დეზინფორმაცია: სადეზინფექციო ხსნარი და პირბადე ჯანმრთელობისთვის სახიფათოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-ზე ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს სადეზინფექციო ხსნარი ფილტვების უკმარისობას, თავბრუსხვევას და თავის ტკივილს იწვევს. Facebook-პოსტს თან ვიდეო და კონკრეტული სადეზინფექციო ხსნარის ფოტო ახლავს. გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე აცხადებს, რომ „რესტორნებში, ყველა ოფიციალურ შენობებში, სკოლებში, ინსტიტუტებში, ამ ხსნარით ხელს აბანინებენ ბავშვებს. ბავშვმა, რომ შემთხვევით მოისვას ტუჩებზე ხელი უცებ სიცხე ემართება, ვერ სუნთქავს , ეწყება ფილტვების შეშუპება. ეს არის საშინელება, ესენი ჩვენ გვებრძვიან, ეს ნივთიერება ქიმიური პნევმონიის გამომწვევია, ასევე პირბადეები. ეს არის ჩინური სპეცოპერაცია“.

რესპირატორული ვირუსები, მათ შორის COVID-19, ინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტით, წვეთოვანი გზით, ვრცელდება. ვირუსის გავრცელების ხშირი გზა არის ხელები. დაინფიცირება დაუბანელი ხელის პირზე, თვალზე, ცხვირზე შეხებით არის შესაძლებელი. COVID-19-სგან (ასევე სხვა რესპირატორული დაავადებებისგან) თავის დაცვის მარტივი გზაა: სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ხელების ჰიგიენა, რაც გულისხმობს საპნითა და თბილი წყლით ხელების დაბანას ან სპირტის შემცველი ხსნარით ხელების დამუშავებას. სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის გამოიყენება, გარეგანი მოხმარებისაა, არ საჭიროებს ჩამობანას და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. სადეზინფექციო/ანტისეპტიკური ხსნარები მიკრობებსა და ბაქტერიებს ანადგურებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში და ვიდეოში კონკრეტული სადეზინფექციო ხსნარი „სუფთა სამყარო“ ჩანს, რომელიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [ლუგარის ლაბორატორიის] მიერ. აღნიშნული სადეზინფექციო საშუალების შემადგენლობაში შედის: სპირტის დენატურატი, გამოხდილი წყალი და გლიცერინი. სადეზინფექციო საშუალება განკუთვნილია გარეგანი მოხმარებისთვის, ანადგურებს ბაქტერიებს და არ შეიცავს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ კონკრეტული ხსნარი შეიცავს ისეთ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სიცხეს, სუნთქვის უკმარისობას, ფილტვების შეშუპებას ან/და თავბრუსხვევას და თავის ტკივილს იწვევს, არის ტყუილი.

აღსანიშნავია, რომ რიგი სადეზინფექციო ხსნარის შემადგენლობაში შედის პოლიჰექსამეთილენ გუანიდინი (PHMG), ხშირად სწორედ ამ ნივთიერებას ემყარება გავრცელებული დეზინფორმაციები სადეზინფექციო ხსნარის ტოქსიკურობის და ფილტვების დაზიანების შესახებ.

პოლიჰექსამეთილენ გუანიდინის ფოსფატი (PHMG) არის პოლიმერული გუანიდინის ოჯახის წევრი, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც ბიოციდი მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში, მისი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული მოქმედებების გამო. ის გამოირჩევა შედარებით დაბალი ტოქსიკურობით და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

PHMG-ს ნაერთი ასევე გამოიყენებოდა, როგორც ჰაერის დამატენიანებელი/გამწმენდი სადეზინფექციო საშუალება. რამდენიმე ეპიდემიოლოგიურმა და ექსპერიმენტულმა გამოკვლევამ ტენიანობის საშუალებით PHMG– ს ზემოქმედებასა და ფილტვების მძიმე დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირი გამოავლინა (იხილეთ ბმული 1; ბმული 2). პოლიჰექსამეთილენი ჩასუნთქვისას, როდესაც ის გამოყენებულია როგორც ჰაერის გამწმენდი/დამატენიანებელი აეროზოლი, ტოქსიკურ ეფექტს ავლენს და ფილტვებს აზიანებს. ხელის სადეზინფექციო ხსნარში გამოყენებული PHMG-ის კონცენტრაციის ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ, მტკიცებულებები არ მოიპოვება.

ხელის სადეზინფექციო და ანტისეპტიკურ საშუალებებში ხშირად გამოიყენება პოლიჰექსამეთილენ ბიგუანიდი (PHMB). ანტისეპტიკებში არსებული PHMB-ს კონცენტრაცია ადმიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მისი გამოყენება რეკომენდებულია.

გავრცელებულ დეზინფორმაციულ ვიდეოში, პნევმონიის გამომწვევად პირბადეებიც სახელდება, რაც ასევე ყალბი მტკიცებაა. სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა, იყოს არაკომფორტული, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი