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციაა. ადვოკატი 5 ივლისის მოვლენებს განზრახ დამახინჯებულად წარმოაჩენს, რათა მკითხველს შეუქმნას შთაბეჭდილება, თითქოს აშშ და ევროკავშირი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება შეთქმულების თეორიაა, რომელიც ყველანაირ ფაქტობრივ საფუძველსაა მოკლებული. აშშ და ევროკავშირი არათუ გადატრიალებას აორგანიზებენ, არამედ, პირიქით, სახელმწიფოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვისკენ, შესაბამისად - საკუთარი ფუნქციის შესრულებისკენ, მოუწოდებენ, რაც 5 ივლისს ხელისუფლებამ ვერ შეძლო.

----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5396 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი