ირაკლი ღარიბაშვილი: [პრესის თავისუფლების ინდექსით] ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში მხოლოდ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე საუბრობს, ხოლო საქართველოს შეფასების გაუარესების ტენდენციას საერთოდ არ ახსენებს. 2021 წელს, საქართველოს შეფასება, წინ წელთან შედარებით, 0.05 ქულით, ხოლო 2018 წელთან შედარებით (საუკეთესო მაჩვენებელი) 1.3 ქულით გაუარესდა. ამასთან, 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მასობრივი მედია საშუალებების სამუშაოში უსაფრთხოების სამსახურებისა და მედიის რეგულატორის, კომუნიკაციების კომისიის მხრიდან, ჩარევის საგანგაშო ტენდენცია შეიმჩნევა. შეფასებების გაუარესების მიუხედავად, საქართველოს პოზიციური წინსვლა, სხა ქვეყნების მდგომარეობის უფრო მკვეთრი გაუარესებით არის გამოწვეული.

ანალიზი:

2021 წლის 3 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა. მიმართვაში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენი ქვეყანა 40 პუნქტით დაწინაურდა. დღეს რეგიონში ლიდერის პოზიციაზე ვართ და არაერთ განვითარებულ ქვეყანასაც ვუსწრებთ“.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ხარისხს და მათ მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას აფასებს. ყოველწლიური ანგარიში წინა წლის მდგომარეობას ასახავს. კვლევაში წარმოდგენილი ქვეყნები მედიის თავისუფლების ხარისხის მიხედვით, 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 1 საუკეთესო შეფასებაა. ეს გულისხმობს, რომ, რაც უფრო მეტი ქულაა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია და პირიქით.

„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ რეიტინგში საქართველო 2013 წლიდან მონაწილეობს. 2021 წელს მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველო 28.64 ქულით შეფასდა და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, მე-60 ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეფასება - წინ წელთან შედარებით 0.05 ქულით გაუარესდა, თუმცა რეიტინგში პოზიცია უცვლელი დარჩა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედია პლურალისტურია, თუმცა თავისუფალი ჯერ კიდევ არაა. ქართული მედიასივრცე, კვლავაც ძალიან პოლარიზებული რჩება. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა მედიამფლობელობის საკითხების მიმართ გამჭვირვალობის ზრდა უზრუნველყო, თუმცა მედიის მფლობელები და ხელმძღვანელები სარედაქციო პოლიტიკაში კვლავაც, ხშირად ერევიან. აღნიშნული ნათლად გამოჩნდა, ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში. „რუსთავი 2-ის“ მესაკუთრის ცვლილების შემდეგ, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა არსებითად შეიცვალა. მსგავსი შემთხვევა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელშიც დაფიქსირდა. ტელეკომპანიაში ახალი მმართველის მოსვლისა და ჟურნალისტების გათავისუფლების შემდეგ, აჭარის ტელევიზიამ მმართველი პარტიის მხარდაჭერა დაიწყო. ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მასობრივი მედია საშუალებების სამუშაოში უსაფრთხოების სამსახურის და მედიის რეგულატორის, კომუნიკაციების კომისიის მხრიდან, ჩარევის საგანგაშო ტენდენცია შეიმჩნევა. მათი განსაკუთრებული უფლებები ცენზურასა და თვალთვალამდე გაფართოვდა. კომუნიკაციების კომისიის ონლაინ პლატფორმა, სახელწოდებით „Media Critic”, სწავლობს მედიის შინაარსს და მიმართულია დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციისკენ.

გრაფიკი 1: „პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასება 2013-20 წლებში

წყარო: რეპორტიორები საზღვრების გარეშე

როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველოს საუკეთესო შეფასებები 2015-2018 წლებში ჰქონდა. 2019-2021 წლის შეფასებები წინ წლებთან შედარებით გაუარესებულია. ამის მიუხედავად, საქართველოს პოზიცია რეიტინგში თითქმის ყოველწლიურად უმჯობესდებოდა. 2013 წელს, საქართველო რეიტინგში მე-100 ადგილის იკავებდა, 2021 წელს კი მე-60 დაიკავა. შესაბამისად, შეფასებების გაუარესების მიუხედავად, რეიტინგში საქართველოს დაწინაურება, სხვა ქვეყნების შეფასებების მკვეთრი გაუარესებით შეიძლება აიხსნას.

საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება, ძირითადად, სხვა ქვეყნების შეფასების მკვეთრი გაუარესებითაა განპირობებული და არა „ბოლო წლებში გატარებული რეფორმებით“. შესაბამისად, ფაქტობრივად სწორია განცხადების ის ნაწილი, სადაც პრემიერი რეიტინგში დაწინაურებაზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლით ხელმძღვანელობა პრემიერის მხრიდან მალავს კონტექსტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მდგომარეობა მედიის თავისუფლების კუთხით, ბოლო წლებში, უარესდება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი