აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „დაგს“ შორის 2020 წლის 13 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელიც ქალაქ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარე, აჭარის ა/რ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს, კიდევ ერთი ცვლილება შევიდა. 38 745 999-ლარიანი ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. მხარეებს შორის გაფორმებული ბოლო შეთანხმებით კი ვადა არა უგვიანეს 2021 წლის 10 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

საუბარია ე. წ. ოცნების ქალაქზე, რომელიც 2012 წელს გაჩნდა. დასაწყისში ამ ტერიტორიაზე თვითნებურად რამდენიმე ოჯახი დასახლდა, მიმდინარე პერიოდისთვის კი 2 000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი ეკომიგრანტია, ნაწილი - სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი. ხელისუფლება ამ დრომდე მუშაობს იმ კრიტერიუმების დადგენაზე, რომელთა მიხედვითაც გადაწყდება, ვინ მიიღებს ბინას ახალაშენებულ კორპუსებში.

„ფაქტ-მეტრმა“ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა პრობლემებს ყურადღება ჯერ კიდევ 2016 წელს მიაქცია. ამის შემდეგ ჩვენ იქ მცხოვრებთა პრობლემებსა და მიმდინარე პროცესებზე არაერთი სტატია გამოვაქვეყნეთ. მათ შორის - ცენტრალური თუ რეგიონის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე მოკვლეული ინფორმაცია.

გასულ წელს ჩვენ იმ კომპანიის შესახებაც ვწერდით, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში (NAT190025735) უცნაურად გაიმარჯვა. საქმე ისაა, რომ მანამდე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, იმავე მიზნით, გამოცხადებული იყო 41 468 000-ლარიანი ტენდერი (NAT190021387).ტენდერით შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ დაინტერესდა, რომელმაც შემსყიდველს სამუშაოების შესრულება 39 809 280 ლარად შესთავაზა, თუმცა სატენდერო კომისიამ სატენდერო პროცედურები შეწყვიტა. დეტალურად ამის შესახებ იხილეთ ზემოთ მითითებულ სტატიაში.

შპს „დაგმა“ 2019 წლის 27 დეკემბერს, უკვე მეორედ გამოცხადებულ ტენდერში, გაიმარჯვა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 39 488 000 ლარი იყო. „დაგმა“, სამ პრეტენდენტს შორის, ყველაზე დაბალი ფასი დაასახელა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მასთან 38 745 999-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო.

თუმცა ხელშეკრულებაში არაერთი ცვლილება შევიდა, მათ შორის - ვადებთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნული საკითხი ვრცლად მიმოვიხილეთ. იმ დროისთვის მხარეებს შორის დადებული ბოლო შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადად არა უგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბერი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის თებერვალში კომპანიამ მინისტრს წერილი მისწერა, რომელშიც შეფერხების მიზეზად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები სახელდება.

როგორც ირკვევა, კომპანია პროექტის დასრულებას ვერც 25 ოქტომბერს შეძლებს, რადგან მხარეებს შორის 25 მაისს კიდევ ერთი შეთანხმება შედგა. ამჯერად გადაწყდა, რომ სამუშაოები არა უგვიანეს 10 დეკემბერს უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიების ამოქმედებას აპირებს.

ზემოთ ნახსენებ სტატიაში, რომელიც შპს „დაგის“ შესახებ საინტერესო ფაქტები მოვიყვანეთ, საუბარია სწორედ იმაზე, რომ კომპანია ხშირად შემსყიდველისთვის დაბალი ფასის შეთავაზებით იმარჯვებს. პროექტის განხორციელების პროცესში კი ის, სხვადასხვა მიზეზით, ღირებულების გაზრდას ითხოვს. მას არაერთი ტენდერი მოგებული აქვს უკონკურენტოდ, რამდენიმე კი - სხვა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ამასთანავე, „დაგმა“ არაერთი პროექტი თავდაპირველად დადგენილ ვადებში ვერ დაასრულა.

არსებული მდგომარეობით, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „დაგისთვის“, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, გადახდილი აქვს 15 938 464 ლარი (მთლიანი ღირებულების 41%), აქედან 5 811 900 ლარი - ავანსის სახით.

რედაქტორის შენიშვნა:სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ვწერდით, რომ შპს "მაქრო ქონსთრაქშენს" დისკვალიფიკაცია მიენიჭა. აღნიშნულ ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით ჩვენ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი დაგვიკავშირდა. ამავე თემაზე მანამდე გამოქვეყნებულ სტატიაში ფაქტ-მეტრი სწორად მიუთითებდა, რომ სინამდვილეში სატენდერო პროცედურები შეწყდა. სტატიაში შეტანილია შესაბამისი ცვლილება დახრილი ფონტით, რათა შეცვლილი ნაწილი მარტივად აღქმადი იყოს მკითხველისთვის.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი