სოციალურ ქსელში გარდაცვალების სტატისტიკა მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

Facebook-ის მომხმარებელმა ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში საქართველოში წლების განმავლობაში გარდაცვალების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რითიც ამტკიცებს, რომ პანდემია არ არსებობს და შეზღუდვები ხელოვნურია.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია იყო, გასულ წელს კი - სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით [3,878 ერთეულით] გაიზარდა. გასულ წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა, 2017-2018 წლების მაჩვენებელს, ასევე მკვეთრად აღემატება.

პოსტის ავტორი საქსტატის სტატისტიკით მანიპულირებს. მას გასული წლების სტატისტიკა მოჰყავს, სავარაუდოდ, იმის საჩვენებლად, რომ 2020 წელს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი COVID-19-ის პანდემიასთან არ არის კავშირში და მსგავსი მაღალი მაჩვენებელი, მანამდეც დაფიქსირებულა (მაგ. 2016 წელს). 2016 წელს გარდაცვალების მაჩვენებელი მართლაც გაიზარდა, თუმცა წინა წლებშიც [2014-2015] მცირედით იზრდებოდა. 2016 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 3.3%-ით [1,650 ერთეულით] გაიზარდა. 2020 წლის ზრდის მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად, ასევე რაოდენობრივად, გაცილებით მაღალი იყო.

გრაფიკი 1: გარდაცვლილთა რიცხოვნობა და გარდაცვალების კოეფიციენტი (2014-2020 წლები)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წელს გარდაცვლილთა ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, ნათლად ჩანს, რომ გარდაცვალების მკვეთრი ზრდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკურ პერიოდთან თანხვედრაშია. 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარდაცვლილთა რიცხოვნობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 4 717-ით აღემატება. ოქტომბერ-დეკემბერში COVID-19-ით გარდაცვალების 2 466 შემთხვევა აღირიცხა. ამ პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალება შეიძლება კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგისტრირებული მონაცემები.

გრაფიკი 2: გარდაცვლილთა რიცხოვნობა თვეების მიხედვით (2019-2020 წლებში)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი