მირიან ქათამაძე: პროექტის ღირებულება, რომელიც ითვალისწინებს ამ დასახლებებში [დაბა ოჩხამური] წყლისა და წყალარინების სისტემების სრულ რეაბილიტაციას, დაახლოებით 6 მლნ ევროზე მეტია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მირიან ქათამაძის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: ქობულეთის მუნიციპალიტეტმა დაბა ოჩხამურში წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-მოწესრიგების მიზნით, 2013 წლიდან დღემდე, უკვე 2 400 500 ლარზე მეტი გადაიხადა. მიუხედავად ამისა, უკვე წლებია, რაც მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება, ან მხოლოდ გრაფიკით იღებს, რომელიც ხშირად დაცული არ არის.

უწყლობით გატანჯული მოსახლეობის პასუხად ადგილობრივ ხელისუფლებას 2018 წლიდან ერთი პასუხი აქვს: „აჭარის წყლის ალიანსი ახორციელებს პროექტს, რომელიც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის“.

აღნიშნული ორგანიზაცია აჭარის დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების პროექტს მართლაც ახორციელებს, ოღონდ, როგორც მის მიერვე გასაჯაროებულ დოკუმენტებშია მითითებული, სამუშაოები 2021 წელს დაიწყება და 2026 წელს დასრულდება. პროექტზე ჯამში 60 მლნ ევრომდე დაიხარჯება.

წყლისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგების პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურსაც (ოჩხამურის, ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის დასახლებები) მოიცავს. პროექტის მთლიანი ღირებულებიდან, ამ კონკრეტულ ლოკაციაზე 6 მლნ ევროზე მეტია გათვალისწინებული. საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის დეკემბერში გამოცხადდა. ქობულეთში ინვესტიციები 2022 წლიდან 2026 წლის ჩათვლით პერიოდზე ნაწილდება.

მუნიციპალიტეტის მერის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ პროექტის განხორციელება ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს. ამასთანავე, მირიან ქათამაძე არ განმარტავს, უკვე გახარჯული თანხის მიუხედავად, მოსახლეობას წყალი რატომ არ მიეწოდება. მუნიციპალიტეტის მერი სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს ტენდერის გამოცხადება პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს. ამასთანავე, განცხადების კონტექსტი მიმართულია საზოგადოებაში იმ აზრის შესაქმნელად, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უკვე არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელი არაა. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მირიან ქათამაძის განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი: რამდენიმე დღის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ორი ათასამდე ოჯახს სასმელ და სამეურნეო წყალზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვს. ისინი კი, ვისაც გრაფიკით მიეწოდება, ამბობენ, რომ წყალი სასმელად უვარგისია.

მოსახლეობის პროტესტს გამოეხმაურა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, რომელმაც განაცხადა: „პროექტის ღირებულება, რომელიც ითვალისწინებს ამ დასახლებებში [დაბა ოჩხამური] წყლისა და წყალარინების სისტემების სრულ რეაბილიტაციას, დაახლოებით 6 მლნ ევროზე მეტია“.

სს „აჭარის წყლის ალიანსი“ რომელმაც აჭარის ა/რ დაბებსა და სოფლებში წყლისა და წყალარინების სისტემების მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს, 2017 წელს შეიქმნა. 2018 წელს კი ორგანიზაციამ, საკონსულტაციო მომსახურების შეძენის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

2019 წელს „აჭარის წყლის ალიანსმა“ ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია შეარჩია - MACS-ი და Fichtner-ი. აქედან ერთი კომპანია - მუნიციპალიტეტებისთვის საინჟინრო-საპროექტო დოკუმენტაციასა და მის შემდგომში განხორციელებას, ხოლო მეორე კომპანია მუნიციპალიტეტების ტექნიკურ დახმარებასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი.

პროექტის ბიუჯეტი 59,5 მლნ ევროთი განისაზღვრა. ამ თანხიდან 7 მლნ ევრო ქართულმა მხარემ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტის სახით მიიღო, ხოლო 43 მლნ ევრო, საიდანაც 40 მლნ ევრო სესხია, ხოლო 3 მლნ ევრო - გრანტი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) მოგვცა. რაც შეეხება აჭარის ა/რ მთავრობას, ის პროექტში 9,5 მლნ ევროს გადაიხდის.

2020 წლის დეკემბერში კიდევ ერთი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, რომელიც 110 კმ წყალმომარაგების მილსადენების რეკონსტრუქციას, ყველა სახლის დაერთებებისა და წყლის მრიცხველების მონტაჟით, რეზერვუარების, სათავე ნაგებობების, წყლის გამწმენდი ნაგებობების, სატუმბი სადგურების მშენებლობას, 25 კმ წყალარინების ქსელის მოწყობას და სხვა თანმდევ სამუშაოებს გულისხმობს.

პროექტი აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურსაც მოიცავს. დაბაში სამი დასახლებაა: ოჩხამური, ჯიხანჯური და ცეცხლაური. პროექტის მიხედვით, ამ დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული სისტემების მოწყობა 6 მლნ 087 ათასი ევრო დაჯდება.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნულ თემაზე სტატია 2020 წლის სექტემბერშიც გამოაქვეყნა. მაშინ ჩვენ ინფორმაცია სს „აჭარის წყლის ალიანსისგან“ ოფიციალურად გამოვითხოვეთ. ორგანიზაციის მიერ გამოგზავნილი პასუხით (დანართი 1) ირკვევა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტის განხორციელების პერიოდი 2022-2026 წლებია. პროექტში შედის: ოჩხამურის ჭაბურღილები და ჯიხანჯურის მაგისტრალური გადამცემი მილი; გაწმენდა-დამუშავება და სამარაგო რეზერვუარები; წყალმომარაგების ქსელის განახლება და გაუმჯობესება; წყლის მრიცხველების დამონტაჟება; წყალარინების ქსელის განახლება/გაფართოება და სახლების დაერთება; დაბა ოჩხამურის კომუნალური სეპტიკური ავზები; წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია.

ოჩხამურის მოსახლეობა წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემას წლების წინაც აპროტესტებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ დასახლებაში წყლის მიწოდების პრობლემის შესახებ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა - უშედეგოდ.

„ფაქტ-მეტრმა“ დაბა ოჩხამურში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწესრიგების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2013-2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებიც შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, ამ პერიოდში სულ გახარჯულია 2 400 500 ლარზე მეტი. აქედან 2 029 965 ლარი 2014 წელს 10-წლიანი საგარანტიო ვადის მქონე პროექტს მოხმარდა, რომელიც დაბა ოჩხამურში სასმელი და სამეურნეო წყლის შიგა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გულისხმობდა (SPA140001086). შემსყიდველმა პროექტი 2015 წელს ჩაიბარა. საგარანტიო ვადა დასრულებული არაა, მოსახლეობის ნაწილს კი წყალი არ მიეწოდება, ნაწილი მხოლოდ გრაფიკით იღებს და ისიც ხშირად დარღვეულია.

ამ სამუშაოების გარდა, მუნიციპალიტეტმა კიდევ რამდენიმე პროექტი განახორციელა:

2013 წელი - დაბა ოჩხამურში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, (SPA130002614) გადახდილია 17 999 ლარი; იმავე პერიოდში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება (SPA130008928) - გადახდილია 25 903 ლარი.

2014 წელი - დაბა ოჩხამურში წალსადენის წყალმომარაგების საბადოს სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის მიზნით, გადახდილია 3 750 ლარი (SPA140028224).

2015 წელი - დაბა ოჩხამურში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა (SPA150005543), გადახდილია 224 450 ლარი.

2019 წელი - დაბა ოჩხამურში მრავალბინიანი სახლების ეზოებში ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება (NAT190017720), გადახდილია 54 000 ლარი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა რამდენიმე შესყიდვა გამარტივებული წესით განახორციელა. კერძოდ: 2012 წელს დაბა ოჩხამურში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი 127 044 ლარიდან (CMR120229517), 42 670 ლარი დაბაში საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად გამოიყო.

ასევე 2013 წელს მუნიციპალიტეტმა რამდენიმე პროექტის განხორციელების სამუშაოები 134 188 ლარად შეისყიდა (CMR130314114). ჩამონათვალში შეტანილია დაბა ოჩხამურში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაც.

ჩვენ აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებსა და სოფლებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არაერთი კვლევა გამოვაქვეყნეთ. მრავალი წელია, რაც ხელისუფლების პასუხია, რომ არსებულ სიტუაციას „აჭარის წყლის ალიანსის“ პროექტი გამოასწორებს. როგორც აღვნიშნეთ, ამ პროექტის განხორციელებამდე არაერთი მილიონი ლარი გაიხარჯა და პროექტის საბოლოო დასრულებამდეც კიდევ რამდენიმე წელი გავა. გამოდის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებებს ეფექტურად ვერ ახორციელებდა და მოსახლეობის ნაწილმა გაწეული ხარჯის ადეკვატური სიკეთე ვერ მიიღო.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი