სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას პოსტი მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულაცია

26 ივნისს Facebook-გვერდმა „კონსერვატიული პლატფორმა“ სქრინი გამოაქვეყნა, სადაც ბაია პატარაიას ფოტოს თან ერთვის შემდეგი სიტყვები: „შემოვიკრებდი ერთ ათ კაი ჯანიან ქალს და ყველა მოძალადე კაცს დუბინკებით გადავამტვრევდით ძვლებში - წლობით კი არ ვირბენდი სასამართლოში - ბაია პატარაია“. Facebook-გვერდი აღნიშნული სქრინიდან გამომდინარე, ბაია პატარაიას მოძალადეს უწოდებს. სქრინის ორიგინალი წყაროა მარშალპრესი - mpn.ge.

რეალურად, ბაია პატარაიას ეს სიტყვები მის მიერ 26 ივნისს გამოქვეყნებული პოსტიდან ამონარიდს წარმოადგენს და პოსტის სრული კონტექსტის გათვალისწინების გარეშეა გაშუქებული, რაც არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს პატარაია ძალადობის მომხრეა.

სინამდვილეში, ბაია პატარაიას აღნიშნული Facebook-პოსტი ეხება სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების შემთხვევას, რაც მედიასაშუალებებისთვის 25 ივნისს გახდა ცნობილი. ამ ბრალდებით მეზობელი 65 წლის კაცი და მისი 36 წლის შვილი დააკავეს. პროკურატურის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში მამა-შვილსთვის ბრალის წაყენების შემდეგ, ბრალდებულების სახლი სოფლის მოსახლეობამ გადაწვა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულების სახლის დაწვის ფაქტზეც გამოძიება დაწყებულია.

ბაია პატარაია სახლის გადაწვის ფაქტს, თუნდაც ის მოძალადის სახლი იყოს, გმობს და დანაშაულად მიიჩნევს. სწორედ ამ კონტექსტში ამბობს, რომ ლინჩის წესი, უკანონობა და სისხლის აღება, რომ გამოსავალი იყოს, შემოიკრებდა ათ ჯანიან ქალს და ყველა მოძალადე კაცს დუბინკებით გაუსწორდებოდა. პატარაიას პოსტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ლინჩის წესითა და სიველურით მსგავსი საკითხებია არ გვარდება და ასეთ ქცევას სამართალთან კავშირი არ აქვს. აღნიშნულ საკითხზე ბაია პატარაიას 25 ივნისს გამოქვეყნებული პოსტიდანაც ჩანს, რომ იგი სახლის გადაწვას ველური ბრბოს ქმედებასთან აიგივებს და გმობს: „სიველურეს და ლინჩის წესს არასდროს არ გავამართლებ - ეს უკონტროლო ბოროტებაა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს სამართლიანობასთან და კანონთან“.

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი