ბათუმში საბავშვო ბაღებს მიღმა, ყოველწლიურად, ათასზე მეტი ბავშვი რჩება. ქალაქი იზრდება და შესაბამისად, მეტი საბავშვო ბაღის საჭიროება დგას. „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ პრობლემაზე ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა.

მაშინ ჩვენ ბათუმის საკრებულოს წევრ ჯაბა ბერიძის განცხადება გადავამოწმეთ. ქალაქის იმდროინდელ საკანონმდებლო ორგანოში „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე 3 500-მდე ბავშვი დარჩა. პასუხის მიხედვით, რომელიც 2016 წელს მერიამ ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოგვაწოდა, გაირკვა, რომ ქალაქში 30 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლებსაც ერთდროულად, ჯამში, 7 460 აღსაზრდელის მიღება შეეძლოთ. იმ წელს ორგანიზაციაში 3 048 განცხადება შევიდა, საიდანაც 2 547 დაკმაყოფილდა, ხოლო 501 ბავშვი საბავშვო ბაღს მიღმა დარჩა.

წელს ჩვენ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდით და ინფორმაცია ისევ ოფიციალურად გამოვითხოვეთ. როგორც აღმოჩნდა, ბოლო წლების განმავლობაში, საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სამშენებლო ნებართვების გაცემის მაღალი მაჩვენებელია, 2016-2020 წლებში, ბათუმში მხოლოდ ორი ბაღი აშენდა. აქედან ერთი, №33 საბავშვო ბაღი, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მდებარეობს. მის ასაშენებლად 1 948 467 ლარი დაიხარჯა და 315 აღსაზრდელზეა გათვლილი. მეორე, №34 საბავშვო ბაღი, რომელიც თამარის დასახლებაში 1 574 381 ლარად აშენდა, მხოლოდ 245 აღსაზრდელს იტევს. წელს კი ბათუმში მხოლოდ ერთი, 245 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში მხოლოდ 33 მუნიციპალური ბაღი ფუნქციონირებს და ერთიც დაემატება.

თუ ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას მივუბრუნდებით, 30 საბავშვო ბაღის ფუნქციონირების პირობებში, ოფიციალურად, ბაღის გარეშე 501 აღსაზრდელი დარჩა. ბოლო მონაცემებით კი, იმავე პრობლემის წინაშე, უკვე 3 200 ბავშვი აღმოჩნდა, აქედან 3-4 წლიანებში - 2 697 აღსაზრდელი, 4-5 წლიანებში - 384 და 5-6 წლიანებში - 119 აღსაზრდელი. დანართი 1

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში გაწერილია „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლში. ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებში დეტალურადაა განხილული, რომ მუნიციპალიტეტს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების ვალდებულება აკისრია და რომ ის თანაბრად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური უნდა იყოს. ამ მიზნით კი მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ სხვადასხვა ქმედითი ღონისძიება უნდა გაატაროს.

მიუხედავად ამისა, ბათუმში უკვე წლებია, რაც ოთხი ისეთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომლებიც სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს საერთოდ არ შეესაბამება. საუბარია №1, №2, №5 და №25 საბავშვო ბაღებზე.

2019 წელს საგამოძიებო ფილმების სტუდია Rec-მა ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემებზე ფილმი მოამზადა. ობიექტივში ბათუმის №1 საბავშვო ბაღიც მოხვდა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რუსთაველის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში იყო განთავსებული. რამდენიმე წლის წინ შენობიდან აღსაზრდელები გამოასახლეს და გორგილაძის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, სრულიად შეუსაბამო პირობებში გადაიყვანეს. ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ახლა რესტორანი ფუნქციონირებს. ბაღის პერსონალსა და აღსაზრდელების მშობლებს ხელისუფლება დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში ახალ შენობაში გადაიყვანდა. თუმცა, ხუთ წელზე მეტია, დაპირება არ შესრულდა. ასი აღსაზრდელი დღემდე იმ „დროებით“ შეთავაზებულ ფართში რჩება.

„ბათუმის ბაღების გაერთიანების“ იმჟამინდელი ხელმძღვანელიც და ხელისუფლებაც აღიარებდნენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც საბავშვო ბაღებზე დიდი მოთხოვნაა, ახალი შენობის ასაშენებლად თავისუფალ ადგილს ვერ პოულობდნენ. ეს მაშინ, როცა ბათუმი, მშენებლობის ნებართვების გაცემით, ერთ-ერთი ლიდერი ლოკაციაა. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს აჭარაში დასრულებული მშენებლობების საერთო ფართობი 451 839 კვ. მ-ს შეადგენს, 2020 წელს - 275 336 კვ. მ-ს, ხოლო 2021 წლის პირველ კვარტალში - 75 420 კვ. მ-ს. დანართი 2

ცხრილი 1. აჭარის ა/რ ტერიტორიაზე დასრულებული მშენებლობები ობიექტების დანიშნულების მიხედვით, 2019-2020 წლებისა და 2021 წლის I კვარტალი (დეკლარირებული მონაცემები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

აღნიშნული მონაცემები მთლიანად აჭარის ა/რ ტერიტორიაზე დასრულებულ და დეკლარირებულ მშენებლობებს მოიცავს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტი მოთხოვნა სწორედ ბათუმშია. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ობიექტების მშენებლობის ინტერესი, არსებული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, არ იკვეთება. დასრულებულ მშენებლობებს შორის, ყველაზე მეტი საცხოვრებელი დანიშნულებისაა, რაც ნიშნავს, რომ ბათუმში საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტი გაიზრდება. მხოლოდ „ფაქტ-მეტრისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, 2021 წელს საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობა, 2016 წელთან შედარებით, უკვე თითქმის 6,4-ჯერ გაიზარდა. და ეს მხოლოდ ოფიციალურად მიღებული მონაცემებია. არაოფიციალური ინფორმაციით კი, მათი რიცხვი გაცილებით მეტია.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2024 წლამდე გადაიდო, რადგან სტანდარტების დაკმაყოფილება არსებული საბავშვო ბაღების უმეტესობამ ვერ შეძლო. ინფორმაციისთვის, სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული სტანდარტები მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა. სავალდებულო სტანდარტები გაეროს ბავშვთა ფონდისა და ორგანიზაცია „ვორდ ვიჟენის“ ჩართულობით მომზადდა. „ტექნიკური რეგლამენტის - ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების შესახებ“ დადგენილებაში გაწერილია მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი, შენობისადმი, გარე განათებისა და წყალმომარაგებისადმი, სათავსოების მოწყობისადმი, სათავსებისა და ნაკვეთის სანიტარული მდგომარეობისადმი და სხვა. გარდა ამისა, მიღებულია კიდევ რამდენიმე დოკუმენტი: დადგენილება „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ და „ადრეულ და სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და კვებითი ნორმების განმსაზღვრელი ტექნიკური რეგლამენტი“. საბავშვო ბაღმა, ავტორიზაციის გასავლელად, აღნიშნული სტანდარტები და რეგლამენტის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

როგორც ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან“ მოგვწერეს, დადგენილ მოთხოვნებს მხოლოდ არსებული საბავშვო ბაღების ნაწილი აკმაყოფილებს. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ის სტანდარტებს სრულად შეესაბამება.

ამ ეტაპზე ბათუმში არსებულ ყველა საბავშვო ბაღში 8 095 აღსაზრდელია.


მსგავსი სიახლეები

5365 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი