გორის მერის პირველმა და მეორე მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი გახარიას გუნდში გადავიდნენ.

მათი თქმით, ბოლო პერიოდში პირადად გორის მერი მათზე სისტემატურ ზეწოლას ახორციელებდა, იმ მიზნით, რომ თანამდებობებზე უარი ეთქვათ და მერიიდან წასულიყვნენ. ახლა უკვე ყოფილი საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ გათავისუფლებაზე განცხადების დაწერის მიზეზი მერის მოთხოვნა გახდა, რომელმაც დავალება მმართველი პარტიისგან მიიღო.

„პირდაპირ გვთხოვდნენ თანამდებობების დატოვებას, თანამდებობა ჩვენი თვითმიზანი არ არის და არც გამოვეკიდებით მას. მმართველ პარტიას მინდა ვუთხრა, რომ ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და აპირებენ მათ გაშვებას. გორელებს და გორს გიორგი გახარიას გუნდთან ერთად დავეხმარებით, ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა გორის ყოფილმა ვიცე-მერმა, ერასტი ელიჯარაშვილმა.

„დაჟინებით მოითხოვენ დავტოვოთ თანამდებობა, რა თქმა უნდა, სკამებს არ გამოვეკიდებით, ვტოვებთ თანამდებობას, უბრალოდ მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ჩვენ არ მივდივართ, ჩვენ მოვდივართ. ჩვენი გათავისუფლების დეტალები კი კითხეთ ბატონ კონსტანტინე თავზარაშვილს“,- განაცხადა მერის კიდევ ერთმა ყოფილმა მოადგილემ, პაატა ივანიშვილმა.

ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი თანამდებობებზე მას შემდეგ დაინიშნენ, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორი, 2018 წლის აგვისტოში, გიორგი ხოჯევანიშილი გახდა. ელიჯარაშვილი გენინსპექციაში, ხოლო პაატა ივანიშვილი - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობდნენ. გორის მერი არ უარყოფს რომ თავის დროზე აღნიშნული პირები მოადგილეებად სწორედ მაშინდელი გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის რეკომენდაციის შედეგად დანიშნა, ახლა კი მათი გათავისუფლება სხვა პოლიტიკური გაერთიანების აგიტაციაში შემჩნევის შედეგად გადაწყვიტა.

„ისინი ბოლო პერიოდში იმის მაგივრად, რომ მათზე დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინათ, კონკრეტული პიროვნების აგიტაციას ეწეოდნენ თანამშრომლებთან. კონკრეტულად, კი მერიაში ცდილობდნენ სხვა თანამშრომლების გადაბირებას გახარიას გუნდისკენ, არადა მუნიციპალიტეტში გვაქვს ბევრი გამოწვევა და ჩვენი მოვალეობაა 24- საათიან რეჟიმში მოვემსახუროთ მოსახლეობას და ვიზრუნოთ მათ საჭიროებებზე. სწორედ ეს გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. გიდასტურებთ, რომ ისინი ხოჯევანიშვილის რეკომენდაციით დავნიშნე თანამდებობებზე, თუმცა დაძალებას ადგილი არ ჰქონია“,-უთხრა „ფაქტ-მეტრს“ კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერის განცხადებას გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნება“ ასევე ყოფილი პრემიერის ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში გადასვლის შემდეგ დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ რეგიონებში მათ მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებზე მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლა ახლა არ დაწყებულა და ამის შესახებ ის გასულ თვეს საპარლამენტო სესიებზეც საუბრობდა. მისი განმარტებით, პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომლებიც „ოცნების“იდეოლოგიას აღარ იზიარებენ, რეგიონებში თანამდებობებს იძულებით ატოვებინებენ. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიების ტენდენცია გრძელდება, რაც მისი აზრით მმართველი გუნდის სასიკეთოდ ვერ დასრულდება.

„რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდა მერის მოადგილეებზე ზეწოლა, ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოთხოვნა თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა, მაგრამ დღეს ამ მეთოდებით ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით. ეს იყო ორკესტრირებული მოწოდება და ზეწოლა ცენტრალური პარტიის მხრიდან, მთავრობის მხრიდან. მერების მხრიდან იყო უშუალოდ ამ ადამიანებზე ზეწოლა“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

გორის შემდეგ თანამდებობები დატოვეს ხაშურის, ფოთის, სენაკის და მარტვილის მერების მოადგილეებმა, ყველა მათგანი ამბობს, რომ ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.

მერიებიდან მოადგილეების გათავისუფლების თემას გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეც. სოზარ სუბარი მათზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს და ისინი საბოტაჟში დაადანაშაულა.

„გადაწყვეტილების მიმღები პირების განმარტებით, ამ ადამიანებს თანამდებობა იმიტომ დაატოვებინეს, რომ საქმის კეთებას შეეშვნენ და გადავიდნენ კონკრეტული პირის აგიტაციაზე. უამრავი საქმეა გასაკეთებელი... გაზაფხულია და რეგიონებში ახლა იწყება მიწათმოქმედების სამუშაოები და იმის ნაცვლად, რომ ამას მიხედონ, გადავიდნენ პარტიულ საქმიანობაზე. მათ უთხრეს, რომ მერის მოადგილეობა პოლიტიკური თანამდებობაა და მაშინ აქედან უნდა წახვიდეთო. ეს ზეწოლად ვერ ჩაითვლება და თუ სხვა ტიპის ზეწოლაზე იყო საუბარი, მაგალითად ბულინგზე... მაშინ მათ შესაბამისი განცხადებით სამართალდამცველებს უნდა მიმართონ და საქმის გამოძიება დაიწყოს ბულინგზე, რაც კანონით ისჯება“, - განაცხადა სუბარმა.

თანამდებობა დატოვა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ლაშა გვასალიაც აცხადებს, რომ ის სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუბერნატორმა მალხაზ თორიამ გააცნო, თუმცა ლაშა გვასალიას თქმით, ის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

გახარიას გუნდის ახალი წევრები თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებაზე უკვე ღიად საუბრობენ. თითოეული მათგანი „ოცნების დამარცხებაში“ დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი მალე უმრავლესობასაც დაკარგავს. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდის მერობის კანდიდატებს, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ამ ინფორმაციას საჯაროს უახლოეს მომავალში გახდიან. ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები არ გამორიცხავენ, რომ მერის კანდიდატურებზე არჩევანი შესაძლოა, სწორედ ამჟამად გათავისუფლებულ მოადგილეებს შორის გააკეთონ.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი