დეზინფორმაცია: ჯანმოს ოფისის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრას არ აპირებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15 მაისს Facebook-მომხმარებელმა Goria Shiva-მ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელსაც თან ყალბი მტკიცების შემცველი აღწერა ერთვის: „ჯანმოს ოფისის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა არ აპირებს აცრას“. ვიდეო დეზინფორმაციული აღწერით 21 მაისს ანტივაქსერმა ჰომეოპათმა თინა თოფურიამ საკუთარ Facebook-გვერდზე ყოველგვარი კომენტარის გარეშე გააზიარა. ვიდეო-მასალას სოციალურ ქსელში ჯამში 3,5 ათასზე მეტი ნახვა და 650-მდე გავრცელება აქვს.

Facebook-ზე გავრცელებული 55 წამიანი ვიდეო წარმოადგენს ამონარიდს აშშ-ს სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის მიერ 11 მაისს გამართული მოსმენიდან, რომელიც COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს გადადგმული უახლესი ნაბიჯების და ძალისხმევის შეფასება-განხილვას ეხებოდა. კომიტეტის მოსმენა ამერიკის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა PBS - მა 11 მაისს პირდაპირი ეთერით გააშუქა. ვიდეო-ჩანაწერის სრული ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მოსმენა დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოწმეების სახით წარმოდგენილნი იყვნენ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, მედიცინის დოქტორი ენტონი ფაუჩი; აშშ-ს ჯანმრთელობის და ადამიანური მომსახურების დეპარტამენტის კოვიდთან რეაგირების მთავარი სამეცნიერო ოფიცერი, მედიცინის დოქტორი დევიდ კესლერი; აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი, მედიცინის დოქტორი პიტერ მარქსი და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი, მედიცინის დოქტორი როშელ ვალენსკი. მედიცინის დოქტორებმა მოსმენის დროს უპასუხეს სენატორთა კითხვებს CDC-ის COVID-19 სახელმძღვანელოს განახლებასთან, ბავშვების ვაქცინაციასთან, მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.

Facebook-პოსტში არსებული ვიდეო-მონაკვეთი სენატის მოსმენის ბოლო ნაწილს წარმოადგენს, სადაც სენატორმა რიჩარდ ბარმა ფაუჩის, მარქსს და ვალენსკის მიმართა კითხვით, თუ თანამშრომელთა რამდენი პროცენტი იყო ვაქცინირებული მათ ინსტიტუტებში, ცენტრებსა და სააგენტოებში. კითხვაზე ფაუჩიმ და მარქსმა უპასუხეს, რომ ისინი ზუსტი რიცხვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, თუმცა თანამშრომელთა ნახევარზე მეტი, დაახლოებით 60% ვაქცინირებული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. ვალენსკიმ კი განაცხადა, რომ CDC მუდმივად ატარებს საგანმანათლებლო სემინარებს და ურჩევს თანამშრომლებს ვაქცინის გაკეთებას. თანამშრომლებს შეუძლიათ თავიანთი ვაქცინაციის სტატუსი დააფიქსირონ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის ფედერალური მთავრობის მოთხოვნა, სააგენტო ვაქცინირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

შესაბამისად, აშშ-ს სენატის ჯანმრთელობის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის მიერ გამართული მოსმენის ვიდეო-ჩანაწერიდან ამოჭრილ არც ამ კონკრეტულ მონაკვეთში და არც ვიდეო-ჩანაწერის რომელიმე ნაწილში არ გაჟღერებულა მტკიცება, რომ თითქოს ჯანმოს ოფისის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა აცრას არ აპირებს. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი