გადაცემა „მეცნიერთა კლუბში“ კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

„თავისუფალი არხი - ილიონის“ გადაცემაში „მეცნიერთა კლუბი“ COVID-19-ისა და ვაქცინების შესახებ არაერთი მანიპულაციური და ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. 2021 წლის პირველი ივნისის გადაცემის სტუმარი, ექიმი ზურაბ ქუმსიაშვილი და გადაცემის წამყვანი, თინათინ თოფურია, აქამდე არაერთხელ გაჟღერებულ დეზინფორმაციას იმეორებენ.

მტკიცება: „რნმ ვაქცინების მომზადებისას, ვაქცინის დამზადებისა და გამოცდისთვის საჭირო ვადები დაცული არ ყოფილა. ის რამდენიმე თვეში დამზადდა და პირდაპირ მოსახლეობის აცრა დაიწყო“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Covid-19-ის ვაქცინები ნამდვილად შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა მას კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, Covid-19-ის ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის, პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე, შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით, ვაქცინის ეფექტურობა განისაზღვრება და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

კოვიდვაქცინებმა ზემოთჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ კოვიდვაქცინების ტექნოლოგია ნამდვილად ახალია და mRNA ვაქცინები აქამდე არ გამოუყენებიათ, თუმცა მათ წლების განმავლობაში აქტიურად შეისწავლიდნენ.

მტკიცება: „რნმ ვაქცინების გამოყენების შედეგად უკვე დაფიქსირდა ავტოიმუნური აგრესიის რეაქციით გამოწვეული პათოლოგიები“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მიერ ავტოიმუნური დაავადებებისა და პათოლოგიების შესახებ დეზინფორმაცია, მათ შორის თინათინ თოფურიას მიერ, აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა. თუმცა, აღნიშნული მტკიცება, სიმართლეს არ შეესაბამება. მეცნიერები ვაქცინებზე მუშაობისას გაძლიერებული იმუნური სისტემის პათოლოგიაზე (ADE) ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ. თუმცა კორონავირუსის კლინიკური კვლევებისა და მისი გამოყენებაში ჩაშვების შემდეგ, ვაქცინების მიერ ამ პათოლოგიის გამოწვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ცნობისთვის, ავტოიმუნური პროცესები ადამიანის ორგანიზმში მაშინ მიმდინარეობს, როდესაც ადამიანის ორგანიზმი „საკუთარ“ უჯრედებს ვეღარ ცნობს და მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. როგორც Health Feedback წერს, ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვაქცინა ადამიანის ორგანიზმის მიერ უცხო სხეულად აღიქმება, სწორედ ამიტომ ადამიანის ორგანიზმი მის წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ამგვარად, ადამიანის ორგანიზმში ვაქცინის სახით შესული ნივთიერებები, ვერანაირად ვერ გამოიწვევს ავტოიმუნურ რეაქციებს, რადგან ვაქცინა ადამიანის ორგანიზმისთვის თავისთავად უცხო სხეულია და ორგანიზმს „საკუთარ“ უჯრედებსა თუ ქსოვილებში ვერ აერევა.

მტკიცება: აცრების შედეგად ადამიანებში ანტისხეულების გამომუშავება არ მოხდა

ვერდიქტი: მანიპულირება

თინათინ თოფურიას მტკიცებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ადამიანებში ანტისხეულების გამომუშავება არ მოხდა. რეალურად, ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნა ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტირების შედეგად დგინდება. ამ შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ ტესტმა შესაძლოა, უარყოფითი შედეგი აჩვენოს. თუმცა, როგორც გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, რობ მერფი ამბობს, ანტისხეულებზე გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი არ ნიშნავს, რომ კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინები არ მუშაობს.

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდგომ ანტისხეულებზე ტესტირებას რეკომენდაციას არ უწევს, რადგან ტესტები ვაქცინაციის შემდგომ გამომუშავებულ იმუნიტეტს შესაძლოა ვერ აღიქვამდეს. ეს განპირობებულია იმით, რომ სხვადასხვა ტესტი ვირუსის სხვადასხვა ნაწილის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. მაგალითად, ზოგიერთი ტესტი ორიენტირებულია ვირუსის სპაიკ ცილის მიმართ გამოვლენილი ანტისხეულების დადგენაზე, რომელიც ვირუსული ინფექციის ან ვაქცინაციის შემდეგ წარმოიქმნება. არსებობს ტესტებიც, რომლებიც ვირუსის სხვა ნაწილის, ნუკლეოპლასტის ცილის მიმართ წარმოქმნილ ანტისხეულებს ადგენს, რომელიც არა ვაქცინაციის, არამედ უშუალოდ ინფიცირების შემდეგ გამომუშავდება. შესაბამისად, ანტისხეულების ტესტებმა შესაძლოა ვაქცინის მიერ ორგანიზმში გამომუშავებული იმუნიტეტი ვერ აღმოაჩინოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არაეფექტურია და არ მუშაობს.

მტკიცება: ვაქცინირებული ადამიანი კორონავირუსს უფრო რთულად გადაიტანს, ვიდრე არავაქცინირებული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

თოფურიას და ქუმსიაშვილის მტკიცებების თანახმად, ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსს უფრო რთულად გადაიტანენ, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანები. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კოვიდვაქცინაცია სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, ადამიანმა ვირუსი მარტივად, გართულებების გარეშე გადაიტანოს. თავის მხრივ, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებითაც, ვაქცინაცია ადამიანს ვირუსის მსუბუქი ფორმით გადატანაში ეხმარება. მისი თქმით, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლებელია, დაავადება მსუბუქი ფორმით დაემართოს ან ის იყოს მექანიკური გადამტანი და სრულიად ასიმპტომური მატარებელი. თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის ორჯერადად ვაქცინირებულიც კი, შესაძლებელია, მსუბუქი დაავადება განუვითარდეს, მაგრამ ის 100%-ით დაცულია სიკვდილისა და ინტუბაციისგან“. შესაბამისად, აშკარაა, რომ ვაქცინირებული ადამიანები დაინფიცირებისას დაავადების რთული ფორმისგან უფრო მეტად არიან დაცულები, ვიდრე არავაქცინირებულები.

მტკიცება: „ჯანმოს მხრიდან პანდემიის გამოცხადება არასწორია. მოსახლეობის 5 პროცენტი უნდა დაავადდეს, რომ გამოცხადდეს ეპიდემია, ხოლო გაცილებით მეტი, რომ პანდემია გამოცხადდეს“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პანდემია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემდეგნაირად არის განმარტებული: „ის წარმოადგენს გლობალური მასშტაბით გავრცელებად ეპიდემიას, რომელიც კვეთს საერთაშორისო საზღვრებს და გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდ რაოდენობაზე“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებაში, რაიმე კონკრეტული რიცხვითი ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც პანდემიის გამოცხადება ლეგიტიმურია - არ ფიგურირებს. ეპიდემია კი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტების მიხედვით, არის „საზოგადოებაში ან რეგიონში დაავადების, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ქცევის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა მოვლენების შემთხვევები, რომელიც ცხადად აჭარბებს მოსალოდნელ ნორმებს“.

ვინაიდან და რადგანაც, პანდემიის გამოსაცხადებლად რაიმე %-იანი ზღვარი ან ინფიცირებულთა კონკრეტული რიცხვი განსაზღვრული არ არის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს პანდემია მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მსოფლიო მასშტაბით 114 ქვეყანაში, 118 000-ზე მეტი დაინფიცირების და 4291 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსის ფაქტები 11 მარტის მონაცემებით დაფიქსირებული იყო დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). ამასთან, ზემოთ აღნიშნულ 4 ლოკაციაზე (ჩინეთი, იტალია, ირანი, სამხრეთ კორეა) მთელი შემთხვევების რაოდენობის 90% დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხზე დეზინფორმაცია აქამდეც ხშირად გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები ( ბმული 1 , ბმული 2).

მტკიცება: ქალების 14%-ში, ვისაც ორსულობის მესამე ტრიმესტრში ვაქცინები გაუკეთდათ, ნაადრევი მშობიარობა, მკვდარი ნაყოფის დაბადება ან მუცლის მოშლა, დაფიქსირდა“

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 28 აპრილს pharmacytimes.com-მა წინასწარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ორსულებში Pfizer-BioNTech-ითა და Moderna-თი ვაქცინაციის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ გამოვლენილა. ი-რნმ ვაქცინების ორსულებში მოქმედების ეფექტურობის შესაფასებლად 2020 წლის 14 დეკემბრიდან - 2021 წლის 28 თებერვლის შუალედში არსებული მონაცემები ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემიდან - VAERS-იდან და ვაქცინაციის შემდგომი სამონიტორინგო სისტემიდან - V-safe-დან, იქნა შეგროვებული. კვლევაში მონაწილე ორსულ ქალებს ინექციის ადგილას შედარებით უფრო მეტი ტკივილი აღენიშნებოდათ, ვიდრე არაორსულ ქალებს. თუმცა თავისა და კუნთების ტკივილი და სიცხის შემთხვევები ორსულ ქალებში შედარებით ნაკლები იყო. კვლევის თანახმად, 827 ვაქცინირებული ორსული ქალიდან 13.9%-ის შემთხვევაში ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა, 86.1%-ის შემთხვევაში კი - ცოცხალი ნაყოფის გაჩენით. ახალშობილთა 9.4%-ის შემთხვევაში ნაყოფი ნაადრევად დაიბადა, 3,2%-ს კი მცირე ზომა ჰქონდა. თუმცა კვლევის ორიგინალ ვერსიაში აღნიშნულია, რომ მუცლის მოშლის ეს მაჩვენებელი, აუცრელ ქალებში მუცლის მოშლის ამავე მაჩვენებლისგან, არ განსხვავდება.

აქედან გამომდინარე, ი-რნმ-ის ვაქცინებით ჩატარებული კვლევის შედეგებს თინა თოფურია მანიპულაციურად იყენებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ორსულებში ვაქცინაციაზე გაცემული რეკომენდაციების დისკრედიტაციას ცდილობს. აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: ვაქცინაციის შემდეგ ქალებს 28 დღე კონტრაცეპტივების გამოყენების რეკომენდაციას, ხოლო მამაკაცებს გაფრთხილებას აძლევენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე კოვიდვაქცინების მოქმედების მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, კოვიდვაქცინებსა და ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემას შორის კავშირის არსებობა, 24 მაისს სინგაპურელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებითაც არ დადასტურდა. უშუალოდ მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებული მოსაზრებები უარყოფილი და გაქარწყლებულია, თუნდაც ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით. კვლევის დროს შესწავლილ იქნა მამაკაცის სპერმა ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ და მათ შორის არავითარი განსხვავება არ გამოჩნდა.

ხოლო რაც შეეხება ქალის რესპროდუქციულ სისტემაზე ვაქცინების ზემოქმედების საფრთხეს, ამ შემთხვევაში, კულუმბეგოვის თქმით, არსებობდა ჰიპოთეტური შანსი, რომ ვაქცინების მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს პლანცეტაში არსებულ ცილა სინტიცინ 1-ზე მოეხდინათ გავლენა. თუმცა, ეს ეჭვიც გაქარწყლებულია, რადგან დღეისათვის ასობით მილიონი ადამიანი არის ვაქცინირებული, მათ შორის, ათასობით ორსული ქალი ამერიკაში, რომლებშიც პლანცენტის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავება არ დადასტურებულა.

აღსანიშანავია, რომ რეკომენდაცია ვაქცინირებული ქალებისთვის 28 დღის განმავლობაში დაორსულებისთვის თავის არიდების შესახებ, არ არსებობს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (CDC) თანახმად, ადამიანებს, რომლებიც დაოსრულებას ცდილობენ ან მომავალში სურთ დაორსულება, Covid-19-ის ვაქცინის მიღება შეუძლიათ. დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ Covid-19-ის ვაქცინა ნაყოფიერების პრობლემებს იწვევს. ასევე, CDC-ის რეკომენდაციით, Covid-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ ადამიანებს ორსულობის თავიდან აცილება არ სჭირდებათ.

ვაქცინაციის შემდეგ, ქალისა და კაცის ორგანიზმების ნაყოფიერების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ მრავალი დეზინფორმაციის გამო, აღნიშნულ საკითხს „ბრიტანეთის ნაყოფიერების საზოგადოება“ (The British Fertility Society) და „რეპროდუქციისა და კლინიკური მეცნიერების ასოციაცია“ (Association of Reproductive and Clinical Scientists) გამოეხმაურა. ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, ქალის ან კაცის ორგანიზმის ნაყოფიერების უნარზე, რაიმე სახით ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

--------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი