ქლიქბეითის ყალბი ამბავი: სააღდგომო დღეებში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აიკრძალება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ქლიქბეით საიტებმა - sport365.ge და myposts.ru - სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელეს, სათაურით: „თარიღი ცნობილია! – ცნობილი გახდა, როდის დაიწყება აღდგომამდე ჩაკეტვები საქართველოში და აიკრძალება მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება“.

ვებგვერდზე გადასვლისას ვიგებთ, რომ ექსკლუზიური ინფორმაციის მიხედვით, 30 აპრილს ჩაკეტვები გამოცხადდება. სააღდგომო დღეებში მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება ასევე აიკრძალება. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, sport365.ge და myposts.ru ქლიქბეით ვებგვერდებია, რომელთა მიზანი ყვითელი სათაურებით მომხმარებელთა მიზიდვა და საიტზე გადასვლაა. მათ მიერ შერჩეული სათაური მკითხველს აფიქრებინებს, რომ სააღდგომო დღეებამდე ჩაკეტვები იწყება და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაც იზღუდება. რეალურად, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები შემდეგნაირად განისაზღვრა:

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა ჩერდება,

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება. სასაფლაოებთან მისასვლელი გზები ჩაიკეტება,

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით მოიხსნება - 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.

შესაბამისად, ქლიქბეით საიტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააღდგომო დღეებამდე ჩაკეტვები იწყება და მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაც იზღუდება, ყალბია.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი