ევროკავშირის წევრი ქვეყნები სამგზავრო კოვიდპასპორტების შემოღებაზე ოფიციალურად შეთანხმდნენ. შეთანხმება მიზნად ტურიზმის ხელახალ გახსნას ისახავს. აღნიშნულ ინფორმაციას, დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, Reuters ავრცელებს. ამ წინადადებას ასევე ევროპარლამენტიც უნდა დაეთანხმოს. აღნიშნული საკითხის საბოლოო დეტალების განხილვა მაისში იგეგმება.

კოვიდპასპორტი მოგზაურებს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის ქვეყნებში მარტივად იმოგზაურონ. წევრ სახელმწიფოთა შეთანხმებაში მოცემულია დებულებები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - ვინც აცრილი არ არის ან არ სურს ვაქცინაცია, ტესტირების საშუალება ეძლევა.

კოვიდპასპორტი [ორივე დოზით] ვაქცინირებულ პირებზე, COVID-19 გადატანილ პირებზე ან COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებზე გაიცემა.

კოვიდპასპორტს თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად გასცემს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან, ევროპის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ვაქცინები აღიარონ. კონკრეტულ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ, სერთიფიკატები იმ ვაქცინების შემთხვევაშიც გასცენ, რომლებიც მხოლოდ მათ ტერიტორიაზეა ნებადართული. ევროკავშირის სხვა ქვეყნები თავად გადაწყვეტენ მიიღონ, თუ - არა სერტიფიკატი ვაქცინის შესახებ, რომელიც ევროპის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული არ არის.

ამ ეტაპზე, ევროპის მარეგულირებლის (EMA) მიერ ავტორიზებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო შემდეგი ვაქცინები: Pfizer/ BioNTech [Comirnaty]; Moderna; Oxford/AstraZeneca [Vaxzevria]; Johnson & Johnson. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ვაქცინებით აცრილ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში გამარტივებულად მოგზაურობა შეუძლიათ.

ევროპის მარეგულირებლის მიერ აღიარებული ვაქცინების ჩამონათვალი შესაძლოა გაფართოვდეს, EMA-ს ავტორიზაციას ელოდება შემდეგი ვაქცინები: CureVac; Novavax; Sputnik V.

იმ ვაქცინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ევროპის მარეგულირებლის მიერ აღიარებული, ცალკეული ქვეყნების მიერ, კოვიდპასპორტები ასევე გაიცემა. თუმცა მათი აღიარება თითოეული ქვეყნის დისკრეციული უფლებამოსილებაა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი კოვიდვაქცინა არის Sinopharm (BBIBP-CorV), რომელიც აღიარებულია 35 ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის - ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნგრეთიცაა.

გარდა მოგზაურობისა, კოვიდპასპორტები მათ მფლობელებს სხვა უპირატესობებსაც ანიჭებს. ევროპის მასშტაბით დანია არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც კოვიდპასპორტები ამოქმედდება. კოვიდპასპორტები ხელმისაწვდომი იმ პირებისათვის იქნება, ვინც ვაქცინირებულია ან კორონავირუსი 2-12 კვირის წინ დაუდასტურდა, ან გასული 72 საათის განმავლობაში აღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ მიღებული.

კოვიდპასპორტი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, სილამაზის სალონებს, ავტოსკოლებს ესტუმრონ, მოგვიანებით კი - მისი მფლობელები მუზეუმებში, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლასაც შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ მთავრობა ეკონომიკის სრულ გახსნას 21 მაისიდან გეგმავს, როდესაც მათი ვარაუდით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია დასრულებული იქნება.

კოვიდპასპორტის მობილური აპლიკაციაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც მუშაობს.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი