არჩილ თალაკვაძე: გვაჩვენეთ შარლ მიშელის შეთანხმების ერთი პუნქტი, რომელსაც არ ვასრულებთ ისე, როგორც ჩაწერილია - სასამართლო მოსამართლეების გარეშე არ წერია მიშელის შეთანხმებაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელით ცნობილი 18 აპრილის დოკუმენტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით პარლამენტისთვის ახალი კანონპროექტის წარდგენას ითვალისწინებს და არსებული კანონმდებლობის პირობებში დანიშვნების შეჩერებას მოითხოვს.

მიუხედავად ამისა, შეთანხმების შემდეგ, ხელისუფლებას არც ახალი კანონპროექტი მიუღია უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით და არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი შეჩერებულა.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ შესაბამისი ცვლილებების მიღება, ჯერ კიდევ შეთანხმებაზე ხელმოწერამდე შესრულდა, თუმცა პოლიტიკური პარტიების შეთანხმებამდე, დაჩქარებული წესითა და კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე მიღებული კანონი, „შარლ მიშელის შეთანხმების“ რომელიმე ნაწილის შესრულებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად პროცედურების ახლიდან დაწყების თაობაზე - არ გაითვალისწინა. მეტიც, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პარლამენტი საკამათო კანონს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიდა და შესაბამის დასკვნას მიიღებდა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად - პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, დამატებითი განცხადებების მიღება გამოაცხადა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არჩილ თალაკვაძის განცხადება არის მანიპულირება. „შარლ მიშელის დოკუმენტში“, რა თქმა უნდა, არ წერია, რომ სასამართლო მოსამართლეების გარეშე უნდა დარჩეს, თუმცა დოკუმენტში საუბარია მოსამართლეების დანიშვნისგან თავის შეკავების აუცილებლობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე. შესაბამისად, ამ მუხლის ამგვარი ინტერპრეტირება, კონტექსტს ამახინჯებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

ანალიზი

23 ივნისს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა: „ გვაჩვენეთ შარლ მიშელის შეთანხმების ერთი პუნქტი, რომელსაც არ ვასრულებთ ისე, როგორც ჩაწერილია - სასამართლო მოსამართლეების გარეშე არ წერია მიშელის შეთანხმებაში“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, რამდენად შეესაბამება პარლამენტის ვიცე-სპიკერის აღნიშნული განცხადება სიმართლეს.

რა წერია „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით?

2021 წლის 18 აპრილის დოკუმენტში, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ სახელითაა ცნობილი, ერთ-ერთი თავი კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას ეთმობა. მასში აღნიშნულია, რომ „ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა...“ და ჩამოთვლის სხვადასხვა პუნქტებს, რომელთა შორის, შემდეგი პუნქტებიცაა:

„ბ) პარლამენტს უნდა წარედგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას;

გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.“

„ბ“ პუნქტის შინაარსთან მიმართებით, კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მისაღები კანონპროექტის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ის ჯერ კიდევ „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერამდე შესრულდა და ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო. თუმცა, ცალკე საკითხია - რამდენად სათანადოდ მოხდა ცვლილებების მიღება და რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ეს, შეთანხმების შესრულებად.

კანონპროექტი („საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე), რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას ეხება და რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიუთითებენ, პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, დაჩქარებული წესით და ერთხმად (86 ხმით) მიიღო.

ხაზგასასმელია, რომ კანონპროექტი მიღებულ იქნა „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერამდე და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის გარეშე. მიღებამდე კანონპროექტი „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეაფასა, როგორც ფრაგმენტული და ქვეყანაში შექმნილ რეალობას სრულად მოწყვეტილი. გარდა ამისა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით და კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე მიღებას კრიტიკა ევროკავშირიდანაც მოჰყვა, რის შემდეგაც, 8 აპრილს, პარლამენტმა ის საბოლოო რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გადაუგზავნა.

საყურადღებოა, რომ კანონის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნამდე, 5 აპრილს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად - პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, დამატებითი განცხადებების მიღება გამოაცხადა.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ვენეციის კომისია მიესალმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, თუმცა სამი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაც გასცა:

ა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლის განხვილვა;

ბ. მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურის შეჩერება იმ დრომდე, სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ შემთხვევებზე;

გ. კანდიდატებისთვის თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად პროცედურების ახლიდან დაწყების შესაძლებლობა.

გამომდინარე იქიდან, რომ 1 აპრილს მიღებულმა კანონპროექტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ძველი კანონმდებლობის პირობებში დაწყებულ კონკურსში, ახალი კონკურსანტების მხრიდან დამატებით განცხადებების მიღების შესაძლებლობა გააჩინა, ვენეციის კომისიამ კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობის თავიდან ასარიდებლად, პროცედურის ჩატარების თავიდან დაწყებაზე მიუთითა. მიუხედავად ამისა, პროცესი თავიდან არ დაწყებულა.

21 მაისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებებს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება, მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

მოგვიანებით, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ მოსამართლეთა მიმდინარე დანიშვნები 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ შეესაბამება.

მიუხედავად მოწოდებებისა, 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრი აირჩიეს. 17 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა და მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

დასკვნა

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, 2021 წლის 1 აპრილს პოლიტიკური პარტიების შეთანხმებამდე, დაჩქარებული წესითა და კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე მიღებული კანონპროექტი, „შარლ მიშელის შეთანხმების“ რომელიმე ნაწილის შესრულებად არ შეიძლება ჩაითვალოს. ლოგიკურია, რომ თუკი მიღებული ცვლილებები საკმარისი აღმოჩნდებოდა არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად, მაშინ შეთანხმების დოკუმენტში აღარ მოხვდებოდა პუნქტი, რომელიც, უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით ახალი კანონპროექტის მიღებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად პროცედურების ახლიდან დაწყების თაობაზე, არ გაითვალისწინა. მეტიც, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პარლამენტი საკამათო კანონს ვენეციის კომისიას გადაუგზავნიდა და შესაბამის დასკვნას მიიღებდა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, დამატებითი განცხადებების მიღება გამოაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უზენაეს სასამართლოში პროცესები „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ გრძელდება, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მოწოდებების გათვალისწინების გარეშე, რაც სასამართლო სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი