დეზინფორმაცია: 10 მაისის მონაცემებით, მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

სოციალურ ქსელში COVID-19-ით სიკვდილიანობის სტატისტიკა მანიპულაციურად ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 მაისის მონაცემებით, მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით სიკვდილიანობით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

აღნიშნული ინფორმაცია Facebook-ზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც 2021 წლის 11 მაისს „TV პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ თავიანთ ოფიციალურ Facebook-გვერდებზე Our World in Data-ს მონაცემები გამოაქვეყნეს. ტელეკომპანიებმა ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში პოსტი წაშალეს.

სინამდვილეში, Our World in Data-ის სტატისტიკური მონაცემების ფოტო ნამდვილია, თუმცა მისი ინტერპრეტირება, როგორც მსოფლიოში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლის, არასწორია. საქმე ისაა, რომ Our World in Data იძლევა საშუალებას, მომხმარებელმა მისთვის სასურველი ქვეყნების შედარებითი ანალიზი თავად, შესაბამის ველში მათი მონიშვნით, შეძლოს. მაგალითად, თუ 10 მაისს, ქვეყნების ჩამონათვალში მხოლოდ ურუგვაის, პარაგვაის, პერუს, ბრაზილიასა და საქართველოს მივუთითებთ, პირველ ადგილზე არა საქართველო, არამედ ურუგვაი აღმოჩნდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატისტიკაზე კი ჩანს, რომ ქვეყნების ჩამონათვალში შერჩევით, მხოლოდ 14 ქვეყანაა მითითებული - საქართველო, ჩილე, სომხეთი, ირანი, იტალია, თურქეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, აზერბაიჯანი, სამხრეთ აფრიკა, დიდი ბრიტანეთი და სეიშელი. შესაბამისად, პირველ ადგილზე საქართველომ გადაინაცვლა.

რეალურად, Our World in Data-ის ვებგვერდზე, 10 მაისისთვის, მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით სიკვდილიანობის 1-კვირიანი მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში არა პირველ, არამედ მე-13 ადგილზე იყო. პირველ ადგილს კი ურუგვაი იკავებდა:

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 10 მაისს, მილიონ მოსახლეზე COVID-19-ით სიკვდილიანობით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო, მცდარია.

------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი