„ალტ-ინფოს“ მანიპულაცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 3 ივნისს ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ეთერში, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, არაერთი დეზინფორმაცია და მანიპულაცია გაჟღერდა. გარდა ამისა, გადაცემის წამყვანები გადაცემაში სახალხო დამცველისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.

მტკიცება 1. ეკლესიის მიმართ მიმდინარეობს ორკესტრირებული შეტევა. ნინოწმინდის ქეისი არ არის სპონტანური. კონკრეტული მიზანი არის ეკლესიის დისკრედიტაცია

სახალხო დამცველის ანგარიშები და 15 აპრილის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქმე ეხება პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შესაძლებლობას და ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის უკვე გამოვლენილ ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქ გამოვლენილი სავარაუდო დანაშაულისა და სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობაში ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტების გამო მოექცა. რეალური ფაქტებისა და მათ შორის, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის საპირისპიროდ, „ალტ-ინფოს“ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და არსებულ რეალობას ისე წარმოაჩენს, თითქოს ბავშვთა მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე რეაგირება, ასევე, სახალხო დამცველისა და სხვა უფლებადამცველი აქტორების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მოთხოვნა, ბავშვთა ინტერესების დაცვის ნაცვლად, ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.

აღნიშნულ თემაზე დაწვრილებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება 2. სახალხო დამცველმა რაღაც დაწერა, შეიტანა შსს-ში, შსს-მ, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოახდინოს, დაიწყო არარსებული ფაქტის გამოძიება და ესენი როგორ აფასებენ - „ძალადობაზე მიმდინარეობს გამოძიება“... 2016 წლიდან დღემდე გამოძიება 4 საქმეზე მიმდინარეობს და ამ 4 საქმიდან 2 საქმეზე სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილის საფუძველზე, მათ შორის, 1 არის 2021 წელს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაღაც წერილი რომ შედის, მაგაზე გამოძიება უნდა დაიწყოს, ვალდებულებაა, ჩვენ მანიპულაციურად გვაწვდიან ცნობებს

2021 წლის 3 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, სამი საქმე ეხება სავარაუდო ცემის ფაქტს (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ხოლო ერთი საქმე ეხება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი). გამოძიების დაწყების საფუძველი, ორ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან“ მიმართვა გახდა. ასევე, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

აღსანიშნავია ისიც, რომ აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მოცემულია სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის სპეციალურ ანგარიშებშიც (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

სახალხო დამცველის ანგარიშებისა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა უფლებების შესაძლო დარღვევებზე 2021 წლის 7 მაისს გაეროს მიერ გამოცემული დროებითი ღონისძიება და 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა შშმ პირის გაყვანა უნდა მოხდეს.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ნინოწმინდის პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი გაიყვანეს და არასრულწლოვანთა ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში (ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა) განათავსეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ფიზიკური დასჯისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელებმაც გაიხსენეს, რომლებმაც დაწესებულება საკუთარი სურვილით დატოვეს და ალტერნატიულ ზრუნვაში გადავიდნენ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წარსულში პედაგოგების მხრიდან „მკაცრი მოპყრობის“ ფაქტებს ადასტურებს დაწესებულებაში მომუშავე დეკანოზიც.

ზემოაღნიშნული გარემოებები, ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ სავარაუდო დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის გარეშეც, ამ დაწესებულებაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე მიანიშნებს. შესაბამისად, საკითხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს გამოძიების დაწყება ტექნიკური ხასიათის პროცედურაა და რეალურად ბავშვთა სახლში საგანგაშო არაფერი მომხდარა, მანიპულირებაა. ის მტკიცება კი, რომ არარსებულ საქმეზე დაიწყო გამოძიება, მცდარია.

მტკიცება 3. ამისთვის [თამთა მიქელაძისთვის] პრობლემა არის რომ ეკლესია, და ზოგადად, ქრისტიანები ქმნიან თავის პანსიონებს, სადაც ბავშვებს ზრდიან ქრისტიანებად. ეს [თამთა მიქელაძე] ითხოვს რომ თურქებმა მუსლიმური პანსიონი გახსნან და თუ სახელმწიფო ამას არ უზრუნველყოფს, საერთაშორისო ორგანიზაციებში სარჩელს შეიტანს, მაგრამ ნინოწმინდაში ქრისტიანების პანსიონი უნდა გაუქმდეს

გადაცემაში წამყვანები სახალხო დამცველისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის/ მათი წარმომადგენლების, მათ შორის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) ერთ-ერთი დამფუძნებლის - თამთა მიქელაძის, დისკრედიტაციას ცდილობენ.

წამყვანები პარალელს ავლებენ ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონთან და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით თამთა მიქელაძის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს შორის და მათ ისეთი კონტექსტით აწვდიან მაყურებელს, თითქოს, მიქელაძე მუსლიმური პანსიონების გახსნას უჭერს მხარს მაშინ, როცა ქრისტიანული პანსიონების დახურვას ითხოვს.

სინამდვილეში, ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის გახსნასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც 2014 წლიდან იღებს სათავეს, რადიკალურად განსხვავდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებული პრობლემისგან და ორ სრულად განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ქობულეთში, მუსლიმი მოსწავლეებისთვის გახსნილ პანსიონს ფუნქციონირება 2014 წლის 15 სექტემბერს უნდა დაეწყო, თუმცა, იმავე წლის 10 სექტემბერს მომხდარი ძალადობრივი და შეურაცხმყოფელი აქტის შემდეგ (იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიაკუთვნებდნენ), პანსიონის ფუნქციონირება არ დაუწყია.

პროტესტი ამ ინტენსივობით გაგრძელდა 2014 წლის ნოემბრამდე, სანამ პანსიონში მყოფი ბოლო მოსწავლეც იძულებული არ გახდა, დაეტოვებინა შენობა. ადგილობრივები პერიოდულად ისევ ახერხებდნენ პანსიონის წინააღმდეგ ორგანიზებას (მაგ. შეკრება კიდევ ერთხელ გაიმართა 2015 წლის ივლისს). პანსიონის გახსნის საწინააღმდეგო აქციებზე მისი მონაწილეები მუდმივად აკეთებდნენ ისლამოფობიურ, თურქოფობიურ დამამცირებელ განცხადებებს (მაგ. ‘თურქებო’, ‘თათრებო’ ‘მოღალატეებო’ ‘მუსლიმები აქ არ გვინდა’ ‘წადით აქედან თურქეთში და იქ ილოცეთ’).

აღსანიშნავია, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) თანახმად, „მუსლიმი თემის წინააღმდეგ განხორციელებული ხანგრძლივი დევნის ინციდენტებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს როლი არსებითად მხოლოდ პასიური დაკვირვებით შემოიფარგლა.

ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის საქმეზე, ადგილობრივი მუსლიმი თემის უფლებების აღდგენის მიზნით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ (ყოფილი EMC) რამდენიმე პარალელური დავა დაიწყო. 2018 წელს განაცხადი გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც. ასევე, 2018 წელს ქობულეთში მუსლიმური პანსიონის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შსს-ს უმოქმედობის პრობლემა აღიარა და საკასაციო საჩივარი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის ნაწილში, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მიუხედავად ამისა, ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადაცემის წამყვანების მხრიდან ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის საქმისა და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებული მოვლენების ერთ კონტექსტში განხილვა, მანიპულაციაა და ადამიანების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ქობულეთის მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის გახსნა რელიგიური ნიშნით დევნისა და პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფოს პასიური როლის გამო ვერ მოხერხდა, ხოლო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა ომბუდსმენისთვის თავისი მანდატის განხორციელებაში ხელშეშლას, კერძოდ - მონიტორინგში, რომელი ინსტრუმენტითაც წინა წლებში პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები გამოვლინდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში არამხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს, არამედ მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში არსებულ დარღვევებზეც. შესაბამისად, საკითხის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე საუბრით, მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონების წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა, ასევე, რეალური ფაქტების კონტექსტის დამახინჯებით წარმოჩენა და მანიპულაციაა.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი