პანდემიური კრიზისი საქართველოსთვის კრიტიკულად რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ტურისტული შემოსავლების კლების მხრივ, რაც წარსულში როგორც მშპ-ს ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო იყო. ეკონომიკის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის შემოსავლების ზრდის, ანუ საშუალო ფენის გაძლიერებისთვის, ქვეყანას კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდება. აღნიშნული, რთული და მრავალი კომპონენტისგან შემდგარი პროცესია და ამ ძალისხმევაში, წვლილის შეტანა ყველას სხვადასხვა გზით შეუძლია. მათ შორის, ერთ-ერთი მარტივი და მეტად სასარგებლო ქცევა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენაა, განსაკუთრებით რეგიონალურ ტურიზმში ჩართვისა და სხვადასხვა ლოკალური წარმოების პროდუქციის შეძენის გზით.

რიგითი მყიდველის ერთჯერადი გადაწყვეტილების გავლენა მთლიან ეკონომიკაში მცირეა, თუმცა, როცა ადამიანების შედარებით მსხვილი ჯგუფი, გრძელვადიან პერიოდში, საბაზრო გადაწყვეტილებას კონკრეტული, ეროვნული წარმოების პროდუქციის შეძენის ინიციატივით იღებს, ეფექტის დადებითი მასშტაბი ხელშესახები ხდება. უფრო მეტიც, ეროვნული ეკონომიკის გაძლიერების ეგიდით რიგი ქვეყნები, მათ შორის აშშ, ხშირად მკვეთრად პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებენ, თუმცა, ამას ცალკეული უარყოფითი შედეგები მოსდევს, ხოლო ინდივიდუალური, თავისუფალ ნებაზე დამყარებული საბაზრო გადაწყვეტილებები როგორც მორალურად, ასევე ეკონომიკურად ბევრად უფრო გამართლებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს ქონდეს გაცნობიერებული, თუ რამდენად დიდი გავლენა შეიძლება ქონდეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს. აღნიშნული, შესაძლოა მიღწეულ იქნას როგორც მოწოდებისთვის, „შეიძინე ქართული“, ერთგვარი კამპანიური ხასიათის მიცემით, ასევე, უშუალოდ მოქალაქეების მხრიდან, თუნდაც საკითხზე ხაზგასმით სხვადასხვა სოციალურ სივრცეებში. ქვემოთ, ადგილობრივი წარმოების საქონლისა და მომსახურების შეძენის ცალკეულ დადებით ეფექტებს წარმოგიდგენთ.

ლარის კურსის გამყარებაზე დადებითი ზემოქმედება, იმპორტდამოკიდებულების შემცირების გზით.

ისტორიულ ჭრილში/ისტორიულად, საქართველოში იმპორტი ექსპორტს აღემატება. სავაჭრო დეფიციტი, ანუ სხვაობა საქონლის ექსპორტსა და იმპორტს შორის ბოლო წლებში დაახლოებით 5.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც სამწუხაროდ, საქართველოსთვის საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია და მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მესამედს აღწევს. ვალუტის გადინება იმპორტული საქონლის შესაძენად, ლარის კურსზე უარყოფითად მოქმედებს. მეორეს მხრივ, ადგილობრივი წარმოების საქონლისა და მომსახურების შერჩევა იმპორტულის სანაცვლოდ, უცხოეთიდან იმპორტს ამცირებს, რაც დადებითად მოქმედებს, როგორც ქვეყნის სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე, ასევე ლარის კურსზე. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი მაღაზიაში არჩევანს ქართული წარმოების ზეთზე, ან კარაქზე აკეთებს, ამ ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებას მრავალი დადებითი ეკონომიკურ ეფექტი მოჰყვება, მათ შორის არის ქვეყნიდან ვალუტის გადინებისა და იმპორტის შემცირება, რაც ეროვნული ვალუტის სიძლიერეზე მარტივად გასაგებ და ხელშესახებ გავლენას იქონიებს.

სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა

ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენის გადაწყვეტილებების მატებასთან ერთად, მათზე მოთხოვნა იზრდება, რასაც შესაბამისი მიწოდების ზრდის შედეგად, სამუშაო ადგილების ზრდა და ქართული ბიზნესის გაძლიერება მოსდევს. ადგილობრივ საქონელზე ერთობლივი მოთხოვნის ზრდა ინვესტიციების და კაპიტალის ზრდასაც იწვევს, რასაც ეკონომიკის როგორც მთლიანი, ისევე ცალკეული დარგების სწრაფი განვითარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, აღნიშნულს „აქსელერატორის ეფექტსაც“ უწოდებენ.

მეორე მხრივ, ვინაიდან ფულს სხვაგვარად „ეკონომიკის სისხლადაც“ მოიხსენიებენ, ადგილობრივი ეკონომიკისა და ინვესტიციების ზრდასთან ერთად, ფულის ადგილობრივ ეკონომიკაში ბრუნვა სარგებელს მრავალ ადგილობრივ ეკონომიკურ სუბიექტს მოუტანს. მაგალითისთვის, 100 ლარის მოცულობის ქართული პროდუქციის ერთჯერად შეძენისას, ეს ფული პროდუქტის შექმნასა და განაწილებაში მონაწილე ადამიანების სასიკეთოდ გადანაწილდება და ისინი, ამ შემოსავლის ნაწილს, ასევე ადგილობრივ საქონელზე/მომსახურებაზე დახარჯავენ, რაც ფულის ბრუნვის, ანუ რეალური ეკონომიკური საქმიანობის ახალი წრეების გაჩენასა და ეკონომიკურ ზრდაში გამოიხატება. საბოლოო ჯამში, კონკრეტული შენაძენის შემდეგ, ადგილობრივი ეკონომიკა იმაზე დიდი მასშტაბით ვითარდება, ვიდრე ცალკეულმა მომხმარებელმა ერთჯერადად კონკრეტული პროდუქტის/მომსახურების შეძენისას დახარჯა. შესაბამისად, ზემოთ ნახსენები შენაძენის შედეგად, ეკონომიკა 100 ლარზე ბევრად მეტად გაიზრდება. აღნიშნულს, სხვანაირად „მულტიპლიკატორის ეფექტი“ ეწოდება. მულტიპლიკაციის ეფექტს უარყოფითი მიმართულებაც გააჩნია. თუ მაგალითად ხარჯვა მცირდება 100 ლარით, ამან შესაძლოა, მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირება ბევრად უფრო დიდი მასშტაბით გამოიწვიოს, რაც კონკრეტული ადამიანების ცხოვრების პირობების გაუარესებაში გამოიხატება.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა

მთლიანი შიდა პროდუქტი, ყველაზე „პოპულარული“ ეკონომიკური ინდიკატორია, რომელიც ყურს საკმაოდ ხშირად ხვდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, მაჩვენებლის არსი გვესმოდეს. მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის ტერიტორიაზე საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი, ქვეყნისთვის მეტ სიმდიდრეს ნიშნავს. ბუნებრივია, რომ ადგილობრივ ნაწარმზე მოთხოვნის ზრდა, ნახსენები აქსელერაციის და მულტიპლიკაციის ეფექტების გარდა, იმპორტის შემცირებას იწვევს, რაც მთლიან შიდა პროდუქტს კიდევ უფრო ზრდის. აღნიშნული, კარგად ჩანს უშუალოდ მშპ-ს გამოთვლის მეთოდიკიდანაც. მშპ=C+I+G+NX, სადაც C მოხმარებას წარმოადგენს, I ინვესტიციებს, G სახელმწიფო შესყიდვებს, ხოლო NX წმინდა ექსპორტს, ანუ ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობას. აღნიშნული ფორმულიდანაც ჩანს, რომ იმპორტის ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს ამცირებს. ამრიგად, შესაბამისი ჩამანაცვლებლის არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოების პროდუქტის შეძენა იმპორტულის სანაცვლოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს.

ვინაიდან საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა, ხშირად, იმპორტულ საქონელს ადგილობრივი შემცვლელი არ აქვს (მაგ: ელექტრონული ტექნიკა, ავტომობილები) ან რიგ შემთხვევებში, მომხმარებელი უცხოურ საქონელს ადგილობრივთან შედარებით უპირატესობას ხარისხობრივი ან ფასის ნიშნით ანიჭებს (მაგ: გერმანული ლუდი ქართულზე მაღალი ხარისხისაა, ან თურქული პომიდორი უფრო იაფია). თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი უნდა იყოს, პროდუქტი ადგილობრივია თუ უცხოური და თუ კომპრომისი დასაშვებია, უკეთესია არჩევანი ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ გაკეთდეს, რადგან აღნიშნული დადებითად მოქმედებს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე და შესაბამისად, თითოეულ ინდივიდზეც. მეორე მხრივ, როდესაც მომხმარებლისთვის კონკრეტულ შემთხვევებში, ეროვნული და უცხოური საქონლის ხარისხს/ფასს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს, ბუნებრივია, ადგილობრივი პროდუქციის შეძენის მყარი სტიმული და მუდმივი მოტივაცია, მით უფრო უნდა არსებობდეს.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი