ლევან ვასაძე: „ერდოღანმა პირდაპირ თქვა რიზეში უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომ რიზეს და ბათუმის განცალკევება შეუძლებელიაო“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ვასაძის განცხადება არის მანიპულირება

2021 წლის 6 მაისს, ბიზნესმენი და ახლადდაფუძნებული მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი, ლევან ვასაძე „რუსთავი 2“-ზე „ღამის კურიერში“ იყო მიწვეული. ვრცელი ინტერვიუს განმავლობაში, ვასაძემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში, თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკაზე. თურქეთის საქართველოსთან დაკავშირებული ექსპანსიონისტური პოლიტიკის წარმოსაჩენად კი ვასაძემ განაცხადა: „ერდოღანმა პირდაპირ თქვა რიზეში უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომ რიზეს და ბათუმის განცალკევება შეუძლებელიაო“.

მანამდე, ლევან ვასაძე ინტერვიუში ხაზს უსვამს თურქეთის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოში და მას „გიგანტურ სახელმწიფოდ“ მოიხსენიებს. ამასთან ამბობს, რომ მაშინ როდესაც თურქეთი „გიგანტური სახელმწიფოა, რომელთანაც ჩვენ (საქართველო) აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ დავალაგოთ სტრატეგიული, კეთილმეზობლური ურთიერთობები“, იმავე თურქეთის ლიდერის (ერდოღანის) „პანოსმანისტური ხასიათის ციტატების“ უგულებელყოფა და იმის თქმა, რომ „ეს (თურქეთი) რიგითი ქვეყანაა“ არასწორია. შემდგომ კი, თურქეთიდან მომდინარე საფრთხის წარმოსაჩენად და საკუთარი პოზიციის განსამტკიცებლად ამბობს: „ერდოღანმა პირდაპირ თქვა რიზეში უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, რომ რიზეს და ბათუმის განცალკევება შეუძლებელიაო“. შეჯამების სახით კი ამატებს: „უარყოფა იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ჩვენს რეგიონში ნამდვილად ყველაზე გავლენიან ლიდერს არ აქვს ექსპანსიონისტური სტრატეგიები და მისწრაფებები, ეს აბსურდია”.

ფრაზა, რომელზეც ლევან ვასაძე საუბრობს, 2016 წელს პრეზიდენტ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. როგორც თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტიდან ირკვევა, 2016 წლის 15 ოქტომბერს, უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის გახსნით ღონისძიებაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის ისტორიულ კავშირებზე (ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან) ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისტორიული და კულტურული ურთიერთობის გამო, ამ რეგიონის ხალხებს შორის მჭიდრო კავშირებია.

გამოსვლაში რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისაუბრა სირიის ქალაქ მოსულში მიმდინარე ოპერაციაზეც და განმარტა, რომ თურქეთი მუდამ მხარს დაუჭერს ჩაგრულებს: „თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც მუდამ გულში იკრავდა დაზარალებულებსა და დაჩაგრულებს და არც ახლა მიატოვებს თავის მონათესავე ხალხს“. ამავე კონტექსტში პრეზიდენტმა საუბარი გააგრძელა რეგიონში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და განაცხადა: „ჩვენი ფიზიკური საზღვრები განსხვავდება გულის საზღვრისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ფიზიკურ საზღვრებს, თუმცა გულზე საზღვარს ვერ გავავლებთ“. ამ სიტყვებით პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთი მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ იქნება და უპირველესად, აქ სირიაში მიმდინარე მოვლენებს გულისხმობდა.

ამავე გამოსვლაში პრეზიდენტმა ახსენა საქართველო, უკრაინა, ყირიმი, აზერბაიჯანი, ყარაბახი, ბალკანეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იმის აღსანიშნავად, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან თურქეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ისტორიული ურთიერთკავშირების გამო. მან რიტორიკული კითხვა დასვა: „შესაძლებელია ბათუმის რიზესგან გამოყოფა“? „შესაძლებელია ედირნეზე ფიქრი სალონიკისგან განცალკევებით?“. ამ შეკითხვებით ერდოღანმა კულტურულ კავშირებს გაუსვა ხაზი და ახსნა, თუ რატომ არის რეგიონში მდებარე სახელმწიფოებთან ურთიერთობა თურქეთისთვის და თურქი ხალხისთვის პრიორიტეტული.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოხმაურება თბილისშიც მოჰყვა, რაზეც საქართველოში მაშინდელმა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენჩ გუმრუქჩუმაც გააკეთა განცხადება. „პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების. დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა, რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, - განაცხადა თურქეთის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის 2016 წლის 15 ოქტომბრის სიტყვით გამოსვლას, წლების განმავლობაში პრორუსული, ანტიდასავლური და ანტითურქული განწყობების მქონე ჯგუფები პერიოდულად იყენებენ, რაც ქართულ საზოგადოებაში ანტითურქული განწყობებისა და ერებს შორის შუღლის გაღვივებას მიზანმიმართულად ემსახურება.

ამავე თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები:

• გაზეთის „საქართველო და მსოფლიო“ გავრცელებული დეზინფორმაცია: „თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბათუმი თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცეს“ - ბმული 1

• Facebook-გვერდის „თურქეთი ოკუპატია“ გავრცელებული დეზინფორმაცია: „ჯერ კიდევ 2016 წელს, რიზეს უნივერსიტეტში გამოსვლისას, ერდოღანმა ბათუმი ფაქტიურად „თურქულ ტერიტორიად“ გამოაცხადა“ - ბმული 2


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი