სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ანტიგენის განმსაზღვრელი 100 000 ერთეული სწრაფი-მარტივი ტესტის შეძენას, გამარტივებული წესით, 2 122 800 ლარად გეგმავდა.

ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძეს 20 აპრილს წერილით მიმართა. მასში ნათქვამია, რომ ანტიგენის განმსაზღვრელი 1.0 მლნ ტესტის მიწოდებამდე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეისყიდა, ქვეყანაში ტესტების დეფიციტი იქმნება.

„გართულებული ეპიდსიტუაციის პირობებში, ტესტირებების რაოდენობის მკვეთრად ზრდის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შესყიდული ანტიგენის განმსაზღვრელი 1.0 მლნ ტესტის მოწოდებამდე (რომელიც ბოლო ინფორმაციით დაგეგმილია მიმდინარე თვის ბოლოს), ქვეყანაში იქმნება ტესტების გარკვეული დეფიციტი, შესაბამისად, შესყიდული ტესტების ახალი პარტიის მიღება/დისტრიბუციამდე აუცილებელია ადგილზე არსებული მარაგების შევსება, რათა თავიდან ავიცილოთ წყვეტა ტესტების მომარაგებაში და შესაბამისად გართულებული ეპიდსიტუაციის პირობებში ტესტირებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობის შემცირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, გთხოვთ თქვენს თანხმობას, რათა შესაბამისი შესყიდვები განვახორციელოთ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის № 322 დადგენილებით დამტკიცებული ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ’’ 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილების შესაბამისად“, - აღნიშნულია წერილში.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის № 322 დადგენილებით დამტკიცებული ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ’’ 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ახალი კორონავირუსის (COVID-19) აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-ების, აგრეთვე ამ დადგენილების მე-18 მუხლით (სამედიცინო დახმარების მიმართულება) გათვალისწინებული შესაბამისი შემსყიდველი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე დადგენილი სსიპ-ების მიმართ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შეთანხმების მინიმალური ვადები არ ვრცელდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ნათქვამია, რომ ცენტრის საწყობში, 20 აპრილისთვის არსებული მდგომარეობით, 25 ათასი ტესტია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მარაგი 140 ათასს შეადგენს. აღნიშნული რაოდენობა საკმარისი იქნება მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ დაიგეგმა შესყიდვა წინასწარ, ცენტრი პასუხობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა, მარტის მონაცემებთან შედარებით, გაორმაგებულია და 18 286 შემთხვევას შეადგენს. დადებითობის მაჩვენებელი 1.5% იყო, ორკვირიან პერიოდზე კი 3.1%-ს მიაღწია. ოთხი კვირის განმავლობაში ტესტირება 734 400 პირს ჩაუტარდა, რაც წინა ოთხ კვირაში არსებულ მონაცემს 145 000-ით აღემატება.

საუბარია სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული COVID-19-ის ანტიგენის სწრაფ ტესტებზე.

ცხრილი 1. ტესტების რაოდენობა და ღირებულება (ლარი)

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

როგორც ვხედავთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაზე მეტი რაოდენობით დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოებული სწრაფი ტესტის შეძენასა და მასში 1 596 000 ლარის გადახდას აპირებდა.

უწყება მიუთითებს, რომ ელექტრონული ტენდერის განხორციელების პროცედურები კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებს მოითხოვს, რაც ქმნის საშიშროებას, რომ ტესტებით მომარაგებაში წყვეტა მოხდება და ეს არსებულ ეპიდსიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. ამასთანავე, შემსყიდველი განმარტავს, რომ ტესტების მიწოდება მეორე დღესვე იქნება შესაძლებელი, რადგან მათი შესყიდვა ფარმაცევტულ სექტორში ადგილზე არსებული მარაგების ფარგლებში იგეგმება. ე. ი., უწყება ტესტებს გამარტივებული წესით იმ მიმწოდებლისგან შეიძენდა, რომლებმაც ფარმაცევტული პროდუქტი უკვე შემოიტანა. სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში ტესტების უფრო ძვირად შეძენა მოუწევდა, ვიდრე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში გადაიხდიდა.

21 აპრილს „ფაქტ-მეტრმა“ გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალების დაზუსტება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პიარის დახმარებით სცადა. ის დაგვპირდა, რომ ერთ საათში გაარკვევდა და გვიპასუხებდა. როდესაც შეთანხმებულ დროს დავუკავშირდით, გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო და გვირჩია, სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით გვესარგებლა. სანამ ტელეფონს გათიშავდა, რამდენჯერმე ვთხოვეთ განემარტა, რას გულისხმობდა ფრაზა: „შესყიდვა ფარმაცევტულ სექტორში ადგილზე არსებული მარაგების ფარგლებში იგეგმება“. თუმცა მან პასუხად იგივე გაგვიმეორა და კავშირი გაწყვიტა.

22 აპრილს კი ამირან გამყრელიძემ ლევან რაზმაძეს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნა და სწრაფი ტესტების გამარტივებული წესით შესყიდვის შესახებ განაცხადის გამოხმობაზე თანხმობა სთხოვა. იმავე დღეს გავრცელდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებაც, რომ 1,5 მლნ სწრაფი ტესტი, რომელიც საქართველომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში შეიძინა, ქვეყანაში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. მისივე თქმით, მანამდე ქვეყანაში საკმარისი მარაგია. ეს იყო პასუხი ვახტანგ კალოიანის განცხადებაზე, რომელმაც მედიასთან ტესტების დეფიციტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძე ლევან რაზმაძისადმი გაგზავნილ წერილში, სწრაფი ტესტების გამარტივებული წესით შეძენის აუცილებლობას სწორედ იმით ასაბუთებს, რომ მარაგი იწურება და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეძენილი 1 მლნ ტესტის შემოტანამდე, ქვეყანაში ტესტირების პროცესი შეფერხდება.

იმას, რომ ტესტების დეფიციტია, სამედიცინო დაწესებულებებშიც ვეღარ მალავენ. მაგალითად, რამდენიმე მოქალაქემ დაგვიდასტურა, რომ ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში ტესტირებაზე უარი უთხრეს, სწრაფი ტესტების არქონის გამო. ჩვენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით. უწყების წარმომადგენელმა მოგვწერა, რომ სწრაფი ტესტები აქვთ, თუმცა ტესტირება მხოლოდ სიმპტომიანებს უტარდებათ და მარაგის შევსებას თვის ბოლოს ელოდებიან.

აღნიშნული შესყიდვა და ტესტების ირგვლივ არსებული გარემოება გარკვეულ კითხვებს აჩენს. სწორედ ამიტომ ვცადეთ, საკითხში მეტი სიცხადე შეგვეტანა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან კომენტარი მიგვეღო. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, უწყების პიარმა საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე არც თვითონ გვიპასუხა და არც შესაბამის თანამშრომელთან დაგვაკავშირა.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი