დეზინფორმაცია: ტესტის ჩხირების სტერილიზაციისთვის გამოყენებულ ეთილენის ოქსიდს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-გვერდი „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ანტიგენის სწრაფი ტესტების შესახებ დეზინფორმაციულ მტკიცებებს ავრცელებს. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ჩხირები, რომელთაც ტესტებში იყენებენ, ეთილენის ოქსიდშია სტერილიზირებული, რაც საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. „მისი შეყნოსვა აზიანებს ადამიანის დეენემს, იწვევს ლიმფომას, ლეიკემიას, კატარაქტს, ნევროლოგიური ფუნქციის მოშლას, სასუნთქი გზების დაბლოკვას, კუჭნაწლავის დაზიანებას და ა.შ“, - აღნიშნულია პოსტში. სავარაუდოდ, „ბოლო ჟამის ქრისტიანებმა“ დასახელებული დეზინფორმაცია „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ მიერ 25 მარტს გაზიარებული იდენტური პოსტიდან აიღო. აღნიშნული ორი გვერდის გარდა, დეზინფორმაცია ჩხირებზე არსებული ეთილენის ოქსიდის შესახებ განსხვავებული სახით სხვა გვერდებმაც გაავრცელეს. გვერდი „სულიერი სამყაროს“ მიერ გავრცელებულ 2-წუთიან ვიდეოში, რომელსაც დღემდე 216 გაზიარება აქვს ჟღერდება მტკიცება, თითქოს ჩხირებზე დატანილი ეთილენის ოქსიდი სიმსივნესა და სხვა დაავადებებს იწვევს. იდენტური ვიდეოები გავრცელდა დავით გიორგობიანისა და Shorena Khvedelidze-ის პირად Facebook-პროფილებზეც.

სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ეთილენის ოქსიდით კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტების სტერილიზაცია ხდება, თუმცა დეზინფორმაციაა ის, თითქოს ამას რაიმე ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის. ეთილენის ოქსიდი (C2H4O) აალებად, ტკბილი სუნის მქონე უფერო გაზს წარმოადგენს. ამასთან ერთად, ნივთიერება კლასიფიცირდება როგორც კარცეროგენი. აღნიშნულის მიუხედავად, ეთილენის ოქსიდი სამედიცინო ინვენტარის სტერილიზაციისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებაა. აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, სამედიცინო ინვენტარის 50% ეთილენის ოქსიდის გაზით სტერილიზდება. სამედიცინო პროდუქტების სტერილიზაციის ძირითადი პროცესი შემდეგ რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს: კონდიცირება და დატენიანება, გაზის შეყვანა, ექსპოზიცია, ევაკუაცია და ჰაერის გამოდევნა. ამის შემდეგ გამოიყოფა დრო აერაციისთვის, რათა სამედიცინო მოწყობილობები კიდევ უფრო გათავისუფლდეს ნარჩენი ეთილენის ოქსიდისგან. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ ბამბის ტამპონებზე, რომლებიც დნმ-ის ნიმუშების შესაგროვებლად გამოიყენებოდა, აჩვენა, რომ ბამბის ეთილენის ოქსიდით სტერილიზაციიდან სამი კვირის შემდეგ, მათში ქიმიური ნივთიერების ნარჩენები გაზომვადი დონის ქვემოთ იყო.

კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის გამოყენებულ ჩხირებზე არსებული ეთილენის ოქსიდის ეფექტების შესახებ როიტერსი ბრიტანეთის „ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის სააგენტოს“ დაუკავშირდა, რომელთაც განაცხადეს, რომ ტესტები მკაცრადაა შემოწმებული და მათი გამოყენება უსაფრთხოა. „ეთილენის ოქსიდი მხოლოდ ჩხირის თავზე მოთავსებული ბამბის სტერილიზაციის დროს გამოიყენება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული სტერილიზაციის საშუალება ჯანდაცვის ინდუსტრიაში, რომელსაც მწარმოებლები სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხოებისთვის იყენებენ“.

ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეთილენის ოქსიდი კარცეროგენთა რიგს განეკუთვნება, ის ფართოდ გამოიყენება სამედიცინო აპარატების სტერილიზაციისთვის, ხოლო სტერილიზაციის პროცესი მკაცრად კონტროლდება, რათა ქიმიური ნივთიერების ნარჩენები იყოს უმნიშვნელო და უზრუნველყოს სამედიცინო მოწყობილობების უსაფრთხო გამოყენება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ 2-წუთიან ვიდეოში ასევე გაჟღერებულია მტკიცება, თითქოს ტესტირების დროს ჩხირები ადამიანის ტვინამდე აღწევს. სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ყალბია. PCR მეთოდით ტესტირებისთვის სასუნთქი გზებიდან მასალის აღება COVID-19-ის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ხდება, როგორც სხვა ვირუსების დიაგნოსტირებისას. ჩხირი, რომელიც ზედა სასუნთქი გზებიდან მასალის ასაღებად გამოიყენება, სრულიად უსაფრთხოა და ის ტვინამდე ფიზიკურად ვერ აღწევს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი