პრორუსული გაზეთი „საქინფორმი“ დასავლური ვაქცინების დისკრედიტაციისა და რუსული ვაქცინის უპირატესობის წარმოსაჩენად დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

რეზიუმე

პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის, მიერ გამოქვეყნებული სტატია პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაცია/პროპაგანდის კლასიკური მაგალითია. სტატია რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის, შესახებ მცდარ და მანიპულაციურ ინფორმაციას შეიცავს, რომელთა მიზანიც დასავლეთში შექმნილი ვაქცინების დისკრედიტაციაა.

რეალურად, რუსული ვაქცინის გვერდითი ეფექტები, უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერჯერობით მკაცრი მარეგულირებლებისა და „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (ჯანმო) მიერ დადასტურებული არაა, მაშინ, როცა დასავლური ვაქცინების (Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca, Johnson & Johnson) ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებითა და შეფასებებით დადასტურებულია. მეტიც, Pfizer-ის (95%) და Moderna-ს (94,1%) ეფექტიანობა, Sputnik V-ის (რუსული მხარის მტკიცებით, 91,6%) სავარაუდო ეფექტიანობაზე მეტია. ყალბია სტატიაში მოყვანილი მტკიცება, თითქოს Sputnik V-ისგან განსხვავებით, Pfizer-ის ორივე დოზის მიღების შემთხვევაში, სიცოცხლის ბოლომდე Pfizer-ით უნდა აიცრა. ჯანდაცვის ავტორიტეტული ორგანიზაციები მსგავს რეკომენდაციას არ გასცემენ. ასევე მცდარია გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს რუსეთს ვაქცინის დეფიციტი არ აქვს და თუ ის საქართველოში შემოვა, ერთი კვირაში მთელი ქვეყნის ასაცრელად საკმარისი იქნება. რეალურად, რუსეთს ვაქცინის წარმოების დეფიციტი აქვს და თავისი მოსახლეობის 7%-ზე მეტიც არ აუცრია. ავტორი ყალბ ამბავს COVID-19-ის ისტორიის მქონე პირების აცრის შესახებაც ავრცელებს და აცხადებს, რომ არსად მსოფლიოში კოვიდგადატანილებს არ ცრიან, რაც ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC)-ისა და ჯანმოს თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება. სტატია საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კარგად ნაცნობი რუსული პროპაგანდის გზავნილებსაც იმეორებს, რაც საქართველოს ოფიციალურმა ორგანოებმა არაერთხელ უარყვეს.

ანალიზი

2021 წლის 5 მაისს პრორუსულმა გამოცემა „საქინფორმმა“ გამოაქვეყნა სტატია (ბმული 1,ბმული 2) სათაურით - „რატომ დღემდე არ არის აღძრული ინფექციონისტთა საქმე? - არნო ხიდირბეგიშვილი“. ავტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის შესახებ კარგად ნაცნობ დეზინფორმაციასა და მანიპულაციასთან ერთად, ანტიდასავლურ და პრორუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებსაც ავრცელებს. სტატია სოციალურ ქსელში არნო ხიდირბეგიშვილმა და პრორუსულმა გვერდმა - სტალინი - გააზიარეს. ხიდირბეგიშილის კომენტარი გაავრცელეს გამოცემებმა Resonancedaily და Movlenebi, ასევე ქლიქბეით საიტებმა: Sportliga და Sportexpress.

მტკიცება: „ერთხელ "Sputnik V"-ით აცრილს, შემდგომში შეუძლია აიცრას მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან ნებისმიერით, ხოლო, მაგალითად, ვაქცინა Pfizer–ით აცრილი, იძულებულია მომავალშიც მუდმივად იმავე ვაქცინით იცრებოდეს! ანუ სიცოცხლის ბოლომდე pfizer-დამოკიდებული ხდება - დამოკიდებული ხდება "Pfizer" - ის მწარმოებლებზე“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს Sputnik V-ისგან განსხვავებით, თუ Pfizer-ით ერთხელ აიცერი, იძულებული ხარ მომავალშიც მუდმივად იმავე ვაქცინით იცრებოდე, ყალბია. გამომდინარე იქიდან, რომ Sputnik V-ის ვაქცინის შესახებ საჯარო ოფიციალურ დოკუმენტებს ნაკლებად ვფლობთ, არ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რამდენად შეუძლიათ Sputnik V-ით აცრილ ადამიანებს, მოგვიანებით სხვა ვაქცინა მიიღონ. თუმცა Pfizer-ის და სხვა ავტორიზებული ვაქცინების შესახებ ვიცით, რომ მსგავსი შეზღუდვის რეკომენდაციას არ გასცემენ.

სამეცნიერო გაზეთ Healthline-თან ინტერვიუში მედიცინის დოქტორმა და Academic Institute at Houston Methodist-ის პრეზიდენტმა, ჰენრი სოსტმანმა, განაცხადა, რომ განსხვავებული ტიპის ვაქცინის მიღება მოგვიანებით შესაძლებელია: „ერთი სახის COVID-19-ის ვაქცინის მიღება მოგვიანებით სხვა სახის COVID-19-ის ვაქცინის მიღებას არაეფექტურს და საფრთხის შემცველს არ ხდის“. ამ მოსაზრებას იზიარებს ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, ბენ ქოულინგი. გამოცემა Fortune-სთან ინტერვიუში ეპიდემიოლოგმა განმარტა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი ვაქცინა მიიღო ადამიანმა, მას გარკვეული დროის შემდეგ, სხვა ვაქცინის მიღებაც შეეძლება: „არ ვფიქრობ, რომ მომავალში იგივე ვაქცინა უნდა მიიღოთ. 1 ან 2 წლის შემდეგ გამაძლიერებელი დოზის სხვა ვაქცინით დამატება შესაძლებელია. ამაში საფრთხეს ან რისკს ვერ ვხედავ“.

გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერების განმარტება - მოგვიანებით სხვა განსხვავებული ვაქცინის მიღების შესაძლებლობა, ორდოზიანი ვაქცინის მეორე დოზის სხვა ვაქცინით ჩანაცვლებას არ გულისხმობს. ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, თუ ადამიანი Pfizer-BioNTech ან Moderna-ს ვაქცინას იღებს, მაქსიმალური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 2 დოზის გაკეთებაა საჭირო. აღნიშნული ვაქცინების დოზები ურთიერთჩანაცვლებადი არ არის, ანუ თუ პირველ დოზაზე Pfizer-BioNTech ან Moderna-ს ვაქცინა აიცრებით, აუცილებელია, რომ მეორე დოზაც იმავე ვაქცინით მიიღოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ სხვა ვაქცინით აცრას ვერ შეძლებთ.

შესაბამისად, არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს Sputnik V-ისგან განსხვავებით, Pfizer-ით აცრილი სიცოცხლის ბოლომდე იძულებულია, მუდმივად იმავე ვაქცინით აიცრას, ყალბია. მცდარ ინფორმაციაზე დაფუძნებული მსგავსი არარელევანტური შედარება მხოლოდ და მხოლოდ დასავლური ვაქცინის დისკრედიტაციას და რუსული ვაქცინის უპირატესად წარმოჩენას ემსახურება.

მტკიცება: „რუსული ვაქცინით მთელი საქართველო ერთ კვირაში აიცრება - სუპერმარკეტებში, მეტროში, პოლიკლინიკებში, რესტორნებში, სახლებში და ქუჩებში, რადგანაც რუსულ ვაქცინებს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია“.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინფორმაცია, რომ რუსულ ვაქცინებს გვერდითი მოვლენები არ გააჩნია და მისი მიღება ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული მტკიცებაა.

სინამდვილეში, რუსული ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა, ჯერჯერობით, მკაცრი მარეგულირებლებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, დადასტურებული არაა, მაშინ, როცა დასავლური ვაქცინების (Pfizer-BioNTech, Moderna, AstraZeneca, Johnson & Johnson) ეფექტიანობა და უსაფრთხოება შესაბამისი კვლევებითა და შეფასებებით დადასტურებულია. შესაბამისად, Sputnik V-ის გვერდითი მოვლენების შესახებ მტკიცებით ფორმაში საუბარი, შეუძლებელია.

EMA-ს ავტორიზაციის მინიჭებამდე სპუტნიკ V-ს რამდენიმე ევროპული ქვეყანა იყენებს/აპირებს გამოყენებას - ბელარუსი, სერბეთი, სლოვაკეთი (სლოვაკეთმა რუსული სპუტნიკ V შეიძინა, რასაც სამთავრობო კრიზისი და ჯანდაცვის და პრემიერ-მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვება მოჰყვა. ხოლო სლოვაკეთს შესყიდვის მიუხედავად, სპუტნიკ V-ით ვაქცინაციის პროცესი არ დაუწყია), უნგრეთი, სომხეთი, მონტენეგრო, სან მარინო, მოლდოვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინების დისკრედიტაცია და Sputnik V-ის უპირატესობის წარმოჩენა, კრემლის საერთაშორისო პროპაგანდის ნაწილია, რომლის შესახებაც აშშ რუსეთის დაზვერვას ადანაშაულებს. აღნიშნული დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ იტყობინება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთის სტრატკომის სპეციალური ჯგუფის (East STRATCOM Task Force) პროექტი EUvsDisinfo და ასევე უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი.

კრემლის საერთაშორისო პროპაგანდის ნაწილია იმ აზრის გავრცელება, თითქოს Sputnik V-ის ვაქცინის მარაგის პრობლემა არ აქვს. მაშინ, როცა დასავლური ვაქცინების დეფიციტია, რუსული მხარე ცდილობს, Sputnik V-ის შესახებ საპირისპირო ამტკიცოს. ამის კარგი მაგალითია არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცება, თითქოს თუ საქართველოში რუსულ ვაქცინას შემოიტანენ, ერთ კვირაში მთელი საქართველო აიცრება.

ამ მტკიცების აბსურდულობას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ რუსეთი თავისი მოსახლეობის ვაქცინაციასაც ვერ უმკლავდება. 10 მაისის მონაცემებით, თავად რუსეთში ვაქცინის 21 597 074 დოზაა ადმინისტრირებული, რაც ორივე დოზით ასაცრელად მთელი მოსახლეობის მხოლოდ 7.5%-ისთვისაა საკმარისი. ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთს ვაქცინის წარმოების საკმარისი შესაძლებლობა არ გააჩნია, შესაბამისად, ვერც მოსახლეობის ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მოთხოვნებს და ვერც უცხოური შეკვეთების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

მტკიცება: ვაქცინები მკვდარი ჩვილებისა და მაიმუნების სისხლზეა დამზადებული

ვერდიქტი: მანიპულირება

აღნიშნული მანიპულაცია სოციალურ ქსელში AstraZeneca-ს ვაქცინის ანოტაციის გამოქვეყნებას მოჰყვა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

სინამდვილეში, AstraZeneca-ს ვაქცინის წარმოების პროცესში ადამიანის ემბრიონის თირკმლის უჯრედების, HEK293 cells, კლონირებული ვერსიები გამოიყენება, რომელიც საბოლოო პროდუქტში აღარ გვხვდება. კონკრეტულად, HEK-293 cells 1970-იან წლებში აბორტირებული ნაყოფის უჯრედული ხაზებია და ორსულობა, სამედიცინო მიზნებისთვის, ხელოვნურად არ შეწყვეტილა. ხოლო უჯრედები, რომლებიც ვაქცინის წარმოებისას გამოიყენება (Genetically modified human embryonic kidney (HEK)) არა ორიგინალი უჯრედული ხაზები, არამედ მისგან ხელოვნურად გამრავლებული, კლონირებული ვერსიებია. ერთი უჯრედული ხაზიდან კლონირებული ვერსიების უსასრულოდ მიღებაა შესაძლებელი. ვექტორული ვაქცინის შექმნის პროცესში აღნიშნული კლონირებული უჯრედები გამოიყენება, რადგან კონკრეტულ უჯრედებში ვაქცინისთვის საჭირო ანტიგენის გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოა. აღსანიშნავია, რომ წარმოების პროცესში პროდუქტი იფილტრება და მის საბოლოო ვერსიაში კლონირებული უჯრედული მასალები აღარ ხვდება.

აღნიშნული უჯრედული ხაზები მედიცინაში და ფარმაკოლოგიურ ინდუსტრიაში ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით, კიბოს კვლევაში. ის მეცნიერებს დაეხმარა, შეექმნათ წითელა-წითურა-ყბაყურას, ჩუტყვავილას, A ჰეპატიტის ვაქცინები და ისეთი წამლები, როგორიცაა, რევმატიული ართრიტის, ჰემოფილიის და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტები.

რაც შეეხება მაიმუნის სისხლს, აღნიშნული ინფორმაციაც მანიპულაციურია. სინამდვილეში, ჩინური ვაქცინების დამზადების ადრეულ ეტაპზე მაიმუნის თირკმლის ქსოვილი გამოიყენება, რომელიც, მსგავსად AstraZeneca-ს ვაქცინისა, საბოლოო პროდუქტში აღარ გვხვდება.

მტკიცება: „გამყრელიძემ ჩინური ვაქცინა რეგისტრაციაში გაატარა - 2 მლნ $ დაგვიჯდაო! ტყუილი! ეს 100 000 დოზა ჩინეთის საელჩომ გვაჩუქა!“

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს გამყრელიძემ მოიტყუა და ჩინეთის საელჩოსგან ნაჩუქარი 100 000 დოზა ვაქცინა შესყიდვაში გაატარა, ყალბია.

სინამდვილეში, ჩინეთს ექსპორტზე 2 ტიპის ვაქცინა - „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ გააქვს. საქართველომ 100 000 დოზა ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ შეიძინა, რომელთაგანაც თითოში 8-20 დოლარი გადაიხადა. რაც შეეხება ჩუქებას, საქართველომ ჩინეთისგან ვაქცინა საჩუქრად ნამდვილად მიიღო, თუმცა არა „სინოფარმი“, არამედ „სინოვაკის“ 100 000 დოზა, რაშიც, ბუნებრივია, თანხა არ გადაუხდია.

მტკიცება: „არსად მსოფლიოში კოვიდგადატანილებს არ ცრიან... კოვიდგადატანილის აცრა სიკვდილის ტოლფასია, ახალციხეში მომხდარმა ტრაგედიამ ეს დაადასტურა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ინფორმაცია, თითქოს COVID-19-ის მქონე ისტორიის პირების აცრა აკრძალულია, ყალბია.

CDC-ის თანახმად, ადამიანს, რომელმაც სიმპტომური ან უსიმპტომო COVID-19 გადაიტანა ან აქვს გახაგრძლივებული პოსტ-კოვიდური სიმპტომი, შეუძლია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. კლინიკური კვლევების მონაცემებმა აჩვენა, რომ ამჟამად ავტორიზებული ვაქცინები COVID-19-ის ისტორიის მქონე პირებისთვის უსაფრთხოა. CDC ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, COVID-19-ზე ტესტირების რეკომენდაციას არ გასცემს. ანალოგიური ინფორმაციას გასცემს „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც“ (ჯანმო). გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამდენ ხანს გრძელდება ბუნებრივი იმუნიტეტი, ჯანმოს თანახმად, COVID-19-ის ისტორიის მქონე პირებს აცრა შეუძლიათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს დამოკიდებულია სახელმწიფოზე, თუ როდის შესთავაზებს კოვიდგადატანილ პაციენტებს აცრას.

რაც შეეხება ახალციხეში მომხდარ ტრაგედიას, ჯერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მიერ დასკვნა არ გამოქვეყნებულა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ქალის გარდაცვალება მისმა COVID-19-ის ისტორიამ და ვაქცინამ გამოიწვია, ფაქტებით მანიპულირებაა.

ხიდირბეგიშვილი სტატიაში არაერთ შეთქმულების თეორიას ავითარებს, რომელთა მიზანიც საზოგადოებაში იმ აზრის ჩამოყალიბებაა, თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ბიზნესმენი ბილ გეითსი და აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) დირექტორი, ენტონი ფაუჩი, ლუგარის ლაბორატორიის საშუალებით ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ.

შეთქმულების თეორიები იმის შესახებ, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ და ექსპერიმენტებს მცენარეებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე ატარებენ აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მტკიცებებს კრემლსა და კრემლთან დაკავშირებულ წყაროებთან მივყავართ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას, 2020 წლის 17 აპრილის განცხადებით, ამერიკელები აპრილში საქართველოში იმყოფებოდნენ და ქვეყნის ხელისუფლებას ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე ფარული კვლევებისა და საქმიანობის გაფართოება შესთავაზეს. როგორც ზახაროვამ აღნიშნა, საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებში, აშშ ბიოტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, ორგვარი დანიშნულების მქონე ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებს ქმნის. 2020 წლის 26 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ლუგარის ცენტრის, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან შესაბამისობის საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული. მათ მაისში მოითხოვეს, ლუგარის ლაბორატორიის ყველა შენობასა და დოკუმენტზე (რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლების გარეშე) წვდომა ჰქონოდათ.

აღნიშნულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას კრემლისტური მედიები აქტიურად აშუქებდნენ, რასაც საქართველოში არსებული პრორუსული მედიებიც პროპაგანდისტულად ავრცელებდნენ. მათ ეჭვი შეჰქონდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელის მოტივებსა და კომპეტენციაში. პრორუსულმა გამოცემა „ნიუსფრონტმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „კორონავირუსი ჩინეთში არ წარმოიშვა! გამარჯობა, ლუგარის ლაბორატორიავ!“. იმავე პერიოდში გამოქვეყნებულ სხვა სტატიაში „ნიუსფრონტი“, ერთი მხრივ, კორონავირუსთან ბრძოლის ჭრილში ლაბორატორიის მნიშვნელობის შესუსტებას ცდილობდა და, მეორე მხრივ, მისი რეალური ფუნქციების შესახებ ეჭვებს გამოთქვამდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული შეტევები დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად სახელდება.

სინამდვილეში, ლაბორატორიის საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. კორონავირუსის პანდემიის დროს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ლუგარის ცენტრის მნიშვნელობა. საქართველოში სწორედ ამ ცენტრის დახმარებით ხდებოდა, განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში, დაავადების დროული გამოვლენა. ვრცლად ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

წყაროს შესახებ:

პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ (Saqinform.ge) დომეინს ფლობს პრორუსული ორგანიზაცია შპს „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საკუთრებაშიცაა „საქართველო და მსოფლიო“. გამოცემის რედაქტორს, არნო ხიდირბეგიშვილს ყალბი ამბები არაერთხელ გაუვრცელებია. ის ღიად პრორუსული პოზიციებითა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის დისკრედიტაციით, ყარსის ხელშეკრულებაზე მცდარი აქცენტებით, ანაკლიის პორტის კრიტიკით, გამოირჩევა. „საქინფორმი“ გრუ-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მოსკოვის ნარატივებს ავრცელებდა. „საქინფორმმა“ პრორუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის, კორონავირუსის საკითხიც აქტიურად გამოიყენა. ასევე რუსული ვაქცინის შესახებ პროპაგანდას ავრცელებდა და მის საქართველოში შემოტანას ვაქცინის სათანადო ტესტირებამდე ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ხიდირბეგიშვილის სტატიები ისეთ ანტიდასავლურ რუსულ ინტერნეტ-პორტალებზე ქვეყნდება, როგორებიცაა: regnum.ru, sputniknews.ru-ს ქართული გამოცემა sputnik-georgia.ru.

გამოცემის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შეგიძლიათ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში გაეცნოთ.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი