დეზინფორმაცია: კომპანია „ქოლგეითი“ პირბადის ტარებისგან გამოწვეულ დაავადებაზე საუბრობს

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 21 აპრილს, Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომპანია „ქოლგეითმა“ პირბადის ტარებისგან გამოწვეულ პირის ღრუს და კბილების დაავადებას, „ნიღბიან პირს“, ვრცელი სტატია მიუძღვნა. პოსტში საუბარია „ნიღბიანი პირის“ აღწერასა და მის სიმპტომებზე. Facebook-პოსტში გავრცელებული ინფორმაცია კონტექსტის გარეშეა მოცემული და მანიპულირებას წარმოადგენს.

რეალურად, „ქოლგეითის“ (Colgate) ვებგვერდზე განთავსებულ ვრცელ სტატიაში „ნიღბიან პირზე“ (Mask Mouth) ნამდვილად არის საუბარი. კერძოდ, ახსნილია, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარებამ არასასურველი გვერდითი მოვლენები (unwanted side effect) შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის მაგალითად „ნიღბიანი პირი“. შემდგომ სტატიაში დეტალურად არის აღწერილი თუ რას ნიშნავს „ნიღბიანი პირი“, რა იწვევს მას, რა არის მისი სიმპტომები და როგორ არის მასთან გამკლავება შესაძლებელი.

წყარო: colgate.com

აღსანიშნავია, რომ „ქოლგეითის“ სტატია პანდემიის დროს პირბადის მნიშვნელობაზე საუბრით იწყება. კონკრეტულად, ნათქვამია, რომ პირბადე ინფექციური დაავადებების, მათ შორის - Covid-19-ის, გავრცელებას ხელს უშლის, იცავს როგორც პირბადის მომხმარებლებს, ასევე მათ ვისთანაც ამ ადამიანებს კონტაქტი აქვთ. სტატია მხოლოდ ამის შემდგომ ახსენებს იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც შეიძლება პირბადის ხანგრძლივმა მოხმარებამ გამოიწვიოს, თუმცა აღნიშნავს, რომ პირბადის ტარებისგან თავის შეკავება არ არის ამ პრობლემის გამოსავალი. ამის დასტურად კი ისევ და ისევ, პანდემიის დროს პირბადის გადამწყვეტ როლს იშველიებს - „აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას უწევს პირბადის ტარებას საზოგადოებრივ გარემოში. კვლევების თანახმად, პირბადეებს ვირუსის გავრცელების შენელებაში გადამწყვეტი როლი უკავიათ“.

ამის შემდგომ კი სტატიაში იმ მიზეზებზე საუბარი იწყება, თუ რა იწვევს „ნიღბიან პირს“ (mask mouth)- 1. დარღვეული სუნთქვის წესები (სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა პირის ღრუს, გულმკერდისა და კისრის გამოყენებით დიაფრაგმის ნაცვლად, რაც თავის მხრივ ნერწყვის რაოდენობას ამცირებს), 2. გაუწყლოვანება (დეჰიდრატაცია- ნიღბის ტარება ასევე იწვევს ჩვეულებრივზე ნაკლები წყლის დალევას. დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე, კბილების გაფუჭების რისკი და არასასიამოვნო სუნის მომატება). 3. ჰაერის გადამუშავება (პირბადის ტარებისას უფრო მეტი ნახშიროჟანგი ჩერდება პირის ღრუში, თუმცა არა ჯანმრთელობისთვის საზიანო რაოდენობით. ამან შეიძლება ორალური მიკრობიომის მჟავიანობა გაზარდოს, რის შედეგადაც პირის ღრუს ინფექციები ან ანთებითი დაავადებები გამოიწვიოს, მაგალითად ღრძილების დაავადება). რაც შეეხება „ნიღბიანი პირის“ სიმპტომებს, მათ შორის ჩამოთვლილია პირის სიმშრალე, ცუდი სუნთქვა (ჰალიტოზი), ღრძილებიდან სისხლდენა. ბოლოს კი მითითებულია ის ღონისძიებები, რომლითაც „ნიღბიანი პირის“(mask mouth) თავიდან აცილებაა შესაძლებელი. სტატიაში გარკვევით წერია, რომ თუ ადამიანს ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები აღენიშნება, მან მაინც უნდა გააგრძელოს პირბადის ტარება, რადგან პირბადე ვირუსის გავრცელებას ანელებს და საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს ინფიცირებისგან იცავს. სამაგიეროდ, შემოთავაზებულია სხვადასხვა პრევენციული ზომა, რომლითაც ადამიანს ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან გამკლავება შეეძლება. ესენია: ყურადღების გაამახვილება პირის ღრუს მოვლის რუტინაზე, პირის ღრუს სხვადასხვა საშუალებით გასუფთავება უშუალოდ ჯაგრისით გახეხვამდე (სავლები, უშაქრო საღეჭი რეზინი), კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღეზე დაკვირვება, წყლის მიღება, სუფთა პირბადის გამოყენება, ჯანდაცვის სპეციალისტთან (სტომატოლოგი) კონტაქტი.

სტატიის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ „ნიღბიანი პირი“ (mask mouth) შესაძლოა ადამიანისთვის უხერხულობის მიზეზი გახდეს, თუმცა მასთან გამკლავება სხვადასხვა საშუალებით მარტივადაა შესაძლებელი. ამასთან, „ქოლგეითის“ სტატია შემდეგი მოწოდებით მთავრდება - „პირის ღრუს მოვლაზე დამატებითი ყურადღების მიქცევა ნამდვილად ღირს მეგობრებისა და ახლობლების Covid-19-ისგან დაცვის ფასად. გაიკეთეთ ნიღბები და ყურადღება მიაქციეთ პირის ღრუს ჰიგიენას!“.

შესაბამისად, რეალურად, „ქოლგეითის სტატია“ მკითხველისთვის იმის თქმას, რომ პირბადის ტარება ცუდია, სულაც არ ემსახურება. სტატიაში უბრალოდ ახსნილია ის გვერდითი მოვლენები და უხერხულობა, რაც შეიძლება პირბადის ხანგრძლივად ტარებას თან ახლდეს და ამ პრობლემებთან გამკლავების შესაბამისი რჩევებიც არის მოცემული. უფრო მეტიც, სტატიაში პირდაპირ წერია, რომ მიუხედავად პირბადის ტარებისგან შექმნილი უხეხულობა-უსიამოვნებისა, ადამიანებმა არ უნდა შეწყვიტონ პირბადის ტარება, რადგან ის ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, უბრალოდ მათ პირის ღრუს ჰიგიენას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე პირბადეების მავნებლობასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, ამ თემებთან დაკავშირებით კი „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა. შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულებზე ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5).

ამრიგად, Facebook-ზე განთავსებული პოსტი ინფორმაციის არასრული კონტექსტით მიწოდებით, მკითხველის განზრაზ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კერძოდ, პოსტი ცდილობს, მომხმარებელს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს პირბადის ტარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი