ანა ნაცვლიშვილი: კარგად მახსოვს, რომ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა რამდენიმე წელი არ ყოფილა ასეთი მძიმე ამ ანგარიშის შინაარსი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ, ცალკე აღებული, როგორც 2013 და 2014 წლების, ისე 2020 წლის, საკმაოდ მძიმეა.

მიუხედავად ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 9 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში, წესით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ვითარება მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესებულიყო, თუმცა განხილული ანგარიშებიდან ჩანს, რიგი მიმართულებებით ისევ მძიმე, ან კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა. მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინოა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, დაუსჯელობა და დაუსაბუთებელი დაკავებები, ძალადობა ლგბტ პირების მიმართ და ამ ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ანა ნაცვლიშვილის განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, ადამიანის უფლებების შესახებ.

ანგარიშში 2020 წლის მთავარ გამოწვევად მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებაა დასახელებული, რომელმაც, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე, არამედ მათ შესაძლებლობას - უსაფრთხოდ ესარგებლათ უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით.

„ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში შეაფასა, როგორც ერთ-ერთი მძიმე და დეტალური ანგარიში, რომელიც აღწერს არა მხოლოდ ცალკეულ მძიმე ფაქტებს, არამედ კონკრეტულად არადემოკრატიულ ტენდენციებს, რომელებიც ამ ქვეყანაში უფრო და უფრო ღრმავდება.

„კარგად მახსოვს, რომ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა რამდენიმე წელი არ ყოფილა ასეთი მძიმე ამ ანგარიშის შინაარსი. ეს ერთ-ერთი მძიმე და დეტალური ანგარიშია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ფაქტ-მეტრი“ ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და გაეცნო როგორც 2020 წლის, ისე - 2013, 2014 წლის ანგარიშებს, კერძოდ, იმ პერიოდის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო.

2020 წლის ანგარიში

ანგარიშში საქართველოს შესახებ არაერთი პრობლემაა აღწერილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ძირითადი გამოწვევები მოიცავდა „სერიოზულ პრობლემებს სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, დაკავებების, გამოძიებების და სისხლისსამართლებრივი დევნის ჩათვლით, რომლებიც ფართოდაა მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; უკანონო ჩარევას პირად ცხოვრებაში; შეზღუდულ პატივისცემას მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებებისადმი; დანაშაულებს, რომლებიც მოიცავდა ძალადობას და მუქარას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი პირების მიმართ“.

ერთ-ერთ ძირითად პრობლემადაა მიჩნეული დაუსჯელობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად, თუმცა დაუსჯელობა პრობლემად რჩება. ამ მხრივ ნახსენებია ანგარიშვალდებულების ნაკლებობა პოლიციის მიერ ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ შეუსაბამო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით 2019 წლის ივნისის დემონსტრაციებისას და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოუძიებლობა.

ანგარიშში მიმოხილულია არაერთი გახმაურებული საქმე, მათ შორის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცალების საქმეზე განახლებული გამოძიება, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალის წარდგენა და ა.შ.

ანგარიშში პოლიტიკური პატიმრებისა და დაკავებულების თავში აღნიშნულია საქმეები (და ცალკე თავებშიც მიმოხილულია): „თიბისი ბანკის“ 2 დამფუძნებლის წინააღმდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის წინააღმდეგ, „ტვ პირველის“ მფლობელის მამის წინააღმდეგ. ანგარიშში მოხვდა საქმეები იმ პირების მიმართ, რომლებიც 2019 წლის ივნისში რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდნენ, მათ შორის - ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ.

ანგარიშში აღწერილია დაუსაბუთებელი დაკავებების შემთხვევები. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად მოყვანილია „კარტოგრაფების საქმეზე“ ნატალია ილოჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავება. იქვე აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია „კარტოგრაფების საქმეს“ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ, რაზეც ეჭვები მმართველი პარტიის წევრების მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულმა განცხადებებმა გაამყარა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქმის წარმოება მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის გამწვავებას დაემთხვა.

დაუსაბუთებელი დაკავებების ნაწილში ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია, აგრეთვე, 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს დემონსტრანტების დაკავება, რის შესახებაც სახალხო დამცველის ანგარიში მიუთითებდა და აღწერდა რომ დარღვევების შინაარსი და დაკავების ოქმები იყო „ძირითადად იდენტური და ფორმალური“.

პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი და უკანონო ჩარევის ნაწილში აღნიშნულია ხელისუფლების მიერ ოპოზიციის თვალთვალის ფართოდ გავრცელებული ცნობების შესახებ. ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ვიდეოჩანაწერი გავრცელდა იმ პერიოდში, როდესაც ბესელია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებას ადვოკატირებდა.

ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებსაც. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები მაინც რჩება. იქვე ვკითხულობთ, რომ მოსამართლეები მოწყვლადები იყვნენ სასამართლო სისტემის შიგნიდან თუ მის გარედან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლის მიმართ.

ანგარიშში არაერთხელაა ნახსენები სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. კლანი, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი მიუთითებენ. აღნიშნულია, რომ რომ ეს ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გამოთქვამდა შეშფოთებას სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე და მიუთითებდნენ იმ მოსამართლეთა ჯგუფის გავლენაზე, რომლებიც ძირითადად შეადგენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავმჯდომარეობენ სასამართლოებს და ახშობენ კრიტიკულ აზრს სისტემაში.

ანგარიშში საუბარია მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკაზეც. ნახსენებია არასამთავრობო ორგანიზაციების მითითებები მოსამართლეთა შერჩევის არასწორ პროცესებზე სასამართლო სისტემის ყველა დონეზე, სადაც უმეტესობა დანიშნული იქნა უვადოდ და რის გამოც სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენების მიმართ მოწყვლადი გახდა. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსამართლეების ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის მრავალწლიანი პრაქტიკა პრობლემად რჩება, რადგანაც გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაუსაბუთებლად იღებს.

გამოხატვის თავისუფლებისა და პრესისა და მედიის თავისუფლების ნაწილში საუბარია სერიოზულ პრობლემებზე, რომლებზეც ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება მიუთითებდნენ, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიც. საუბარია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ბაჩანა შენგელიასთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე.

ამავე თავში ვკითხულობთ ბრალდებების შესახებ ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით. აღწერილია საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და მთავარი არხის გარშემო განვითარებული მოვლენები.

კორუფციასთან დაკავშირებით ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად დანერგა კანონმდებლობა ქვედა დონის კორუფციის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მიუთითებენ „კონტროლისა და ბალანსის“ სისუსტესა და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე, როგორც მაღალი დონის კორუფციის გამომწვევ ფაქტორებზე.

მთლიანობაში ანგარიშში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია აღწერილი და მაქსიმალურად მოიცავს ყველა იმ გამოწვევას, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი თუ საერთაშორისო საზოგადოება მიუთითებდა.

2013 წლის ანგარიში

2013 წლის ანგარიშის დასაწყისშივე აღნიშნულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც OSCE/ODIHR-ის შეფასებით, იყო ეფექტურად ჩატარებული, გამჭვირვალე და შედგა მეგობრულ და კონსტრუქციულ გარემოში; გამოხატული იყო გამოხატვის, მოძრაობისა და შეკრების ძირითადი თავისუფლებები და კანდიდატებს კამპანიის ჩატარება შეუზღუდავად შეეძლოთ. „მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები ასახავდა ხალხის ნებას, დამკვირვებლებმა გამოხატეს გარკვეული შეშფოთება, მათ შორის ადგილობრივ დონეზე პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსის არათანმიმდევრულ გამოყენებასა და საარჩევნო კამპანიის ფინანსურ დარღვევებზე შეზღუდული კონტროლის შესახებ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებად, მიჩნეულია:

სახელმწიფო მოხელეების გადადგომა და გათავისუფლება ადგილობრივი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, სავარაუდოდ, მათი კავშირის გამო ყოფილ მმართველ პარტიასთან და ამაზე მთავრობის არასაკმარისი რეაგირება.

გაზრდილი საზოგადოებრივი ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) საზოგადოების წევრების მიმართ, რაზეც მთავრობამ ვერ უზრუნველყო, დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება.

ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევა რელიგიური უმცირესობების შეკრებისა და თავისუფლად ღვთისმსახურების უფლებებში და ამაზე მთავრობის არასაკმარისი რეაგირება.

წლის განმავლობაში გამოვლენილ სხვა პრობლემებში შედიოდა პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ განხორციელებული დარღვევები. თუმცა ანგარიშში საუბარია სამართალდამცველების მიმართ, სხვადასხვა დარღვევების გამო, დისციპლინური სასჯელების დაწესების ზრდაზეც.

ანგარიშში ვრცელი ადგილი ეთმობა ციხეებსა და დაკავების იზოლატორებში არსებულ პირობებს. კერძოდ საუბარია, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, საპატიმროებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ნაწილში მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ანგარიშში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე, სამსახურების დაკარგვასა და დაკავებებზე.

ასევე, ანგარიშში საუბარია პროკურორების (დაახლოებით 10%-ის) გათავისუფლებაზე გენერალური პროკურორის მითითებების შეუსრულებლობის გამო.

დოკუმენტში ვკითხულობთ სასამართლო სისტემაში შიდა და გარე გავლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, ანგარიშში საუბარია სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად განხორციელებულ რეფორმებზე.

პოლიტიკური პატიმრების ნაწილში ვკითხულობთ ნაციონალური მოძრაობის და პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან ბრალდებებზე პოლიტიკური პატიმრების არსებობასთან დაკავშირებით. იქვე ვკითხულობთ, რომ ასეთ პატიმრებთან ვიზიტი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის იყო დაშვებული და თავისუფალი.

პირადი ცხოვრებასა და მიმოწერაში ჩარევის ნაწილში საუბარია წინა ხელისუფლების (ნაციონალური მოძრაობის) პერიოდში არალეგალური გზით მოპოვებულ ვიდეო და აუდიოჩანაწერებზე, რომელთა განადგურების სამეთვალყურეოდაც მომდევნო ხელისუფლების პირობებში სპეციალური კომისია შეიქმნა.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია, რომ წლის განმავლობაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიცური პარტია ხელისუფლების მხრიდან უკანონო თვალთვალის შემთხვევებზე მიუთითებდნენ.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მედია გარემო ძირითადად გაუმჯობესდა, არსებობდა ცნობები მთავრობის მხრიდან მედიაზე ზეწოლის შესახებ. მათ შორის, ცნობები საზოგადოებრივ მაუწყებელში განგრძობადი პრობლემების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში ვკითხულობთ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ანგარიშვალდებულების გასაზრდელად. კერძოდ, ვკითხულობთ, რომ მთავრობამ სააკაშვილის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს წაუყენა ბრალი ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა მთავრობის სახსრების მითვისება და ფულის გათეთრება, შანტაჟი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ა.შ.

მშვიდობიანი შეკრების უფლების თვალსაზრისით აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ძირითადად პატივს სცემდა აღნიშნულ უფლებას, თუმცა პოლიცია ზოგ შემთხვევაში ვერ ახერხებდა დემონსტრანტების დაცვას ან აკავებდა მათ.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში იყო ბრალდებები მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ.

2014 წლის ანგარიში

2014 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვან დარღვევებს წარმოადგენდა:

საზოგადოებრივი/პიროვნული ძალადობა, ოჯახში ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ჩათვლით; გაზრდილი საზოგადოებრივი შეუწყნარებლობა უმცირესობების მიმართ, რაც გამოიხატებოდა სიძულვილის ენაში, რელიგიურ მსახურებებში ჩარევასა და დაშინებაში, რაც ხელს უშლიდა შეკრების თავისუფლებას; და მუდმივი დარღვევები სასამართლო სისტემაში, რაც განაპირობებდა დაუსრულებელ გამოძიებებს, ეჭვმიტანილთა წინასწარ დადანაშაულებას, წინასწარი დაკავებების არასათანადოდ გამოყენებას.

ანგარიშის თანახმად, სხვა პრობლემებს წარმოადგენდა: სამართალდამცველების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება; არასათანადო საპატიმრო პირობები; მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური გავლენების შესახებ ბრალდებები; ბრალდებები თვალთვალის შესახებ; ზეწოლა ოპოზიციის წარმომადგენლებზე ადგილობრივი არჩევნებიდან კანდიდატების მოხსნაზე; იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების არასათანადო პირობები; პრობლემები შშმ პირების უფლებებთან და ტრეფიკინგთან დაკავშირებით; პრობლემები დასაქმებულთა უფლებებთან დაკავშირებით; შრომის ინსპექციის ვერშექმნა, როგორც ამას შრომის კოდექსი ითვალისწინებდა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგა ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად, თუმცა ხოლო ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მთავრობის მხრიდან გამოძიებებსა და დევნას ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდნენ.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არსებული პროგრესისა, პოლიციელების მხრიდან და პენიტენციურ დაწესებულებებში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები გაგრძელდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ მთავარი ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობასთან დაკავშირებით.

ანგარიშში კვლავაა საუბარი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მუქარის ინციდენტთან დაკავშირებით, რაზეც ხელისუფლებას ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია და რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მიუთითებდნენ არაადეკვატურ სასამართლო განხილვებსა და დაყოვნებებზე იმ გახმაურებულ საქმეებზე, როლებიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეხებოდა. მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ ნაციონალური მოძრაობის იმდროინდელი წევრისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობაზე. ანგარიშში საუბარია გახმაურებულ საქმეებზე (რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხებოდათ) ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზეც.

სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ გაჩნდა დამოუკიდებლობის ზრდის ნიშნები, თუმცა გარკვეული გამოწვევები მაინც დარჩა. არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო დამოუკიდებლობის მთავარ გამოწვევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ხარვეზიან პროცესსა და ხარვეზიან კანონმდებლობას მიიჩნევდნენ.

ხელისუფლების მხრიდან პირადი ცხოვრებისა და მიმოწერის უფლებაში ჩარევაზე საუბარი, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, მოცემულ ანგარიშშიცაა.

დოკუმენტში მედია, არასამთავრობო ორგანიზაციების შფასებებზე დაყრდნობით, აღწერილია, როგორც აქტიური და მრავალფეროვანი შეხედულებების გამომხატველი. მუნიციპალური არჩევნების განმავლობაში მედია შეფასდა როგორც დაბალანსებული და დაუბრკოლებელი.

მშვიდობიანი შეკრების უფლების თვალსაზრისით, წინა წლის ანგარიშის მსგავსად, კვლავ ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ძირითადად პატივს სცემდა აღნიშნულ უფლებას, თუმცა პოლიცია ზოგ შემთხვევაში ვერ ახერხებდა დემონსტრანტების დაცვას ან აკავებდა მათ.

ანგარიშში კვლავაა საუბარი გარკვეულ ბრალდებებზე მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ნაწილში წინა ხელისუფლების წარმომადგენლების საქმეებია მიმოხილული.

დასკვნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებთან დაკავშირებით, რომლებიც ადამიანის უფლებებს ეხება, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი, ძირითადად, აღწერილობითი ხასიათისაა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სახალხო დამცველის ანგარიშებსა და შეფასებებს ეყრდნობა. შესაბამისად, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მათი სიმძიმეც, ძირითადად, ასეთი ორგანიზაციების თუ ინსტიტუტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და შეფასებაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვადარებთ 2020 წლის და 2013, 2014 წლის ანგარიშების სიმძიმეს, მხედველობაშია მისაღები სხვადასხვა - პოლიტიკური, თუ სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტი, რაც 6-7 წლის წინ არსებობდა. მაგალითად, ის, რომ 2013-2014 წლებში ხელისუფლებაში ახლად მოსულ „ქართული ოცნების“ გუნდს რიგი მიმართულებებით საკმაოდ მძიმე ვითარება დახვდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის 9 წელი გავიდა და, წესით, ამ დროის განმავლობაში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ვითარება მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესებულიყო, როგორც ზემოაღნიშნული ანგარიშებიდან ჩანს, რიგი მიმართულებებით ისევ მძიმე, ან კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. დაუსჯელობა და დაუსაბუთებელი დაკავებები, ძალადობა ლგბტ პირების მიმართ და მასზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება და ა.შ.

ბუნებრივია, რომ დღეს, 2013 წელთან შედარებით, ზოგი მიმართულებით ვითარება გარკვეულწილად გაუმჯობესებულია, მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობები, დაკავებულების მიერ საკუთარი უფლებებით სარგებლობა ა.შ. მიუხედავად ამისა, 2020 წლის ანგარიშში რომელიმე მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესზე საუბარი არ არის.

შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ ცალკე აღებული, როგორც 2013 და 2014, ისე 2020 წლის ანგარიშები საკმაოდ მძიმეა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ, წესით, 9 წლის განმავლობაში ქვეყანას, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა განეცადა, რიგი მიმართულებებით ვითარება კვლავ მძიმეა, ან უფრო უარესი, ანა ნაცვლიშვილის განცხადება შეიძლება შეფასდეს მეტწილად სიმართლედ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი