კახა ქემოკლიძე: [საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების] აქციის დროს, სამწუხაროდ, 24-მა ადამიანმა დაკარგა თვალი მაშინ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა ქემოკლიძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები და 20-21 ივნისის მოვლენები ერთმანეთისგან როგორც ფორმით, მასშტაბითა და დამდგარი ზიანით, ისე გამომწვევი მიზეზებით, განსხვავდება.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, ავტორის მიერ ორი თვისობრივად განსხვავებული საპროტესტო აქციის ერთ კონტექსტში განხილვა, მნიშვნელოვანი გარემოებების აღწერის გარეშე, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს და უნდა შეფასდეს, როგორც მანიპულირება.

ანალიზი

5 ივნისს, „მთავარის“ ეთერში პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას პარალელი „ყვითელი ჟილეტების“ აქციასთან გაავლო. „საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანების აქციის შესახებ გსმენიათ? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით? საფრანგეთში, ყვითელჟილეტებიანების აქციის დროს, სამწუხაროდ 24-მა ადამიანმა დაკარგა თვალი. მაშინ, როდესაც ფრანგული პოლიცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ძლიერ ინსტიტუციად. მათ შორის დაზიანდა ასეულობით ადამიანი და 100-ზე მეტი ჟურნალისტი“ - განაცხადა მან.

„ფაქტ-მეტრი“ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და შეაფასა, რამდენად მართებულია „ყვითელი ჟილეტისა“ და 20 ივნისის საპროტესტო აქციის ერთ კონტექსტში განხილვა.

„ყვითელი ჟილეტის“ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. ადამიანები თავდაპირველად საწვავზე ფასებისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების ზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მათ სხვა მოთხოვნებიც წამოაყენეს, რაც ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. დემონსტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საპროტესტო გამოსვლებმა დეკემბერში პიკს მიაღწია და პარიზში ძალადობრივი სახე მიიღო. დემონსტრანტებმა დააზიანეს ტრიუმფალური თაღი, უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ასევე, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ მაღაზიებს, რესტორნებსა და სხვადასხვა შენობას, თავს ესხმოდნენ პოლიციას, წვავდნენ მანქანებს. 2018 წლის 3 დეკემბრისთვის დემონსტრანტებს პოლიციის 100-ზე მეტი მანქანა ჰქონდათ გადამწვარი. პოლიციასთან შეტაკებებს ადგილი ჰქონდა საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებშიც. 2019 წლის მარტის მონაცემებით, დემონსტრანტების უკანონო ქმედებებით, საკუთრების დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა 200 მილიონ ევროს მიაღწია.

განგრძობადმა პროტესტმა გარკვეული გავლენა საფრანგეთის ეკონომიკაზეც იქონია, ზოგიერთი სექტორი მნიშვნელოვანად დაზარალდა, განსაკუთრებით - მცირე ბიზნესი.

დემონსტრაციებისას სამართალდამცველების ქმედებებს კრიტიკა მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. კრიტიკის საგნად პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებებით (ცრემლსადენი გაზი, სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები) ძალის გადამეტება იქცა, რასთან დაკავშირებითაც 212 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, საიდანაც 18 საქმე სასამართლოში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებისთვის არასათანადო ინსტრუქციების მიცემისთვის, 2019 წლის მარტში პარიზის პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

საპროტესტო გამოსვლებმა საერთო ჯამში, რამდენიმე თვის განმავლობაში, 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა, დაახლოებით, 2 500 დემონსტრანტი და 1 800 სამართალდამცველი. სულ მცირე, 25-მა მონაწილემ თვალის სერიოზული დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, დემონსტრაციებისას 54-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, რომელთაგან 12-მა სერიოზული დაზიანება მიიღო. ზოგიერთი შეფასებით, საერთო ჯამში, 2018-2019 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პროტესტში 3 მილიონი ადამიანი იყო ჩართული.

რაც შეეხება თბილისში 2019 წლის 20 ივნისს დაწყებულ საპროტესტო აქციას, მისი მიზეზი რუსეთის დუმის წევრის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტში ყოფნა და სპიკერის ადგილის დაკავება გახდა, რუსული ოკუპაციის პარალელურად.

ანტისაოკუპაციო პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, სანამ მონაწილეთაგან ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალით სცადა პარლამენტში შეღწევა. თუმცა, საბოლოოდ, პარლამენტის შენობაში არცერთი დემონსტრანტი არ შეჭრილა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. კერძოდ, ისინი მყისიერი საფრთხის არარსებობის პირობებშიც კი, ადამიანებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდნენ (იხ. ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).

ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისს 275 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის იყო 187 სამოქალაქო პირი, 40-მდე ჟურნალისტი, 73 პოლიციის თანამშრომელი. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა ცალი თვალი დაკარგა, ხოლო რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

შეჯამებისთვის, უნდა ითქვას, რომ „ყვითელი ჟილეტების“ დემონსტრაციები და 20-21 ივნისის მოვლენები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ფორმით, მასშტაბითა და დამდგარი ზიანით, ისე გამომწვევი მიზეზებით. განსხვავებით „გავრილოვის ღამისგან“, საფრანგეთში მიმდინარე „ყვითელი ჟილეტის“ პროტესტი იყო ფართომასშტაბიანი, ზოგ შემთხვევაში - უკიდურესად ძალადობრივი; მოიტანა სერიოზული ადამიანური დანაკარგი და ზიანი; ასევე, დარტყმა მიაყენა ქვეყნის სხვადასხვა სექტორს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას (თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პარიზის პოლიციის უფროსი გაათავისუფლეს), ავტორის მიერ ორი თვისობრივად განსხვავებული საპროტესტო აქციის ერთ კონტექსტში განხილვა, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს და უნდა შეფასდეს, როგორც მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი