Facebook-მომხმარებლები ენტონი ფაუჩის გასაჯაროებული მიმოწერით მანიპულირებენ

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 1 ივნისს, გამოცემებმა - BuzzFeed News და The Washington Post - ენტონი ფაუჩის ათასობით გვერდისგან შემდგარი ელექტრონული ფოსტის წერილები გამოაქვეყნეს, რომლებიც 2020 წლის იანვრიდან პერიოდს მოიცავს. წერილების გასაჯაროების შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ფაუჩისა და მისი კოლეგების რამდენიმე იმეილმა მიიქცია, რომლებიც პირბადეებსა და ვირუსის წარმომავლობას შეეხება.

3 ივნისს ბექა ვარდოსანიძემ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის ელექტრონული ფოსტის გასაჯაროებასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook - ბლოგზე - ბექა ვარდოსანიძის ბლოგი • Beka Vardosanidze's blog - ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფაუჩი აფინანსებდა პროექტს, რომლის ფარგლებშიც იმაზე მუშაობდნენ, რომ ვირუსი კიდევ უფრო ინფექციური გამხდარიყო. ვიდეოში მანიპულაციურადაა განხილული ფაუჩის მიმოწერა პირბადეების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ვარდოსანიძე ვაქცინების დისკრედიტაციასაც ცდილობს და აჟღერებს ისეთ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ვაქცინა ადამიანს ხელმეორედ დაინფიცირებისგან არ იცავს. რომ მათ, ვისაც კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი გამოუმუშავდათ, მაინც უკეთებენ ვაქცინას მაშინ, როცა ეს საჭირო არ არის.

ენტონი ფაუჩის იმეილების გასაჯაროებას სხვა Facebook-მომხმარებლებიც გამოეხმაურნენ. შორე შანიძე, მიშო ოტიაშვილი, Soso Manjavidze და Facebook-გვერდი „დედაქალაქი“, ენტონი ფაუჩის მიერ 2020 წლის 5 თებერვალს სილვია ბურველისთვის გაგზავნილ იმეილზე აპელირებენ.

მტკიცება: ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ს გადაეცა გრანტი, რომ შეესწავლა, გადადიოდა, თუ - არა კორნავირუსი ღამურიდან ადამიანზე. ორგანიზაცია მუშაობდა იმაზე, რომ ვირუსი ადამიანებთან მიმართებით კიდევ უფრო ინფექციური გაეხადათ

ვერდიქტი: მანიპულირება

როგორც უცხოურ, ისე ქართულ ინტერნეტსივრცეში ფართოდ გავრცელდა მტკიცება, თითქოს ენტონი ფაუჩისთვის გაგზავნილი მეილი ადასტურებს, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. აღნიშნული მტკიცება სათავეს ენტონი ფაუჩის ერთ-ერთი იმეილიდან იღებს, რომელშიც Ecohealth Alliance-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ დასზაკი მადლობას უხდის ფაუჩის იმ მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირებისთვის, რომ ვირუსი არ არის ადამიანების მიერ ლაბორატორიულად შექმნილი. აღნიშნულ იმეილზე ენტონი ფაუჩი შემდეგნაირად პასუხობს: „დიდი მადლობა კეთილი მონაწერისთვის“ ("Many thanks for your kind note").

აღნიშნულ მეილთან ერთად, კონსპირატორებს მანიპულირების მეტ შანსს აძლევს ის ფაქტი, რომ Ecohealth Alliance 2014-2019 წლებში ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტისთვის გრანტის მიწოდების პროცესში შუამავალი ორგანიზაცია იყო.

CNN მიმოწერის ამ ნაწილის განმარტებისთვის ფაუჩს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ იმეილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. მის და Ecohealth Alliance-ის დირექტორის მიმოწერაში დასამალი არაფერია. საჯარო ფაქტია ის, რომ 2014-2019 წლებში აშშ-ის საყოველთაო ჯანდაცვის სააგენტომ, ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია EcoHealth Alliance-ის შუამავლობით, ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს 600 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის გრანტი გადასცა, რათა ღამურებში კორონავირუსი ეკვლია. სულ ორგანიზაცია EcoHealth Alliance-მა კორონავირუსის ტრანსფორმაციის საკვლევად 2014 წლის დასაწყისში 3.4 მილიონის ოდენობის გრანტი მიიღო, რის შემდეგაც ორგანიზაციამ თანხები თავად გადაანაწილა და 3.4 მილიონიდან 600 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი ვუჰანის ლაბორატორიას გადასცა. გრანტი გამიზნული იყო 2003 წელს აფეთქებული SARS-ის და 2012 წელს აფეთქებული ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის, MERS-ის ღამურებში კვლევისთვის. შესაბამისად, EcoHealth Alliance ნამდვილად გადაეცა გრანტი ღამურებში კორონავირუსის საკვლევად, თუმცა მტკიცება, რომ ორგანიზაცია მუშაობდა ვირუსზე, რათა კიდევ უფრო გაეზარდა მისი თვისებები და კიდევ უფრო ინფექციური გაეხადა ადამიანებთან მიმართებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება: „ტიპიური ნიღაბი, რომელსაც აფთიაქში ყიდულობთ, არც თუ ისე ეფექტურია ვირუსისგან დაცვაში“- ხალხო, ტყუილუბრალოდ გეკეთოთ ეს ნიღბებიო“

ვერდიქტი: მანიპულირება

გასაჯაროებული იმეილ-მიმოწერების თანახმად, ენტონი ფაუჩიმ 2020 წლის 5 თებერვალს სილვია ბურველს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით ბურველის კითხვებს პასუხობს. ენტონი ფაუჩი ბურველს ეუბნება, რომ პირბადე, პირველ რიგში, ინფიცირებულმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ, რათა არ გაავრცელონ ინფექცია ჯანმრთელ ადამიანებზე და რომ პირბადეები, ვირუსის გავრცელებისგან დაცვაში, არც ისე ეფექტურია. აღსანიშნავია, რომ ფაუჩის მიერ პანდემიის საწყის ეტაპზე პირბადეებთან დაკავშირებით გაცემული რჩევები CDC-ის იმდროინდელ რეკომენდაციებს ეყრდნობოდა. CDC პანდემიის საწყის ეტაპზე პირბადეების ტარების რეკომენდაციას მათზე გასცემდა, ვისაც COVID-19-ის ვირუსი და სიმპტომები ჰქონდათ. CDC-ის მიხედვით, პირბადეების გამოყენება აუცილებელი იყო სამედიცინო პერსონალისთვისაც და მათთვის, ვინც ინფიცირებულს უვლიდა, თუმცა მათზე, ვისაც ვირუსი არ ჰქონდა, პირბადეების ტარების რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი იყო ის, რომ პირბადეების ლიმიტირებული რაოდენობის გამო, ფრონტის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალს ნიღბების ნაკლებობა არ განეცადათ. ამასთან ერთად, არსებობდა მოსაზრება, რომ პირბადე დაინფიცირებული ადამიანის პირიდან და ცხვირიდან ინფექციის წვეთების გამოყოფის პრევენციას კი ახდენდა, თუმცა მას, ვისაც პირბადე ეკეთა, დაინფიცირებისგან ნაკლებად იცავდა. თუმცა მოგვიანებით კვლევებმა და ინფიცირებულთა რიცხვის ზრდამ ცხადჰყო, რომ ადამიანი სიმპტომების არქონის შემთხვევაშიც ავრცელებს ვირუსს. შესაბამისად, სამეცნიერო მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე CDC-მ პირბადეების შესახებ გაცემული რეკომენდაციები ორი თვის შემდეგ შეცვალა. CDC-ის თანახმად, პირბადეების ტარება რეკომენდებულია საჯარო თავშეყრის ადგილებში, ღონისძიებებსა და შეკრებებზე, ანუ იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ფაუჩიმ პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიო მოატყუა, მანიპულაციური ხასიათისაა.

მტკიცება: ვაქცინა ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან არ იცავს

ვერდიქტი: მანიპულირება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების ეფექტურობის მაჩვენებელი აცრების სრული კურსის ჩატარების შემდეგ ასე გამოიყურება:

ორდოზიანი ვაქცინების შემთხვევაში, მაგალითად Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის კლინიკური კვლევებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ვაქცინის პირველი დოზა 52%-ით ეფექტურია, შესაბამისად, ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის დონე არ არის სრულყოფილი. სწორედ ამიტომ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის თანახმად, ეფექტური მუშაობისთვის და იმისთვის, რომ ვაქცინებმა 95%-მდე ეფექტურობა აჩვენოს, საჭიროა, რომ მომხმარებელმა ინექციის სრული კურსი ჩაიტაროს, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს. პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის შემთხვევაში 21 დღეა. ვაქცინის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაშიც რჩება მცირე პროცენტი შანსი იმისა, რომ პირი კორონავირუსით დაინფიცირდეს. ასეთ შემთხვევაში, დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში, გაციების სიმპტომებით მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირი ვირუსს ადვილად უმკლავდება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ამას კი COVID-19-ის ყველა ვაქცინა, მიუხედავად მათი ეფექტურობის მაჩვენებლისა, 100%-ით ართმევს თავს. არცერთი ვაქცინის კლინიკური ცდების დროს ცდის პირთა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც კი, არ დაფიქსირებულა. შესაბამისად მტკიცება, რომ ვაქცინები ადამიანს დაინფიცირებისგან არ იცავს, მანიპულაციაა და კონტექსტს დამახინჯებულად გადმოსცემს.

მტკიცება: გამოჯანმრთელებულ ადამიანებს იმუნიტეტი უკვე აქვთ გამომუშავებული, მათთვის ვაქცინაცია საჭირო არ არის, მაგრამ მაინც ეუბნებიან, რომ ვაქცინა უნდა გაიკეთონ.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, მიუხედავად იმისა, პირს გადატანილი აქვს, თუ - არა COVID-19, მან ვაქცინა მაინც უნდა გაიკეთოს. ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ცნობები, თუ რამდენ ხანს იცავს პირს ბუნებრივი გზით გამომუშავებული იმუნიტეტი. CDC-ის მიხედვით, COVID-19-ის ვირუსის გადატანა არ იძლევა გარანტიას, რომ პირი აღარ დაინფიცირდება. ამის მტკიცების საფუძველს მსოფლიოში დაფიქსირებული ხელახალი ინფიცირების შემთხვევები წარმოადგენს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი