დეზინფორმაცია: ქობულეთში ფაიზერით, 29 წლის გოგო, რუსო დედოფალიძე გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე Facebook Live-ის საშუალებით, კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დეზინფორაციას ავრცელებს.

მტკიცება 1: ქობულეთში ფაიზერით რუსო დედოფალიძე გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook ვიდეოში შორე შანიძე აცხადებს, ქობულეთში ფაიზერით გარდაიცვალა გოგონა. მისი თქმით, გარდაცვლილის გვარი, სავარაუდოდ, თოთუაშვილია. თუმცა, როგორც ჩანს, მოგვიანებით ვიდეოს აღწერაში გოგონას გვარი შეიცვალა და პოსტის თანახმად, „ფაიზერით ქობულეთელი რუსო დედოფალიძე გარდაიცვალა“. აღნიშნული საკითხის გადასამოწმებლად,„ფაქტ-მეტრი“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, 25 მაისის მონაცემებით, აღნიშნული სახელითა და გვარით ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოგვიანებით, 27 მაისს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა "ფაქტ-მეტრს" დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმად, რუსო დედოფლიძის სახელი და გვარი საქართველოში მიმდინარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრილთა ბაზებში არ ფიქსირდება.

მტკიცება 2: დაიდო ახალი კვლევები, რომელთა თანახმადაც, Pfizer-სა და AstraZeneca-ს ვაქცინები ინდურ შტამებზეც გარკვეული პროცენტულობით მოქმედებს. მაგრამ, Pfizer-ის შემთხვევაში, 100%-დან 87% თუ აქვს დაცვა, დარჩენილ 13 ადამიანს „რაღაცეები უნდა დაემართოს“. ანალოგიურად AstraZeneca-ს შემთხვევაში, 40-მდე ადამიანს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სიმართლეს შეესაბამება ის, რომ ინგლისის საზოგადო ჯანდაცვის (PHE) ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსის ინდური შტამის წინააღმდეგ Pfizer-ის ვაქცინამ 88%, ხოლო AstraZeneca-ს ვაქცინამ 60%-პროცენტიანი დაცვა აჩვენა. ამის მიუხედავად, აღნიშნული პროცენტულობა ისე არ მოქმედებს, როგორც ამას შორე შანიძე ვიდეოში აღწერს. ვაქცინის 85%-იანი ეფექტურობის მაჩვენებელი არ გულისხმობს იმას, რომ 100 ვაქცინირებული ადამიანიდან 15 მათგანი კორონავირუსით მაინც დაინფიცირდება. ეს მონაცემი (85%) ინდივიდზე ვრცელდება და გულისხმობს, რომ ვაქცინირებული პირი 85%-ით დაცულია ვირუსით დაინფიცირებისგან. ანალოგიურად ხდება AstraZeneca-ს ვაქცინის შემთხევევაშიც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, AstraZeneca-ს ვაქცინა ვაქცინირებულ პირს, ინდური შტამის წინააღმდეგ 60%-ით იცავს. თუმცა რჩება 40% შანსი იმისა, რომ ვაქცინირებულს ვირუსი მაინც შეხვდეს. ასეთ შემთხვევაში, დაავადება გაცილებით მსუბუქ ფორმებში, გაციების სიმპტომებით მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირი ვირუსს ადვილად უმკლავდება და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს. ამას კი COVID-19-ის ყველა ვაქცინა, მიუხედავად მათი ეფექტურობის მაჩვენებლისა, 100%-ით ართმევს თავს. არცერთი ვაქცინის კლინიკური ცდების დროს ცდის პირთა არათუ გარდაცვალების, არამედ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც კი, არ დაფიქსირებულა.

მეტი ინფორმაციისთვის, თუ რას ნიშნავს და როგორ გამოითვლება COVID-19-ის ვაქცინების ეფექტურობის მაჩვენებელი, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ დეზინფორმაციებთან ერთად, შორე შანიძე 9-წუთიანი პირდაპირი ჩართვის დროს რამდენჯერმე იყენებს ტერმინ „ცრუ პანდემიას“, რითიც კორონავირუსის საფრთხეების დაკნინებასა და შეთქმულების თეორიის გავრცელებას ცდილობს.

“ფაქტ-მეტრს“ შორე შანიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ან მანიპულაციური განცხადებები აქამდეც გადაუმოწმებია. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: წყარო 1; წყარო 2; წყარო 3; წყარო 4.

Რედაქტორის შენიშვნა: სტატია განახლდა 27 მაისს, მას შემდეგ საქართველოს დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა რედაქციას, რომლის თანახმად, რუსო დედოფალიძე საქართველოში აცრილთა ბაზებში არ იძებნება.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი