დეზინფორმაცია: „უწყინარი“ პრაიდების გამო ბრიტანეთში 4000%-ით გაიზარდა სქესის შეცვლის მსურველ ბავშვთა რიცხვი

ვერდიქტი: მანიპულაცია

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე Facebook-ზე „ღირსების მარშის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით მანიპულაციურ და დეზინფორმაციული მტკიცების შემცველ განცხადებას ავრცელებს. 4 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში, ზვიად ტომარაძე ემიჯნება მეუფე საბასა და მეუფე გრიგოლის ქადაგებას, რომლითაც ისინი, თავის მხრივ, გაემიჯვნენ საპატრიარქოს განცხადებას. ზვიად ტომარაძის თანახმად „ეკლესია ქრისტეს სახელით ადამიანების ძალადობასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს!“.

პოსტის თანახმად, „ღირსების მარში“ უხეშად შეურაცხყოფს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ტრადიციებსა და მორალს: „ეკლესია როგორც ერის ზნეობის დაცვაზე ვალდებული და უფლის წინაშე პასუხისმგებელი, მაყურებლის როლში ვერ იქნება ამ უკეთურობის მიმართ! ეკლესია ლმობიერია ცოდვილთა მიმართ, მაგრამ არა ცოდვისადმი, მით უმეტეს, როდესაც სახეზეა საჯაროდ, მთელი ერის წინაშე ამ ცოდვით თავმოწონებაზე და ზეგავლენის მოხდენაზე!“,- აღნიშნულია პოსტში. ზვიად ტომარაძე საუბრობს „ლგბტ დიქტატურის დამყარების აშკარა მცდელობებზე“ და ამ მტკიცების გასამყარებლად სხვადასხვა დეზინფორმაციული და მანიპულაციური ინფორმაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტი მოჰყავს. 4 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტს დღემდე 276 გაზიარება აქვს. ამასთან ერთად, იდენტური პოსტები გამოაქვეყნეს გვერდებმა “დედაქალაქი“ და „მრწამსი - მართლმადიდებლური გვერდი“.

პოსტის თანახმად, ბელგიაში სექტემბრიდან მშობლებს ბავშვების სკოლაში მიყვანისას, „ნეიტრალური გენდერის“ არჩევის უფლება ექნებათ. გათვალისწინებულია საპირფარეშოებისა და გასახდელების ახლებურად მოწყობაც. ზვიად ტომარაძემ აღნიშნული ინფორმაცია სავარაუდოდ ბრიტანეთის ტელეგრაფის სტატიიდან აიღო, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მიზანმიმართულად გამოტოვა და მანიპულაციურად, პოსტში საკუთარი ძალადობრივი მოწოდებების გასამყარებლად გამოიყენა.

რეალურად, უშუალოდ ტელეგრაფის სტატიაში კარგადაა წარმოჩენილი, ბელგიის მთავრობის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, რა გახდა. საშუალო სკოლაში რეგისტრაციისას, მშობელს 2021 წლის სექტემბრიდან უფლება ექნება შვილის სქესის მითითებისას, გრაფაში ნეიტრალური სქესი მონიშნოს. აღნიშნული ნაბიჯი სკოლებში დისკრიმინაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგა. ბელგიაში მოზარდების 1-დან 3 %-მდე ტრანსგენდერად მიიჩნევს თავს. ბელგიის „სოციალური განათლების“ მინისტრი კაროლინ დეზირის განცხადებით, აღნიშნული პრაქტიკის შემოღების მიზეზი, ბოლო დროს გამოკვეთილი სამწუხარო ფაქტები გახდა, რაც სკოლებში ტრანსგენდერი მოზარდების მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლენას უკავშირდება. აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო „მხარს უჭერდეს, უსმენდეს და აღიარებდეს“ ტრანსგენდერ მოზარდებს. აქედან გამომდინარე, სექტემბრიდან რეგისტრაციის პროცესის ანალიზის შედეგად შესაძლოა, გადაწყდეს სკოლებში შიდა არქიტექტურის ცვლილებებიც, აღნიშნული მოზარდებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით. მაგალითად, საპირფარეშოებისა და გამოსაცვლელი ოთახების მოწყობა. აღნიშნული პროგრამა პირველია ევროპაში, სადაც სკოლებში, ტრანსგენდერი მოზარდებისკენ მიმართული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად მსგავსი ნაბიჯები იდგმება. ზვიად ტომარაძის პოსტში, საერთოდ არაა ნახსენები ის, თუ რატომ მიიღო ბელგიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება. რეალურად, პროგრამის განხორციელების მთავარი მიზანი სკოლებში ტრანსგენდერი მოზარდებისკენ მიმართული დისკრიმინაციულ ინციდენტების აღმოფხვრაა. აღნიშნულის იმგვარად წარმოჩენა, რომ ეს „ლგბტ დიქტატურის“ დამყარებაა, მანიპულაციურია და ბელგიაში მიმდინარე მოვლენებს კონტექსტის დამახინჯებით წარმოაჩენს.

ზვიად ტომარაძის პოსტში ასევე მოყვანილია მტკიცება, რომ „ევროპის უმსხვილესი ლგბტ უფლებების ლობისტური ორგანიზაცია სტონვოლი, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებისგან ფინანსდება, ბრიტანეთში მასწავლებლებს ურჩევს სიტყვა გოგო და ბიჭი, გენდერულად ნეიტრალური სიტყვით - „მოსწავლე“, ჩაანაცვლონ“.

ბრიტანეთის თანასწორობის ოფისის სპიკერის განცხადებით, 2019-2020 წლებისთვის ერთჯერადად ექვსი ორგანიზაცია დაფინანსდა ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ანტიჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური ბულინგის საწინააღმდეგო პროგრამების განსახორციელებლად. LGBT-უფლებების დამცველი საქველმოქმედო ორგანიზაცია Stonewall-ის განცხადებით, რომელმაც ასევე მიიღო აღნიშნული დაფინანსება, რეკომენდებულია მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის წარმართვისას გამოიყენონ არა სიტყვები „ბიჭები და გოგოები“, არამედ თქვან „მოსწავლეები“. Stonewall ურჩევს: „თავიდან აიცილონ მოსწავლეების დაყოფა სქესის მიხედვით, იქნება ეს საკლასო ოთახში, ფორმალურ შეკრებებზე, სპორტულ აქტივობებში თუ სასკოლო ცხოვრების სხვა ასპექტებში. ამის მაგივრად, ჯგუფური აქტივობებისას, რეკომენდებულია მოსწავლეები დაყონ მათი საყვარელი ფერის, დაბადების თვის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით“. ორგანიზაციის რჩევები ასევე ეხება ისეთი ფრაზების პრაქტიკიდან ამოღებას, როგორებიცაა მაგალითად: Man up (კაცები წინ) ან Don’t be such a girl (ნუ იქცევი გოგოსავით - ცუდ კონტექსტში).

რატომ გასცემს Stonewall აღნიშნულ რეკომენდაციებს?

Stonewall-ის მიერ 2017 წელს სკოლების მასშტაბური ანალიტიკური კვლევის შედეგების თანახმად, LGBT მოზარდების თითქმის ნახევარი მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ბულინგს კვლავ განიცდის, ხოლო აღნიშნული მოზარდების 40% - ბულინგის პრობლემის გამო, საბოლოოდ, სწავლას თავს ანებებს და სკოლას ტოვებს. ამასთან ერთად, ბულინგის მსხვერპლი მოზარდების 52% თვლის, რომ მათ წინააღმდეგ განხორციელებულმა ბიფობიურმა, ჰომოფობიურმა და ტრანსფობიურმა ბულინგმა ნეგატიური გავლენა ითამაშა მათ სამომავლო განათლების გეგმებზე.

გენდერ-ნეიტრალური ნაცვალსახელების გამოყენების მოტივი

ინგლისურ ენაში ადამიანზე საუბრისას ტრადიციულად იყენებდნენ she/her/her და He/him/his ნაცვალსახელებს, რომელთაგანაც ერთი გამოხატავს მდედრობითი სქესის, ხოლო მეორე - მამრობითი სქესის პიროვნებას. სქესის ნეიტრალური ნაცვალსახელების (they’ ან ‘ze’)გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაკავშირებთ პიროვნებას, რომელზეც ვსაუბრობთ, კონკრეტულ სქესთან. ბიოლოგიური სქესი არ განსაზღვრავს ადამიანის გენდერს და ბევრი ადამიანის გენდერი არ არის თანხვედრაში იმ სქესთან, რომელიც მათ დაბადებისთანავე მიენიჭათ. აქედან გამომდინარე, LGBT ორიენტაციის ადამიანებთან კომუნიკაციისას, ნეიტრალური სქესის ნაცვალსახელების გამოყენება მათ აღიარებულად, საზოგადოების სრულფასოვან წევრად და არამარგინალიზირებულ ინდივიდებად აგრძნობინებთ თავს. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენაში სქესის ან გენდერის მიმანიშნებელი ნაცვალსახელები საერთოდ არ არსებობს.

საერთო ჯამში, აღნიშნული მტკიცების შემთხვევაშიც, ზვიად ტომარაძე უკონტექსტოდ, გადაწყვეტილების ან ქცევის მიზეზების ახსნის გარეშე ახსენებს ისეთ კონკრეტულ ფაქტებს, რომელთაც შესაძლოა, მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს. Stonewall-ის რეკომენდაციების განმაპირობებელი მთავარი მოტივი ისეთი დიდი პრობლემაა, როგორიცაა: მოზარდობის ასაკში სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის შედეგად განათლებაზე უარის თქმა. აღნიშნული მნიშვნელოვანი ფაქტორის სრული უგულებელყოფა და არ აღნიშვნა, ინფორმაციის განზრახ დამახინჯებას ისახავს მიზნად.

ზვიად ტომარაძის მიერ მოყვანილი კიდევ ერთი მტკიცების თანახმად, 2019 წელს ბრიტანულ „ტელეგრაფში“ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, „სკოლებში ტრანსექსუალიზმის პროპაგანდის გამო 4000%-ით გაიზარდა იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ითხოვენ სქესის შეცვლას. ბრიტანეთი სწორედ ასეთი „უწყინარი“ პრაიდის ჩატარებებით მივიდა ამ შედეგებამდე!“.

სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ 2009-2010 წლებთან შედარებით, დიდ ბრიტანეთში ჰორმონალური მედიკამენტების მიღების თაობაზე მიმართვა 2017/2018 წლებთან შედარებით, 4400%-ით გაიზარდა ანუ 2009/2010 წლებში, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართვიანობის დაფიქსირებული 40 შემთხვევიდან 1 806 შემთხვევამდე ავიდა, ხოლო მამრობითის 57 შემთხვევიდან 713-მდე. ამის მიუხედავად, არსად არაა მტკიცებით ნახსენები, მათ შორის უშუალოდ ზვიად ტომარაძის მიერ მოყვანილ წყაროში, რომ „ბრიტანეთი სწორედ ასეთი „უწყინარი“ პრაიდის ჩატარებებით“ ან „სკოლებში ტრანსექსუალიზმის პროპაგანდის გამო“, მივიდა ამ შედეგებამდე.

სინამდვილეში, სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა არ არის გადამდები! ინდივიდს ვერ გაუჩნდება ინტერესი იმავე სქესის ადამიანების მიმართ მათთან კომუნიკაციის ან ჰომოსექსუალობის შესახებ ინფორმაციის მიღების შედეგად. იმავე სქესის ადამიანის მიმართ სექსუალური მიზიდულობის ფუნდამენტები მისი ბიოლოგიიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, მცდარი და არამეცნიერულია, ადამიანების იმავე სქესის მიმართ ბიოლოგიური მიზიდულობა - ქვეყანაში გამართულ „ღირსების მარშის“ ჩატარებით აიხსნას. ამასთან ერთად, 30 წელზე მეტია არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დაავადება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) აქვს დაავადებათა სია, სახელწოდებით „დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია“ (ICD). აღნიშნული სია უახლესი სამედიცინო გამოკვლევების შესაბამისად რეგულარულ განახლებას ექვემდებარება. 1977 წელს, ჰომოსექსუალობა WHO-მ აღნიშნულ დაავადებათა სიაში შეიტანა, თუმცა 1990 წელს, მსოფლიო ჯანდაცვის 43-ე ასამბლეაზე, ჰომოსექსუალობა აღნიშნული დაავადებათა სიიდან ამოიღეს. დღეს გამოყენებაში არსებულ ICD-10 სიაში აღნიშნულია, რომ „სექსუალური ორიენტაცია თავისთავად არ განიხილება როგორც დარღვევა“.

ამდენად, ზვიად ტომარაძე პოსტში სხვადასხვა გაბნეულ ფაქტებს კონტექსტის გარეშე იყენებს, რითაც საკუთარი ძალადობრივი მოწოდებების გამართლებას ცდილობს. სინამდვილეში, ყველა ის ფაქტი და სხვადასხვა სამთავრობო უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პოსტის ავტორმა ღირსების მარშის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენა, ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებს უკავშირდება, როგორებიცაა: სექსუალური ორიენტაციის გამო შევიწროების შედეგად განათლებაზე უარის თქმა ან ბულინგი სკოლებში, რასაც ზვიად ტომარაძე უგულებელყოფს. გარდა ამისა, მტკიცება, რომ ბრიტანეთში მოზარდები ჰომოსექსუალები „ხდებიან“ ჩატარებული „პრაიდებისა“ და „პროპაგანდის“ შედეგად, მცდარია.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი