2021 წლის 26 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, „ფორმულას“ ოფიციალური Facebook-გვერდი 1 კვირით დაიბლოკა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაბლოკვის მიზეზი მათ გვერდზე განთავსებული მასალის დარეპორტება გახდა, რაც კამპანიურ ხასიათს ატარებდა.

აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში მანიპულაციურად გავრცელდა. 27 ივნისს Facebook-გვერდმა - საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog - გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ Facebook-მა „ფორმულა“ დაბლოკა, რის მიზეზადაც მომხმარებლების მხრიდან შესული საჩივრებია დასახელებული. თუმცა ამავდროულად, მოცემული გვერდი აღნიშნავს, რომ ეს Facebook-ის მხრიდან საქართველოში ანგარიშის დაბლოკვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა და მომხმარებელს 2019 წლის დეკემბერში კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის გამო დაბლოკილ ქართულ გვერდებს ახსენებს. იდენტური პოსტი გაავრცელა Facebook-გვერდმა „სირცხვილის კორიდორი“. პოსტი ასევე გაზიარდა საჯარო ჯგუფებში: პროტესტი! Protest! Протест; ჩვენ გვიყვარს საქართველო ❤️; ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილის § მარიამ ჭყონიას TVმედია.

Facebook-ის მიერ ფორმულას წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების შესახებ დეტალების დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ ტელეკომპანიას დაუკავშირდა. როგორც „ფორმულამ“ „ფაქტ-მეტრთან“ განაცხადა, მოკლე პერიოდში Facebook-გვერდზე ინტელექტუალური საკუთრების მითვისების შესახებ რამდენიმე რეპორტი მიიღო. მათგან 1 რეპორტს „ფორმულა“ ობიექტურად მიიჩნევს - „ახალი ამბის ოპერატიულად განთავსების მიზნით, სიჩქარეში, ავტორის უკითხავად გამოვიყენეთ კონკრეტული ფოტო და მისგან მივიღეთ საჩივარი ფეისბუქთან“. ასევე "ფორმულასთან" კომუნიკაციის შედეგად გავარკვიეთ, რომ პირველი, როგორც ფორმულაში აღნიშნავენ, ავთენტური საჩივრის ავტორთან კომუნიკაციის შედეგად, ტელეკომპანიამ დაშვებული შეცდომა გამოასწორა და საჩივრის ავტორიც საჩივარს უკან გაიხმობს.

დანარჩენი რეპორტების მიზეზი და წარმომავლობა, მათი თქმით, უცნობია. ინტელექტუალური საკუთრების მითვისების შესახებ საჩივრების გამო, 7 დღის განმავლობაში, „ფორმულას“ მთავარ Facebook-გვერდზე ვიზუალური მასალის განთავსება შეეზღუდა. შეზღუდვა არ შეხებია ტექსტების გამოქვეყნებას, შესაბამისად, „ფორმულა“ აუდიტორიასთან კომუნიკაციას აღნიშნული ფორმით განაგრძობს. ასევე შეზღუდვა არ შეხებია „ფორმულას“ სხვა სოციალური მედიის პლატფორმებს, ვებგვერდსა და აპლიკაციას - ყველა მათგანი უხარვეზოდ მუშაობს.

რაც შეეხება 2019 წლის შემთხვევას, Facebook-მა მაშინ თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში წაშალა. ამის მიზეზი წაშლილი ანგარიშების კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა გახდა. Facebook-ის მიერ წაშლილი ანგარიშების დიდი უმრავლესობა (344) გვერდებს წარმოადგენდა. თუმცა ამ წმენდის ფარგლებში 39 პირადი ანგარიშიც წაიშალა, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ გვერდების ადმინისტრირებაში ჩართულ პირებს ეკუთვნოდათ.

წაშლილ 418 ანგარიშს სოციალური ქსელის მომხმარებლები ორგანიზებულად და მიზანმიმართულად შეჰყავდათ შეცდომაში, რაც ამ ანგარიშების ყალბი პოზიციონირებით ხორციელდებოდა - გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ. ისინი პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და თავს ასაღებდნენ პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად და მედია საშუალებებად, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ყველა ანგარიში „ქართულ ოცნებასა“ და სარეკლამო კომპანია „პანდასთან“ იყო დაკავშირებული. ვრცლად, წაშლილი ანგარიშების შესახებ, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

რას გულისხმობს Facebook-ის პოლიტიკა „კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის“ მიმართ?

Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი ნათანიელ გლეიჰერი ამ ქცევას შემდეგნაირად განმარტავს: „კოორდინირებული და არაავთენტური ქცევა წარმოადგენს ისეთ ქმედებას, როდესაც გვერდები ან ადამიანები მუშაობენ ერთი სცენარით, რათა მომხმარებლები მათი საქმიანობისა და იდენტობის შესახებ შეცდომაში შეიყვანონ“. შესაბამისად, ამგვარი ქსელის აღმოჩენისას ანგარიშები არა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსის მიხედვით, არამედ ქცევის გამო იშლებიან. Facebook-ის სტანდარტების მიხედვით, არაავთენტურ ქმედებად ითვლება და, შესაბამისად, აკრძალულია შემდეგი:

• მრავალი Facebook-ანგარიშის (პროფილის) გამოყენება ან მრავალი ადამიანის მიერ ერთი და იმავე ანგარიშის გამოყენება;

• Facebook-ისა და Instagram-ის რეპორტინგის (reporting) სისტემის არასწორად - ბოროტად გამოყენება, სხვებისათვის ზიანის მიყენების მიზნით;

• გვერდის მფლობელის ან მმართველის ვინაობის შესახებ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის გზით გვერდის მიზნის დამალვა;

• არაავთენტურ საქმიანობაში ჩართვა, რომელიც განისაზღვრება როგორც Facebook ან Instagram-ის რესურსის (პირადი პროფილი, გვერდი, ჯგუფი ან ღონისძიება) გამოყენება სოციალური ქსელის მომხმარებლების ან თავად Facebook-ის შეცდომაში შესაყვანად. შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია შეიძლება იყოს:

  • იმ სუბიექტის იდენტობის, მიზნის ან წარმოშობის შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ;
  • Facebook-ის ან Instagram-ის კონტენტის ან ანგარიშების პოპულარობის შესახებ;
  • აუდიტორიის ან თემის (community) მიზნის შესახებ;
  • წყაროს ან კონტენტის წარმოშობის შესახებ;
  • Facebook-ის სტანდარტების გვერდის ავლის შესახებ;

• კოორდინირებულ და არაავთენტურ ქმედებაში ჩართვა, რაც განისაზღვრება შემდეგნაირად: Facebook-ის ან Instagram-ის მრავალი ანგარიშის გამოყენება, რომლებიც მოქმედებენ შეთანხმებულად და რომელთა მუშაობის ფარგლებში მთავარი რგოლი ყალბი ანგარიშებია;

• Facebook/Instagram ანგარიშების მიერ ისეთ აქტივობებში მონაწილეობა, რომლებიც ორგანიზებულია უცხოური ან ადგილობრივი მთავრობის მიერ, მიზნად ისახავს ქვეყნის შიდა ან საგარეო პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას და ხორციელდება არაავთენტური და კოორდინირებული ქმედებით.

ამრიგად, საინფორმაციო ბლოგი - Informative Blog-ისა და სირცხვილის კორიდორის მიერ „ფორმულას“ Facebook-გვერდის დაბლოკვის შესახებ გავრცელებული პოსტი, მანიპულაციურია. 2019 წელს Facebook-ის მიერ კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის გამო წაშლილი გვერდების მაგალითის მოყვანა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანია. კოორდინირებული და არაავთენტური ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში, Facebook-ი გვერდს და მასთან დაკავშირებულ მთლიან ქსელს შლის, ამ შემთხვევაში კი - „ფორმულას“ მთავარ Facebook-გვერდს 1 კვირით, მასობრივი რეპორტინგის გამო, ვიზუალური მასალის განთავსება შეეზღუდა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი