მურად მურადოვი: 483 მილიონიანი „დახმარებიდან“ 450 მილიონი ვალი, რაც მშპ-სთან შეფარდებით 60%-ზე მეტ ვალზე დამატებით კიდევ 2 მილიარდს [ლარს] ნიშნავს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან რისკის მქონე ქვეყნების სიაში (შავ სიაში) შეყვანის ალბათობა არსებობს

ვერდიქტი: „ფაქტ–მეტრის“ დასკვნით, მურად მურადოვის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

რეზიუმე:

საქართველომ და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ მიმდინარე წლის 10 ივნისს 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამის შესახებ პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც 2024 წლისთვის 483 მლნ ევროს მოცულობის დახმარების მობილიზებას გულისხმობს. ამ თანხიდან საქართველო 33 მლნ ევროს - გრანტის, ხოლო 450 მლნ ევროს სესხის სახით მიიღებს.

2020 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 62.5%-ს შეადგენდა, რაც კრიტიკულ ნიშნულად მიიჩნევა. თუმცა, 2020 წლისთვის ვალის დრამატული მატება ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისს და ლარის კურსის შემცირებას (გაუფასურება) უკავშირდებოდა. მიუხედავად აღნიშნული დინამიკისა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების გათვლებითაც, საქართველოს ვალი საშუალოვადიან პერიოდში მდგრადობას შეინარჩუნებს და სახელმწიფო ვალის ნომინალური მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად, შემდგომ წლებში ვალის ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდება.

ის ფაქტი რომ მთავრობის ვალმა 2020 წლისთვის კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, ნიშნავს რომ საქართველოს მთავრობას მომავალში ნაკლები სესხის მოზიდვა შეეძლება და მიმდინარე/კაპიტალური ხარჯებისთვის ნაკლები განკარგვადი სახსრები დარჩება, რაც ცალსახად უარყოფითი მოვლენაა. თუმცა, ამ ეტაპზე მტკიცება იმისა, რომ ვალის [ შედარებით ზომიერი მოცულობით] შემდგომი მატება საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების „შავ სიაში“ შეიყვანს, სადაც საქართველო პანდემიამდე არ იმყოფებოდა, საფუძველს მოკლებულია.

ანალიზი:

პოლიტიკური პარტიის „ლელო - საქართველოსთვის“ მარნეულის ოფისის თავჯდომარე მურად მურადოვმა თავის პირადი ფეისბუქის საშუალებით საზოგადოებას მიმართა. პოლიტიკოსი წერს: „მოკლედ განვმარტავ, რას ნიშნავს ეს „დახმარება“: 483-მილიონიანი „დახმარებიდან“ 33 მილიონი ქვეყნისთვის გაცემული გრანტია, 450 მილიონი კი არის ვალი. ეს მშპ-სთან შეფარდებით 60%-ზე მეტ სახელმწიფო ვალზე დამატებით კიდევ 2 მილიარდს [ლარს] ნიშნავს და არსებობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან რისკის მქონე ქვეყნების სიაში (შავ სიაში) შეყვანის ალბათობა“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

10 ივლისს საქართველომ და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (ADF) ხელი მოაწერეს 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამის შესახებ პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც 2024 წლისთვის 483 მლნ ევროს მოცულობის დახმარების მობილიზებას გულისხმობს. ამ თანხიდან საქართველო 33 მლნ ევროს - გრანტის, ხოლო 450 მლნ ევროს, სესხის სახით მიიღებს. აღნიშნული ფინანსური რესურსის ათვისება საქართველომ 2021-2023 წლებში უნდა მოახდინოს. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თანხა ენერგეტიკის, კერძო სექტორის განვითარების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ირიგაციის, წყალმომარაგებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით დაიხარჯება.

სახელმწიფო ვალი შიდა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული და საგარეო, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალისგან შედგება. 2020 წელს, სახელმწიფო ვალმა 30.9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 62.5%-ს წარმოადგენდა. სახელმწიფო ვალის 60%-ზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება კრიტიკულად მიიჩნევა. ვალის დრამატული მატება 2020 წელს, ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისს და ლარის კურსის შემცირებას (გაუფასურება) უკავშირდება. 2019 წელს, სახელმწიფო ვალი 20.6 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ს 41.9% იყო. 2021 წლის მიმდინარე მონაცემებით, სახელმწიფო ვალი 32.1 მლრდ ლარია.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის დინამიკა 2012-2021 წლებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქსტატი, ავტორის გამოთვლები

მიუხედავად აღნიშნული დინამიკისა, უნდა აღინიშნოს რომ არსებული გათვლებით, მშპ-ს მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, ვალის ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდება, სახელმწიფო ვალის ნომინალური მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად. მაგალითისთვის, თუ X წელს ვალი ნომინალური მშპ-ს 60%-ს წარმოადგენს და X+1 წლის შემთხვევაში მშპ 10%-ით გაიზრდება, ხოლო ვალი 5 %-ით, ვალის მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებელი 57%-მდე მცირდება. ბუნებრივია, ახალი ვალის აღება, ვალის ფარდობითი მაჩვენებლის ავტომატურ ზრდას არ ნიშნავს, თუ მშპ ვალზე მეტად იზრდება.

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2023 წლისთვის მთავრობის ვალი მშპ-ს 54%-ს შეადგენს. დამატებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, 2026 წლისთვის მთავრობის ვალი მშპ-ს 51%-მდე შემცირდება. ვალდებულებების მატებაც, რომელზეც მურად მურადოვი საუბრობდა, 2021-2023 წლებზეა გადანაწილებული. შესაბამისად, ფაქტი, რომ მთავრობის ვალმა 2020 წლისთვის კრიტიკულ ნიშანს მიაღწია, ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას მომავალში ნაკლები ვალის აღება შეეძლება, თუმცა, მტკიცება იმისა, რომ ვალის შემდგომი აღება, საქართველოს რაიმე „შავ სიაში“ შეიყვანს, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულის არგუმენტად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთელი რიგი რეპორტების მოყვანა არის შესაძლებელი, მათ შორის, 2021 წლის აპრილის შეფასებით, საქართველოს მთავრობის ვალი მდგრადობას [1] ინარჩუნებს და მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომელიც მთავრობის ვალის [2] ჭერად მშპ-ს 60%-ს აწესებს არ დაირღვევა.[3] ასევე, ნიშანდობლივია რომ პანდემიის და ვალის მკვეთრი მატების მიუხედავად, მსხვილ სარეიტინგო კომპანიებს (S&P, Moody’s, Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი, პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, არ შეუმცირებიათ.

[1] საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, ვალი მდგრადია, თუ მთავრობა გადახდისუნარიანია დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების, ან დეფოლტის გამოცხადების გარეშე.

[2] სახელმწიფო ვალისგან განსხვავებით, მთავრობის ვალი არ მოიცავს ეროვნული ბანკის ვალს.

[3] საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, რაც შეიძლება მაგალითად ომებით და პანდემიით იყოს გამოწვეული, დასაშვებია მთავრობის ვალი მშპ-ს 60%-ს აჭარბებდეს 3 წლის განმავლობაში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი