სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მერიის საქმიანობა შეისწავლა. აუდიტორების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 2018-2019 წლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 1,274.5 ათასი ლარის ღირებულების ხარვეზებით შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა. გარდა ამისა, ამავე პერიოდში, მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხები ვერ აითვისა. შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტდარბაზების, საბავშვო ბაღებისა და სხვა ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები, დაგვიანდა და ვერ დასრულდა.

„ფაქტ-მეტრი“ აუდიტის ანგარიშიდან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას გაგაცნობთ.

2018-2019 წლებში ნინოწმინდის მერიამ თოთხმეტი დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტი ჩაიბარა, რომლებიც ჩვიდმეტმა კომპანიამ განახორციელა. როგორც ნინოწმინდის მერიის წარმომადგენელმა „ფაქტ–მეტრთან“ განაცხადა, ერთი კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადეს. მაგალითად: სოფელ განძაში რიტუალების სახლის მშენებლობისთვის ტენდერი სამჯერ გამოცხადდა, რადგან ერთიანი ფული მშენებლობის დასასრულებლად ბიუჯეტში არ ჰქონდათ.

ცხრილი №1: დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

როგორც ვხედავთ, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული თოთხმეტი პროექტი ხარვეზიანია. აუდიტის სამსახურმა მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, ობიექტებზე შესრულებულ სამუშაოებს, როგორც წესი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფი ამოწმებდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტი პროექტებს სხვადასხვა საექსპერტო ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე იბარებდა. მიუხედავად ამისა, დანერგილმა კონტროლის მექანიზმმა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღების თავიდან აცილება ვერ უზრუნველყო.

2017–2019 წლებში ნინოწმინდის მერიას, სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურებასთან დაკავშირებით, 454 600-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს „ქრიზოლოთი +“–სთან, რომელსაც 50 ათას ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა შეემოწმებინა.

„ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მიმწოდებელი შესრულებული სამუშაოების ხარისხზე პასუხისმგებელი იყო. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, თუ რა სანქციები გაატარა შპს ,,ქრიზოლითი +“- ის მიმართ, რომელმაც დაუშვა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში დაუსრულებელ და გამოუყენებელ, მათ შორის, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, რომელთა ღირებულება ჯამში 351.9 ათას ლარს შეადგენს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ფინანსური აქტივების მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან არაეფექტიანად 1,201.5 ათასი ლარი დახარჯა და პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს ვერ მიაღწია.

ამავე წლებში მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები დაარღვია, სამუშაოების მიღებისას, საექსპერტო დასკვნები არ მოითხოვა და მიმწოდებლებს 791.4 ათასი ლარი შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და მოცულობის დადასტურების გარეშე აუნაზღაურა. შედეგად, ობიექტების ნაწილი უხარისხოა და გამოსწორებას საჭიროებს.

აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი, შესყიდვებთან დაკავშირებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცულობას სათანადოდ არ აკონტროლებდა და საკმარის ღონისძიებებს სამუშაოების დროულად დასასრულებლად არ ატარებდა. განხორციელებული შესყიდვებიდან, სამუშაოების დასრულების ვადები თერთმეტ შემთხვევაში დაუსაბუთებლად არის გაზრდილი. ვადების ცვლილების მიზეზად ძირითადად დასახელებულია უამინდობა (შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე), არახელსაყრელი და მკაცრი კლიმატური პირობები, გაუთვალისწინებელი ხარჯი, მწარმოებელი კომპანიის ტექნიკური პრობლემა და სხვ. მიუხედავად ვადის გადაწევისა, თერთმეტიდან ოთხი ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები ვერც გაზრდილ ვადაში დასრულდა.

ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადების გამო, შემსრულებლებს შესაბამისი პირგასამტეხლო დაერიცხათ, რომლის გადახდაც სავალდებულოა. თუმცა საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები კუთვნილი საჯარიმო თანხების მისაღებად მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია.

მუნიციპალიტეტში ასევე არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა გაუთვალისწინებელი ხარჯისათვის განსაზღვრული თანხის არასწორად ასახვისა და ზედმეტად ანაზღაურების თავიდან აცილებას. კერძოდ, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა სოფელ სათხა-სპასოვკის გზის მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 258 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების მიხედვით, სავარაუდო ღირებულებიდან ძირითადი სამუშაოების ფასი 250.5 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო გაუთვალისწინებელი ხარჯები (3%) − 7.5 ათას ლარს. ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ჯავახავტოგზასთან“. როგორც გაირკვა, მიმწოდებელმა წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში „გაუთვალისწინებელი ხარჯი“ − 3% არ განაფასა და შესაბამისი თანხით ძირითადი სამუშაოების ღირებულება გაზარდა.

ხარვეზი შესყიდვის არც ერთ ეტაპზე არ გამოვლინდა და მერიამ ზედმეტად 7.4 ათასი ლარის საბიუჯეტო რესურსი დახარჯა.

საინტერესოა, რომ ანალოგიური ხარვეზები აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც დააფიქსირა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული არაერთი დაუსრულებელი პროექტით მოსახლეობამ ვერ ისარგებლა.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი